გადაწყვეტილება საქმეზე - ბაკურ კიღურაძე ნათია ქოქოსაძის, მაია მამულაშვილის, ლიკა ჯანყარაშვილის, ნასტასია არაბულის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ბაკურ კიღურაძე;
მოპასუხე : ნათია ქოქოსაძე, მაია მამულაშვილი, ლიკა ჯანყარაშვილი, ნასტასია არაბული;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

03 ოქტომბერი 2020 წელი

საქმე N - 387, 388, 389 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი. 


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბაკურ კიღურაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 პრინციპები დაირღვა შემდეგ ჟურნალისტურ პროდუქტებში:


  1. ტელეკომპანია "მთავარი არხი", 2020 წლის 29 მაისი, სიუჟეტი: „ჯაშუშობისთვის გასამართლებული და ტენდერებში გამარჯვებული შემომწირველები - "ოცნებამ" ორი მილიონი იშოვა“, მოპასუხე ჟურნალისტი ნათია ქოქოსაძე.
  2. ტელეკომპანია "TV პირველი", 2020 წლის 29 მაისი, სიუჟეტი: „რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის პირველი განმარტება“, მოპასუხე ჟურნალისტი: მაია მამულაშვილი, ლიკა ჯანყარაშვილი.
  3. „რადიო თავისუფლება“, 2020 წლის 29 მაისი, სადავო მასალა „2 მილიონზე მეტი მმართველ პარტიას, პანდემიის დროს, ეკონომიკური კრიზისის მოლოდინში“, მოპასუხე ჟურნალისტი: ნასტასია არაბული

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებელმა და მისმა წარმომადგენლებმა, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტებიდან - ნასტია არაბულის სახელით, ნინო ჯაფიაშვილმა. საქმის განხილვისას განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა მე-3, მე-7 [გარდა „რადიო თავისუფლების“ ნაწილში], მე-9, მე-10 და მე-11 პრინციპებთან დაკავშირებით, შესაბამისად საბჭომ იმსჯელა ქარტიის პირველ და მე-5 პრინციპებთან დაკავშირებით, დამატებით მე-7 პრინციპზე „რადიო თავისუფლებასთან“ მიმართებაში.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტები ეხებოდა იმ პირებს, ვინც პარტია „ქართულ ოცნებას“ თანხები შეწირეს.

რადიო “თავისუფლების” მიერ მომზადებულ სტატიაში [იგულისხმება სტატიის თავდაპირველი ვერსია, რომელიც შემდგომ შესწორდა და რაზეც დამატებით იმსჯელებს საბჭო] მითითებული იყო რომ:„[ბაკურ კიღურაძემ] 5 მაისს 50 000 ლარი შესწირა მმართველ პარტიას ბაკურ კიღურაძემ, შპს უტას ხელმძღვანელმა, რომელიც 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. სასამართლოს 2011 წლის განაჩენის მიხედვით, კიღურაძე „ინტერნეტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა არხების მეშვეობით საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის დაზვერვას გადასცემდა“. კიღურაძე მის დაკავებას ბიზნესსაქმიანობას, კერძოდ, შპს „ნიბა-ინვესტს“ უკავშირებდა. 2012 წელს მან ციხიდან წერილიც გამოაგზავნა, სადაც ვლადიმერ ბედუკაძეს „ღირსეულ პიროვნებას“, „ვაჟკაცს“ და „გმირს“ უწოდებდა. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული კიღურაძე 2016 წელს შეჩერებული პროექტების გაგრძელებაზე საუბრობდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი მომდევნო წლებშიც“.

ბაკურ კიღურაძის ნასამართლეობის შესახებ ასევე აღნიშნული და ხაზგასმული იყო „მთავარი არხის“ და “TV პირველის“ მასალებში.

მთავარი არხი: „მმართველი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემომწირველი ბაკურ კიღურაძეა, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 50 000 ლარი შესწირა. კიღურაძე 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, ის რუსეთის ფედერაციას სხვადასხვა გზით საიდუმლო მასალებს აწვდიდა, თუმცა "ქართული ოცნების" სათავეში მოსვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა".

