12 ნოემბერი 2020 წელი
საქმე N - 427, 427 - 1
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „სფერო ჰოლდინგმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 06 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“, გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პრინციპები. განმცხადებელი პრინციპებს ასევე დარღვეულად მიიჩნევდა სადავო სიუჟეტის ანონსში, რომელიც ეთერში 2020 წლის 05 სექტემბერს გადაიცა. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - ბელა ზაქაიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. საქმის განხილვაში მონაწილეობdnen როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა კომპანიებს, რომელთაც უკმაყოფილო მომხმარებლები ჰყავთ. ამ კომპანიებს შორის მოხსენიებულია შპს „სფერო ჰოლდინგი“, კერძოდ:
- ანონსში ისმის ფრაზა „კომპანიები, რომლებიც მომხმარებლის თანხებს ითვისებენ“ და ამ ფრაზის ფონზე ჩანს კომპანია „სფერო ჰოლდინგის“ ლოგო და საფირმო სახელწოდება.
- თავად სიუჟეტში „სფერო ჰოლდინგის“ წინააღმდეგ პრეტენზიებს ორი მომხმარებელი გამოთქვამდა: (2.1). ერთ-ერთი მომხმარებლის ადვოკატის განცხადებით, მან „სფერო ჰოლდინგს“ 2019 წლის 19 ივლისს მიჰყიდა მანქანა, რომლის საფასური - 4 000 აშშ დოლარი „სფერო ჰოლდინგს“ ოთხი თვის ვადაში უნდა გადაეხადა, თუმცა ამ დრომდე გამყიდველისათვის კომპანიას თანხა გარ გადაუხდია. ვადაგადაცილების შემდეგ გამყიდველი და მყიდველი გადახდის ახალ გრაფიკზე შეთანხმდნენ, თუმცა, ადვოკატის განცხადებით, „სფერო ჰოლდინგი“ თანხას არც ახალი გრაფიკით იხდიდა. (2.2). „სფერო ჰოლდინგის“ მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდა სხვა ფიზიკური პირიც [ვარლამ ქარჩხაძე], უკვე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. რესპონდენტის განცხადებით, მას კერძო სახლი იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. შემდგომ სახლი ვალდებულებასთან ერთად „სფერო ჰოლდინგის“ დირექტორის მეგობრის სახელზე გადააფორმა, სანაცვლოდ კი ბაგებში საცხოვრებელ ფართს შეჰპირდნენ, მაგრამ შეთავაზებული ახალი ფართი „იმაზე პრობლემური აღმოჩნდა, ვიდრე მისი საკუთრება“. შეთავაზებული საცხოვრებელი ასევე ბანკის იპოთეკით იყო დატვირთული. ამის შემდეგ მას სურდა გადაფორმებული სახლი უკან დაებრუნებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ახალმა მესაკუთრემ კიდევ უფრო დიდი სესხის უზრუნველსაყოფად ხელახლა დატვირთა ქონება იპოთეკით.
სადავო სიუჟეტში ნახსენები იყო რომ „სფერო ჰოლდინგის“ დირექტორი, გივი წულეისკირი ჟურნალისტს სატელევიზიო ან სატელეფონო კომენტარზე არ დასთანხმდა. სიუჟეტიდან ასევე ჩანს, რომ გივი წულეისკირმა ჟურნალისტს შესთავაზა კომპანიის პოზიციის ნაცვლად ჩაეწერა ადვოკატი, რომელიც წარსულში უძრავი ქონების ნაწილში პრეტენზიების მქონე პირის უფლებებს იცავდა, თუმცა ჟურნალისტმა სიუჟეტში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეს ადამიანი „სფერო ჰოლდინგის“ ოფიციალური წარმომადგენელი არ იყო და ამით ახსნა ის ფაქტი, რომ მისი კომენტარი სიუჟეტში არ იყო.
