გადაწყვეტილება საქმეზე - ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გიორგი გაბუნიას და ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
მოპასუხე : გიორგი გაბუნია და ლაშა ნაკაიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი;

28 ნოემბერი 2020 წელი 
 
საქმე N - 417 
 
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
 
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია ზოიძე, მაია მერკვილაძე
 
 
აღწერილობითი ნაწილი

 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ააიპ სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2020 წლის 9 აგვისტოს გასულ სიუჟეტში  „სიღარიბის გამო დედა-შვილი დააშორეს - ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ“  დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-7, მე-8 და მე-11 პრინციპი. 
 
საქმის განხილვის თავისებურებები 
 
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
 
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტებს შეპასუხება არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაში მიუღიათ მონაწილეობა.

 
სამოტივაციო ნაწილი 


ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.  სიუჟეტი ეხებოდა ბიოლოგიური მშობლის ოჯახისგან ბავშვის განცალკევებას და სხვა ოჯახისათვის მინდობით აღზრდაში გადაცემას. 
 
სიუჟეტში ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ დედა-შვილი სიღარიბის გამო  დააშორეს და  ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ. 
 
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ თანახმად [26.5], „ბავშვი მშობლისგან არ უნდა განცალკევდეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები“. ნორმატული აქტიც „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ არ ითვალისწინებს ოჯახის ფინანსურ/მატერიალური მდგომარეობის საფუძველზე ბავშვის განცალკევებას მშობლისაგან.
 
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს:  ა) რომლის მშობელი (მშობლები) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა; ბ) რომელიც არის ობოლი;  გ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა;  დ) რომლის მშობელს (მშობლებს) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება; ე) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ განცალკევებულ ბავშვს არ შეიძლებოდა მინიჭებოდა გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი.
 
ჟურნალისტმა, მხოლოდ დედის პოზიციის საფუძველზე, მტკიცებით ფორმაში აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედა-შვილი სიღარიბის გამო  დააშორეს და ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ. ამით მან გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
 
ჟურნალისტი, ასევე ბავშვის ბიოლოგიურ მშობელზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ საქართველოში არსებობს სქემა, რომლის მიხედვით სოციალური მუშაკი გამიზნულად, თანხის სანაცვლოდ, იღებს ბავშვის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას, გადაყავს მინდობით აღმზრდელ ოჯახში და მერე სამუდამოდ გააშვილებენ. ბავშვის დედის გარდა, სიუჟეტში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც დაადასტურებდა ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებულ და აღწერილ „სქემას“. როდესაც ჟურნალისტი სოციალურ სამსახურს და მის თანამშრომლებს მსგავს მძიმე ბრალდებას [ბავშვებით ვაჭრობას] უყენებს, მას ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება, რომ სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და უფრო მყარი არგუმენტები შეთავაზოს აუდიტორიას. მოქმედი კანონმდებლობა ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, რომ ასეთი სქემა სოციალური სამსახურის დონეზე გადაწყდეს. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რაიონული (საქალაქო) სასამართლო“. განსახილველ შემთხვევაში ის წინაპირობაც კი არ იყო, რომელიც განცალკევებულ ბავშვს „გასაშვილებელი ბავშვის“ სტატუსს მიანიჭებდა. კიდევ უფრო გაუგებარია, რის საფუძველზე ამტკიცებდა ჟურნალისტი დაბეჯითებით, რომ კონკრეტულად 2020 წლის 25 აგვისტოს მოხდება ბავშვის გაშვილება.
 
სიუჟეტში ნახსენებია, რომ ბიოლოგიურ დედას სოციალური შემწეობა შეუწყდა და, წამყვანის აზრით, ეს ქმედება „სქემის“ ნაწილი იყო, რომ მძიმე ეკონომიკური გარემო შეექმნათ დედისთვის და შემდეგ შვილი „წაერთვათ“. ამავდროულად, თავად სიუჟეტში, უკვე მეორე ჟურნალისტი ამბობს, რომ სოციალური შემწეობის შეწყვეტის საფუძველი დედის მიერ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა იყო. ანუ თავად სიუჟეტი ერთი და იგივე ფაქტობრივი გარემოების შესახებ ორ სხვადასხვა ინფორმაციას გვთავაზობს მტკიცებით ფორმაში.
 
ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება“. სიუჟეტით მოხდა ბავშვის იდენტიფიცირება [ნაჩვენები იყო მისი ფოტოსურათი, ნახსენები იყო სახელი], რაც არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბავშვის ბიოლოგიური მშობელი თანახმა იყო ბავშვის იდენტიფიცირებაზე, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებიდან გამომდინარე, ჟურნალისტის პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს ბავშვის ინტერესზე. მშობლის თანხმობა არ უნდა ჩაითვალოს პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძვლად, როცა ლოგიკური განსჯის შედეგად ცალსახაა, რომ არ არსებობს არასრულწლოვნის პირადი ინტერესი და მეტიც, ხდება მისი პირადი ცხოვრების ხელყოფა.  ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს, ბავშვის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ რა ზეგავლენა/ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს მასზე უკვე ზრდასრულ ასაკში. შესაძლოა, ხშირად მშობლის ინტერესი და თანხმობა არ იყოს შესაბამისობაში ბავშვის ინტერესთან.
 
ქარტიის მე-7 პრინციპი: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ  ფაქტის  ამგვარი გაშუქება ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპის განმტკიცებას სოციალური მუშაკის როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით და იწვევს მათ სტიგმატიზაციას.  ასეთი სენსიტიური შემთხვევის ამგვარი გაშუქება ცალსახად იწვევს პროფესიის დისკრედიტაციას, საზოგადოებაში ამკვიდრებს უარყოფით დამოკიდებულებას სოციალური მუშაკების მიმართ და იწვევს ნდობის დაკარგვას პროფესიის მიმართ.   
 
საბჭო აღნიშნავს, რომ ფაქტის არასწორმა გაშუქებამ შეიძლება ამა თუ იმ პირის მიმართ გამოიწვიოს ნეგატიური დამოკიდებულებები ან დისკრედიტაცია. მაგრამ ეს თავისთავად არ გულისხმობს ქარტიის მე-7 პრინციპის დარღვევას. აღნიშნული პრინციპი თავის თავში მოიცავს დისკრიმინაციას, სიძულვილის ენის გამოყენებას ან სტიგმატიზაციას. განმცხადებლის არგუმენტიდან ჩანს, რომ იგი აქცენტს აკეთებს სტიგმატიზაციაზე. მხოლოდ არასწორი ინფორმაციის გავრცელება სტიგმატიზებას არ იწვევს და საბჭო ფრთხილად ეკიდება არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და  სტიგმატიზაციას  შორის კავშირების დადგენას. არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის ან პირთა ჯგუფის სტიგმატიზება, თუ თავად ეს პირი ან პირთა ჯგუფი არის მოწყვლადი ან მათ მიმართ, ამა თუ იმ მიზეზით, საზოგადოებაში უკვე არსებობს სტიგმა. საბჭო არ მიიჩნევს რომ სოციალური მუშაკი ან სოციალური სამსახური, მით უფრო რომ თავისი არსით საჯარო სამსახურს წარმოადგენს, არის სტიგმის ობიექტი საზოგადოებაში, ან მოწყვლადი ჯგუფი, შესაბამისად არ მიიჩნევს რომ მის/მათ შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოხდა სტიგმატიზება. 
 
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მე-11 პრინციპი დარღვეულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ: 1. დადასტურებულად ცნობილია, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო არასწორი, ან 2. სახეზეა არასწორი ინფორმაციების პერმანენტული/მრავალჯერადი გავრცელება [კამპანიური ხასიათი] ერთი და იგივე სუბიექტზე დროის გარკვეულ პერიოდში.
 
განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს პერმანენტული/მრავალჯერადად არასწორი ინფორმაციის გავრცელება სოციალურ მუშაკებზე/სოციალურ სამსახურზე, ანუ არ არის წარმოდგენილი სხვა ეპიზოდები/შემთხვევები, როცა „მთავარი არხი” ავრცელებს არასწორ ინფორმაციას.
 
იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ინფორმაცია გადამოწმების ხარისხის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ პასუხობდა, ლოგიკურია, განმცხადებელს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს გაზრახ მოხდა. საბჭო მხოლოდ ეჭვის საფუძველზე ვერ დაადგენს მე-11 პრინციპის დარღვევას. მეორეს მხრივ, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო არასწორი, სრულად დასაშვებია რომ ჟურნალისტს წყარო/წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც არ გადაამოწმეს და ისე მიაწოდეს აუდიტორიას, რითაც დაარღვიეს პირველი და არა მე-11 პრინციპი.
   
 
სარეზოლუციო ნაწილი

 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
 
1. გიორგი გაბუნიამ და ლაშა ნაკაიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპი.
2. გიორგი გაბუნიას და ლაშა ნაკაიძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-7 და მე-11 პრინციპი.
 

Related Articles

Articles Not Nound!