TV პირველი: სიუჟეტის სათაურია „რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის პირველი განმარტება“, ხოლო სიუჟეტი მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას რომ „რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის პირველი განმარტება, რატომ შესწირა ქართულ ოცნებას ბაკურ კიღურაძემ ორმოცდაათი ათასი ლარი. დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული პირი ამბობს, რომ მისი ციხიდან გამოშვება ოცნების დამსახურებაა, ის პარტიის მხარდამჭერია და რომ ჰქონოდა, უფრო მეტსაც შესწირავდა.“ აღსანიშნავია, რომ TV პირველის სიუჟეტში ასევე არის ინტერვიუ/კომენტარი ბაკურ კიღურაძესთან, სადაც ის ადასტურებს თავის პოლიტიკურ სიმპათიებს „ქართული ოცნების“ მიმართ, მაგრამ არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა მასთან გადაამოწმა ინფორმაცია მისი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებასთან დაკავშირებით.

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე დადასტურებულია, რომ სამივე მედიასაშუალებამ უტყუარი ფაქტის სახით მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაკურ კიღურაძე, რომელმაც “ქართულ ოცნებას” თანხა შესწირა, გასამართლებული იყო რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით. განმცხადებლის პრეტენზიაც სწორად ამ გარემოებას შეეხებოდა, კერძოდ ის მიუთითებდა, რომ 2018 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2011 წლის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მას ბრალი დაუმტკიცდა ჯაშუშობაში, ანუ ხელახალი გამოძიების და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ 2018 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ ბაკურ კიღურაძეს ჯაშუშობაში ბრალი უსაფუძვლოდ ედებოდა და სინამდვილეში მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, არასწორი იყო მისი მოხსენიება ჯაშუშობაში ბრალდებულად.

განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, კერძოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განაჩენი, რომლითაც ბაკურ კიღურაძე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გაუქმდა 2011 წლის განაჩენი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამივე მედიასაშუალების მიერ ჟურნალისტური პროდუქტების მომზადების მომენტისათვის ბაკურ კიღურაძის ბრალდება გაბათილებული იყო და არ შეიძლებოდა, ბაკურ კიღურაძე მოხსენიებული ყოფილიყო როგორც ჯაშუშობისათვის ბრალდებული, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ საბჭოსათვის დადასტურებულად ცნობილია, რომ განმცხადებელი სამივე მედიასაშუალებას დაუკავშირდა და აცნობა, რომ მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მოსთხოვა გასწორება. „TV პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ განმცხადებლის მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა და ინფორმაცია არ გაასწორა, რითაც მათ დაარღვიეს ქარტიის მე-5 პრინციპი. რაც შეეხება რადიო “თავისუფლებას”, მათ სადავო სტატიის დასაწყისში დაამატეს ფრაზა „სტატია განახლებულია 3 ივნისს. მასალას დაემატა ინფორმაცია ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძის გამამართლებელი განაჩენის შესახებ“, ხოლო თავად სტატიის ტექსტში მიუთითეს რომ „2018 წელს პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლომ 2011 წელს გამოტანილი განაჩენი გააუქმა და მის მიმართ [იგულისხმება ბაკურ კიღურაძე] ახალი, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა“. საბჭომ მედიასაშუალების აღნიშნული ქმედებები მიიჩნია ადეკვატურ შესწორებად, ვინაიდან მკითხველმა მიიღო ინფორმაცია, რომ ბაკურ კიღურაძის მიმართ 2011 წელს გამოტანილი განაჩენი გაუქმდა და, შესაბამისად, მე-5 პრინციპი რადიო “თავისუფლების” ნაწილში არ დარღვეულა.