განმცხადებელი მიუთითებდა რომ:
„გადაცემის გასვლამდე ჟურნალისტ ბელა ზაქაიძესა და ჩემს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრიდან გავარკვიე, რომ გადაცემაში გასაშუქებელი ფაქტები იყო ერთმნიშვნელოვნად არასწორი, დამახინჯებული, ნაჩვენები მიკერძოებული პოზიციიდან, ამ ფაქტების ერთობლიობაში ადგილი ჰქონდა ფაქტობრივ და სამართლებრივ სიყალბესა და აბსურდს“; „აუდიტორიისათვის არასწორად არის მიწოდებული შპს „სფერო ჰოლდინგის“ საქმიანობის პროფილი - შპს „სფერო ჰოლდინგი“ ყიდულობს და ყიდის მოძრავ [ავტომანქანები] და უძრავ ქონებას ანუ ვაჭრობს მისით და არა ვინმეს „ეხმარება“ ყიდვა-გაყიდვაში შუამავლობის გზით. ეს ინფორმაცია პირადად მივაწოდე ჟურნალისტებს და მათ ეს იცოდნენ ჩემგან - იურიდიული პირის პირველი პირისგან. ამისდა მიუხედავად ეთერში შეცვლილი შინაარსი გავიდა. დეზინფორმაციის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ფაქტების გაყალბება და არარსებული ფაქტების დასახელება, აგრეთვე - რეალურად არსებული ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია და გადმოცემა მათი დამახინჯებისა თუ დროში გადანაცვლების გზით.“
განცხადებაში ასევე დეტალურად იყო მოცემული კომპანიის პოზიცია რესპონდენტების ბრალდებებზე, სადაც განმცხადებელი მაგალითად ვარლამ ქარჩხაძესთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ: „საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქარჩხაძე ვეღარ ახერხებდა სესხის მომსახურებას და დაინტერესებული პირი აყენებდა მისი გამოსახლებისა და აღნიშნული უძრავი ქონების თავის საკუთრებაში გადატანის ან გასხვისების საკითხს. საჭირო იყო ახალი სესხის გაცემა, სესხის აღების მოსამზადებელ ეტაპზე გაირკვა, რომ კომერციული ბანკი არც ბ-ნ ქარჩხაძეზე და არც მის მეუღლეზე სესხს, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არ გასცემდა - ორივე იყო ე. წ. შავ სიაში. მოვძებნეთ შემდეგი გამოსავალი: მისი უძრავი ქონება გადავაფორმეთ ჩემს მეგობარზე და სესხიც გაიცა ჩემი მეგობრის სახელზე და დღემდე მის სახელზეა, რამდენადაც ბ-ნი ქარჩხაძის დახმარების ინიციატორი მე ვიყავი და არა ჩემი მეგობარი, მე, როგორც მორალურად პასუხისმგებელი, დღემდე ყოველთვიურად, გრაფიკის შესაბამისად ვიხდი სესხის სარგებელს და ძირითად თანხას. ამ ფაქტებზე რამდენჯერმე იქნა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რა დროსაც პოლიციის მიერ ვერ იქნა ამ ფიზიკური პირის მიერ გადმოცემულ ვერსიაში აღმოჩენილი დანაშაულის ნიშნები და საქმე შეწყდა ისე, რომ არც დაწყებულა“.
განმცხადებელმა დამატებით წარმოადგინა აუდიო ჩანაწერი მასსა და ჟურნალისტს შორის, საიდანაც საბჭო იგებს რომ:
- საუბარი შედგა ანონსის გასვლის შემდეგ, ვიდრე უშუალოდ სიუჟეტი გავიდოდა ეთერში.
- ჟურნალისტს და "სფერო ჰოლდინგის" დირექტორს, გივი წულეისკირს შორის მანამდე უკვე რამდენჯერმე შემდგარია კომუნიკაცია, როდესაც წულეისკირმა ჟურნალისტს მიაწოდა საკუთარი პოზიცია რესპონდენტების ბრალდებებთან დაკავშირებით.
- წულეისკირი ჟურნალისტს ეუბნება, რომ უძრავი ქონების ეპიზოდში, კომპანიის კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლა პირმა, რომელიც ახლა თავს დაზარებულად მიიჩნევს.
- თავდაპირველად გივი წულეისკირს კომენტარისთვის ჟურნალისტი დაუკავშირდა პარასკევს და უთხრა, რომ კვირას უკვე სიუჟეტს ეთერში უშვებდნენ, რაზეც წულეისკირმა უპასუხა, რომ არ იყო ქალაქში და ვერ ჩაეწერებოდა.
- ჟურნალისტმა წულეისკირს სატელეფონო კომენტარის ჩაწერა შესთავაზა, რაზეც მან უარი განაცხადა და ჟურნალისტს უთხრა, რომ კომპანიის სახელით სხვა პირი ჩაეწერებოდა და ის გააკეთებდა კომენტარს, რაზეც ჟურნალისტმა უპასუხა, რომ მისი იურისტის პოზიციით ეს მითითებული პირი „არაუფლებამოსილი იყო“ ესაუბრა "სფერო ჰოლდინგის" სახელით [როგორც ჩანს მხარეების წინა სატელეფონო საუბრების დროს უკვე განხილული ჰქონდათ გივი წულეისკირის მიერ მითითებული პირის ჩაწერის საკითხი]. წულეისკირმა გაიმეორა, რომ ის ქალაქში არ იმყოფებოდა და მისი სახელით კომენტარს გააკეთებს პირი, რომელსაც ჟურნალისტი ისევ „არაუფლებამოსილად“ მიიჩნევს. „მე მინდა ჩაწეროთ ეს ადამიანი“, აცხადებდა "სფერო ჰოლდინგის" დირექტორი.
