გადაწყვეტილება საქმეზე - ბესიკ კალაძე ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

განმცხადებელი : ბესიკ კალაძე;
მოპასუხე : ინგა გრიგოლია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

24 ოქტომბერი 2020 წელი

საქმე N - 429

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, ნათია ზოიძე, მაია მერკვილაძე, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბესიკ კალაძემ, რომელიც აღნიშნავდა, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს, “TV პირველის” ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ჰყავდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია და ამ გადაცემაში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-10 პრინციპები.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს შეპასუხება არ წარმოუდგენია და არც განხილვაში მიუღია მონაწილეობა. განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-10 პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

როგორც აღინიშნა, სადავო გადაცემაში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას სტუმრად ჰყავდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია. იგი საუბრობდა წინასაარჩევნო პერიოდზე და იმაზე, თუ, მისი თქმით, როგორ უშლიდა ხელს მმართველი პარტია ოპოზიციას.

ნიკა მელიამ გადაცემაში ისაუბრა განმცხადებელ ბესიკ კალაძეზეც და აღნიშნა, რომ ის [ბესიკ კალაძე] თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ზემოქმედებს გლდანში მცხოვრებ ამომრჩევლებზე. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ „ინგა გრიგოლია ძალიან აქტიურად უსვამს მელიას კითხვებს, ჩემი პიროვნებისა და ჩემი საქმიანობის შესახებ“ ხოლო სხდომის დროს დამატებით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჟურნალისტმა ყოველგვარი რეპლიკის და შენიშვნის გარეშე მისცა უფლება რესპონდენტს, გაევრცელებინა არასწორი ფაქტები.

წინამდებარე გადაწყვეტილებით ქარტიის საბჭო, რა თქმა უნდა, ვერ დაადგენს, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს ნიკა მელიას მიერ ბესიკ კალაძეზე გავრცელებული ინფორმაცია, არამედ აფასებს ჟურნალისტის ქცევას ეთიკური თვალსაზრისით.

საქმეში „ირაკლი მამალაძე ნაზი ქობულაძისა და თამილა ზოიძის წინააღმდეგ (2018 წელი)“ საბჭომ აღნიშნა, რომ: „როცა გადაცემა მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, ყოველთვის არსებობს რისკი და ალბათობა, რომ რომელიმე რესპონდენტმა გააჟღეროს ისეთი ინფორმაცია, რომლის გადამოწმება/მეორე მხარის პოზიციის მოპოვება დროის რეალურ რეჟიმში ვერ მოხერხდება... ამ დროს განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ჟურნალისტის ეთიკური ვალდებულება, რომ გაემიჯნოს ერთი მხარის პოზიციას და მაყურებლისათვის აღქმადი გახადოს, რომ ეს არის გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ შეუძლებელია იმ მომენტში მეორე მხარის კომენტარის მოპოვება და ეს არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფაქტი. “ აღნიშნული ეთიკური ვალდებულება უგულებელყო წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ: როცა ნიკა მელია საუბრობდა ბესიკ კალაძეზე, წამყვანს უფრო მეტი მტკიცებულებების წარმოდგენა უნდა მოეთხოვა რესპონდენტისათვის და ასევე ცალსახად უნდა განემარტა მაყურებლისთვის, რომ ნიკა მელიას ინფორმაცია არ იყო დადასტურებული, იყო მხოლოდ მისი პოზიცია და არ უნდა ყოფილიყო აღქმული როგორც ფაქტი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ინგა გრიგოლიამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ საბჭოსათვის დადასტურებულია, რომ მოპასუხე ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ.

იგივე საქმეში [„ირაკლი მამალაძე ნაზი ქობულაძისა და თამილა ზოიძის წინააღმდეგ (2018 წელი)“] საბჭომ მიუთითა, რომ როცა გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტი ვალდებულია გადაცემის დასრულების შემდეგაც ყველა ღონე იხმაროს, რომ მიიღოს ბრალდებების ადრესატის ინტერვიუ/პოზიცია და გაავრცელოს ის, რასაც განსახილველ საქმეში ადგილი არ ჰქონია და, შესაბამისად, დადგინდა ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა. ქარტიის


მე-7 პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მე-7 პრინციპთან დაკავშირებით უთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა მის პოლიტიკური ნიშნით გამორჩევას. საბჭო აღნიშნავს, რომ ბესიკ კალაძის შესახებ, პოლიტიკური ოპონენტის მხრიდან პოლიტიკური ნიშნით საუბარი ბუნებრივი და ლოგიკურია. რაც შეეხება ჟურნალისტის დამოკიდებულებას, საბჭო არ ეთანხმება განმცხადებელს როცა მიუთითებს, რომ ინგა გრიგოლიამ რესპონდენტს ბესიკ კალაძეზე საუბრის საშუალება იმიტომ მისცა, რომ ეს უკანასკნელი “ქართული ოცნების” მხარდამჭერად მოიაზრებოდა. სადავო გადაცემაში არ იყო სხვა შემთხვევა, რომლიც დაადასტურებდა ჟურნალისტის მიერ პოლიტიკური ნიშნით გამორჩევას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ინგა გრიგოლიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. ინგა გრიგოლიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!