გადაწყვეტილება საქმეზე - ფემინა ALIA.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ორგანიზაცია ფემინა;
მოპასუხე : alia.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;


06 ნოემბერი 2020 წელი

საქმე  N   -  411    

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე



აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით ორგანიზაცია ფემინამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ალია.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით “სანამ დედა საყვარელთან ერთად სასტუმროში იყო, 3 წლის ბავშვი მანქანაში გაიგუდა?” – საზარელი ტრაგედია რუსთავში“ დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი.
 
საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საბჭოს წევრების პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“.   განცხადება საბჭომ განიხილა აღნიშნული გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია,  რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

მოპასუხე მედიასაშუალებაში  გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სტატიის თანახმად, რუსთავში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა “ალიას” მიაწოდეს ინფორმაცია, რომ  “მარნეულის ერთ-ერთი სოფლიდან ქალმა, რომელიც რუსთავში საყვარელს უნდა შეხვედროდა, ქმარს უთხრა, რომ დედა ჰყავდა ცუდად რუსთავში და უნდა წასულიყო მისახედად. ქმარს რომ ეჭვი არ აეღო, თან წაიყვანა შვილები, 3 და 8 წლის ბავშვები“  „ქალი შეხვდა საყვარელს, ბავშვები ჩასვეს საყვარლის მანქანაში (ჯიპი) და სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის წინ დატოვეს, სიცხეში, დაკეტილ ფანჯრებში და თავად ავიდნენ სასტუმროში…“ „დაახლოებით 3-4 საათის შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა დაინახა, როგორ ურტყამდა მანქანის მინას ხელს ბავშვი, გამოიძახა საპატრულო სამსახური, ჩაამსხვრიეს მანქანის ფანჯარა… 3 წლის ბავშვი უკვე გაგუდული იყო და მხოლოდ უფროსის, 8 წლის ბავშვის გადარჩენა მოახერხეს“ .

თავად სტატიაში ჩანს, რომ ამ ინფორმაციას/ფაქტს არ ადასტურებს არც შინაგან საქმეთა სამინისტრო, არც რუსთავში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის „გალფის“ მენეჯერი, არც “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე სასტუმროების - “რუსთავისა” და “რიოს“ პერსონალი, ინფორმაციას არ ფლობს მარნეულის მერიის ადმინისტრაციაც.

სტატიიდან ჩანს, რომ  ჟურნალისტი შეეცადა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაემოწმებინა რელევანტურ პირებთან, მაგრამ არცერთმა მათგანმა არ დაუდასტურა ჟურნალისტს ეს ფაქტი. აღსანიშნავია, რომ წყაროთა უმეტესობამ ფაქტი კატეგორიულად უარყო. ჟურნალისტმა  ვერ შეძლო, ეპოვა თუნდაც ერთი წყარო, რომელიც დაუდასტურებდა მიღებული ინფორმაციის უტყუარობას.  მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა მაინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს დედის უყურადღებობის გამო შვილი დაიღუპა. ამ შემთხვევაში ჟურნალისტის მცდელობა, რომ ინფორმაცია „გადაემოწმებინა“ არ მიანიშნებს მის სურვილზე, რომ აუდიტორიას მიეღო ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია. ყოველივე იმის შემდეგ, როცა ინფორმაცია არ დასტურდება და ჟურნალისტი მაინც ავრცელებს მსგავს სკანდალურ/ტრაგიკულ და დიდი ალბათობით არასწორ ფაქტს, საბჭო მიიჩნევს, რომ საერთოდ აზრი ეკარგება და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს ჟურნალისტის მცდელობა, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა. ზოგადად ინფორმაციის გადამოწმების მთავარი მიზანი ის არის, რომ აუდიტორიამ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭოს პოზიციით განსახილველ შემთხვევაში ეს მიზანი უგულებელყო ჟურნალისტმა.


ქარტიის მე-7 პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. საბჭომ ქარტიის პირველი პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ ჟურნალისტმა ვერ დაადგინა არა თუ ამბის ნამდვილობა, არამედ ნამდვილობის ალბათობაც კი და მაინც გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტისთვის მთავარი იყო არა ამბის უტყუარობა, არამედ ის რეაქციები/კომენტარები, რაც სადავო სტატიამ გამოიწვია მკითხველ აუდიტორიაში [კომენტარებში მკითხველები მოითხოვენ ქალის სახალხო ჩაქოლვას, ფეხებით დაკიდებას და დაწვას, რომ ქალმა ეს ვიღაც კაცისთვის გააკეთა, უნდა დახვრიტონ და ა.შ.]. შესაბამისად, ჟურნალისტის მიზანი იყო არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი ემოციური დამუხტვა და აგრესიის/ნეგატივის მიმართვა ქალის მიმართ, რომელიც შესაძლოა, საერთოდ არ არსებობს. შესაბამისად, არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდებით ჟურნალისტმა მოახდინა საზოგადოების პროვოცირება და ისეთი დისკრიმინაციული რიტორიკის წახალისება, რაც ახლდა თავად ვებ-გვერდზე და სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე მკითხველთა გამოხმაურებას. ძირითადად, ეს გამოხმაურება იყო სექსისტური და ემსახურებოდა არა კონკრეტულად ამ ჰიპოთეტური ნიუსის პერსონაჟის, არამედ ზოგადად ქალების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას, რომ მათ ახასიათებთ ღალატი, რომ ღალატისთვის მიდიან ყველაფერზე, რომ იყენებენ ბავშვებს, როგორც შირმას, რომ წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის წირავენ შვილებს. მით უფრო მაშინ, როცა გავრცელებული ინფორმაცია არ არის დაზუსტებული, იგი მხოლოდ ასეთი სტერეოტიპული ხედვების გაძლიერებას უწყობს ხელს.  განსახილველ ამბავში ასევე დისკრიმინაციულ კონტექსტს ატარებს იმის მინიშნება, რომ ქალი არის მარნეულიდან, სადაც ძირითადად ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეები ცხოვრობენ. ამ გარემოებაზე ხაზგასმა არაპირდაპირ ხელს უწყობს ეთნიკური დისკრიმინაციის წახალისებასაც.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.   alia.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!