გადაწყვეტილება საქმეზე - მითების დეტექტორის ლაბორატორია მაია იასეშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : მითების დეტექტორის ლაბორატორია;
მოპასუხე : მაია იასეშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

16 სექტემბერი 2020 წელი

საქმე N - 386

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ნინა ხელაძე. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მითების დეტექტორის ლაბორატორიამ. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ, გაზეთ ,,ალიას” 2020 წლის 18-24 მაისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: “ჩემი წამლები მათთვისაა, ვინც კოვიდ-19-ით დაინფიცირებულია და მათთვისაც, ვისაც პრევენცია სურს…” , რომელშიც დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი მაია იასეშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებულია საბჭოს ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლის წარმომადგენლებმა, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სტატიაში ფიტომედიცინით დაინტერესებული პირი, ავთანდილ კურდღელაძე აცხადებდა, რომ მის მიერ შექმნილი პრეპარატები “კორვირანტი” და “ანტიკორი”, სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების დროს გამოიყენება და COVID-19 ვირუსსაც წარმატებით ებრძვის. მისი თქმით, ეს პრეპარატები ასევე წარმატებით მოახდენს ვირუსით ინფიცირების პრევენციას.

ინტერვიუ გამოქვეყნდა, როდესაც COVID-19 ვირუსით გამოწვეული პანდემია არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსათვის ახალი გამოწვევა იყო. ამის პარალელურად, არა მხოლოდ ვირუსის სამკურნალო საშუალება, არამედ ვაქცინაც კი არ იყოს საყოველთაოდ აღიარებული და დამტკიცებული.

ზემოაღნიშნული წინაპირობების გათვალისწინებით, ჟურნალისტმა მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ არსებობდა პირი, ავთანდილ კურდღელაძე, რომელმაც შექმნა ვირუსის სამკურნალო და მეტიც, პრევენციის პრეპარატები. ჟურნალისტი არსად ახსენებს, რომ აღნიშნული პრეპარატები არ არის შემოწმებული, არ არის აღიარებული და არავინ ადასტურებს მათ იმ სამკურნალო თვისებებს, რომელთა შესახებაც რესპონდენტი საუბრობს.

შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მოქალაქეებმა ეს პრეპარატები ისე მიიღონ, რომ მათთვის პრეპარატის გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია უცნობი დარჩეს. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ ლიცენზირებული წამლის რეკლამირებისას აუცილებლად მითითებული უნდა იყოს: „გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს“. აღნიშნული ვალდებულებითაც ცალსახაა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რომ სამკურნალო პრეპარატის მიღება მოხდეს ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით. ამის საპირისპიროდ, ჟურნალისტი ყოველგვარი გადამოწმების, კრიტიკული კითხვის ან/და მკითხველის გაფრთხილების გარეშე „ტრიბუნას“ უთმობს პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი წამლები განკუთვნილია მათთვის, „ვინც კოვიდ-19-ითაა ინფიცირებული და მათთვისაც, ვისაც პრევენცია სურს…”. სტატიაში ასევე არ ჩანს, ლიცენზირებულია თუ არა პრეპარატი. რესპონდენტი ამტკიცებს, რომ წამლებს გვერდითი მოვლენები/უკუჩვენებები არა აქვს, ჟურნალისტი კი არ ინტერესდება, ვინ დაადასტურა ეს, რა შემოწმება ან კვლევა გაიარა პრეპარატმა. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო გადამოწმებული ინფორმაცია, მკითხველს მიაწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია პრეპარატზე, რომლის თვითნებური მიღებაც შესაძლებელია საზიანო იყოს ჯანმრთელობისათვის.

ქარტიის მესამე პრინციპი “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში მე-3 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ცალსახაა, რომ ჟურნალისტს ჰყავდა წყარო - ავთანდილ კურდღელაძე. რაც შეეხება იმას, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა, არ დასვა კრიტიკული კითხვები და მკითხველს გადამოწმებული ინფორმაცია არ მიაწოდა, ამით დაირღვა პირველი და არა მე-3 პრინციპი.


სამოტივაციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მაია იასეშვილმა დარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. მაია იასეშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!