საბჭო არ აფასებს, ვისი პოზიციაა სამართლებრივად სწორი - რესპონდენტების თუ კომპანიის, არამედ იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ცალსახაა, რომ კომპანია „სფერო ჰოლდინგის“ წინააღმდეგ როგორც ანონსში, ისე გადაცემაში მძიმე ბრალდებები გაისმა და მოხსენიებულია როგორც კომპანია, რომელიც მომხმარებლის თანხებს ითვისებს. მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ კომპანია დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის. ამ შემთხვევაში კრიტიკულად აუცილებელი იყო, რომ ბრალდებების ადრესატს, „სფერო ჰოლდინგს“ კომენტარის გაკეთების და პოზიციის გამოხატვის საშუალება მისცემოდა.
საბჭო ვერ გაიზიარებს ჟურნალისტის განმარტებას, რომ „სფერო ჰოლდინგის“ მიერ შეთავაზებული რესპონდენტი „არაუფლებამოსილი“ პირი იყო. ჟურნალისტური საქმიანობა, მით უფრო რესპონდენტებისგან პასუხების მიღება არ არის სასამართლო, საარბიტრაჟო, ადმინისტრაციული ან სხვა პროცესის მსგავსი ქმედება, რომელიც მკაცრად და სამართლებრივად რეგულირდება, სადაც უფლებამოსილება მინდობილობით ან საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება. ჟურნალისტისათვის ცალსახა იყო, რომ რესპონდენტმა, “სფერო ჰოლდინგის“ დირექტორმა, გივი წულეისკირმა გამოხატა ნება, მიუთითა პირზე, რომელიც გამოხატავდა კომპანიის პოზიციას და შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო, მიეღო კომენტარი მითითებული პირისგან. ჟურნალისტმა არ ჩაწერა შეთავაზებული რესპონდენტი იმ არგუმენტით რომ იგი „უფლებამოსილი არ იყო“, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი მძიმე ბრალდებებს შეიცავდა კომპანიის მიმართ. ამით მან პატივი არ სცა საზოგადოებას უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და იგი ვერ შეფასდება, როგორც ეთიკური ჟურნალისტიკისათვის შესაფერისი ქმედება.
თუ ჟურნალისტისთვის მიუღებელი იყო სხვა პირის ჩაწერა, გარდა გივი წულეისკირისა, მაშინ შეეძლო დალოდება მის დაბრუნებას თბილისში და მისგან აეღო ინტერვიუ. საქმეში „მარიამ გელაშვილი სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ (2018 წელი)“ საბჭომ აღნიშნა, რომ „თავად გაშუქებული საკითხი არ იყო სასწრაფოდ გასავრცელებელი, როცა მისი დროული გაშუქება საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო, დალოდებოდა მერიის (მეორე მხარის) პოზიციას“. განსახილველ სიუჟეტში აღწერილი ისტორია არ იყო „ცხელი“ ამბავი და აქტუალობას არ დაკარგვადა, ერთი კვირის შემდეგაც რომ გასულიყო. სამაგიეროდ, უზრუნველყოფილი იქნებოდა ინფორმაციის დაბალანსებული გაშუქება. საბჭოს მიაჩნია, რომ მისაწოდებელი ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე გადასწონის ამბის გაშუქების ოპერატიულობის საჭიროებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ბელა ზაქაიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
მე-11 პრინციპი “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება” ქარტიის საბჭო არ მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა განზრახ ქმედებებს. ჟურნალისტს სურს და ცდილობს, რომ დაუკავშირდეს მეორე მხარეს. რაც შეეხება იმას, რომ ჟურნალისტმა არასწორად განსაზღვრა რესპონდენტის „უფლებამოსილების“ საკითხი და სიუჟეტის ოპერატიულად გაშვება ამჯობინა მეორე მხარისათვის დალოდებას, ეს არ არის საკმარისი საფუძველი განზრახვის დასადასტურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ბელა ზაქაიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- ბელა ზაქაიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.