ქარტიის მე-7 პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ რადიო “თავისუფლების” სტატიაში იგი პოლიტიკური ნიშნით გამოარჩიეს (როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი), რითაც მოხდა მისი დისკრიმინაცია. ამიტომ იგი ქარტიის მე-7 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა. ქარტიის საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას. თავად სტატია ძირითადად ეხებოდა პარტია “ქართული ოცნების” სასარგებლო შემოწირულობებს და ლოგიკურია, რომ შემომწირველებს აქვთ პოლიტიკური სიმპათიები “ქართული ოცნების” მიმართ. ბაკურ კიღურაძესთან ერთად სტატიაში მითითებული იყო სხვა პირებიც, რომლებმაც ასევე შეწირეს თანხები “ქართულ ოცნებას”, მიმოხილულია ამ პირების შესაძლო კავშირები “ქართულ ოცნებასთან” და ა.შ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ კონკრეტულად და მხოლოდ ბაკურ კიღურაძის გამორჩევა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.

დამატებით განმარტებები:

  1. “TV პირველის” სიუჟეტში მითითებული იყო, რომ ჟურნალისტი დაეყრდნო რადიო “თავისუფლების” მიერ მომზადებულ სტატიას. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს “TV პირველის” ეთიკურ ვალდებულებებს. მედიასაშუალება არ თავისუფლდება სარედაქციო პასუხისმგებლობისგან, თუკი ის დაეყრდნობა სხვა მედიასაშუალებას, როგორც წყაროს და არ გადაამოწმებს ამ წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. “TV პირველი” ვალდებულია იყო, გადაემოწმებინა ის ინფორმაცია, რომლის წყაროც სხვა მედია [რადიო თავისუფლება] იყო, მით უფრო, როცა თავად წყარო არ შეიცავდა მეორე მხარის პოზიციას/განმარტებას. 
  2. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ რადიო “თავისუფლებამ” სათანადოდ შეასწორა სტატია. ქარტიის პრაქტიკაში იყო საქმეები, როდესაც იმ საფუძვლით, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტი შესწორდა, ამით გამოირიცხა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაც. განსახილველ შემთხვევაში იგივე მიდგომას საბჭო ვერ გამოიყენებს, ვინაიდან: (1) ეს არ იყო მხოლოდ ტექნიკური შეცდომა, როგორც მაგალითად საქმეში „GFF მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ“, არამედ არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტი იყო გადმოცემული არასწორად. (2) სადავო სტატია არ იყო ე.წ. “news”, ახალი ამბავი, როცა ჟურნალისტი დროის მოკლე მონაკვეთში, ოპერატიულად მოიპოვებს და ავრცელებს ინფორმაციას. ცალსახაა, რომ სტატია სიღრმისეულია, მასზე დროის გარკვეულ პერიოდში მუშაობდა ჟურნალისტი, იკვლევდა ინფორმაციებს და ამოწმებდა ფაქტებს, შესაბამისად, მას ჰქონდა დრო და რესურსები, რომ გადაემოწმებინა ინფორმაცია, შეესწავლა, კვლავ აქტიური იყო თუ არა ბაკურ კიღურაძის ბრალდებულის სტატუსი. საბჭოს შეფასებით, ეს ეთიკური გადაცდომა გამოიწვია ჟურნალისტის არასათანადო ძალისხმევამ და ამ შემთხვევაში შესწორება არ იქნა მიჩნეული როგორც ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის გამომრიცხავი გარემოება. (3) არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ნეგატიური შედეგი მყისიერად დადგა და სხვადასხვა მედიასაშუალებამ პირველწყაროზე [რადიო “თავისუფლება”] დაყრდნობით ასევე არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნათია ქოქოსაძემ, მაია მამულაშვილმა, ლიკა ჯანყარაშვილმა და ნასტასია არაბულმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი. 
  2. ნათია ქოქოსაძემ, მაია მამულაშვილმა და ლიკა ჯანყარაშვილმა დაარღვიეს ქარტიის მეხუთე პრინციპი.
  3. ნასტასია არაბულს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-7 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!