განმცხადებელი : გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი";
მოპასუხე : გიგლა თუმანიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
28 ნოემბერი 2020 წელი
საქმე N - 385
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა
მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია
ზოიძე, მაია მერკვილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით
მომართა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ "აი, ფაქტი", რომელიც
მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 26 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“
საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3
და მე-11 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის
ავტორი გიგლა თუმანიშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც
ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის
წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ
საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში
მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების
გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და
აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი. მოპასუხე
ჟურნალისტმა განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო და არც შეპასუხება
წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა
სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია”.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის,
ანტონის ქონებრივ ინტერესებს. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სიუჟეტით
გადმოცემულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1. მიტროპოლიტმა ანტონმა 2020 წლის 21 მაისს გადაიფორმა
1150 მ2.
ფართის მიწა ბაღდათში.
2. გიგლა თუმანიშვილმა სიუჟეტში მიუთითა რომ ვარციხეში
მიტროპოლიტი ფლობს 4,000 მ2 მიწას.
3. მიტროპოლიტმა ანტონმა ვანში ევროკავშირის მხარდაჭერით გახსნა
გიმნაზია.
4. გიგლა თუმანიშვილის თქმით, მიტროპოლიტი ანტონი თბილისში ფლობს
ბინას ფართით 175 მ2.
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს რომ ეს არის მიტროპოლიტის
ქონებებიდან ყველა დაბალფასიანი.
განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელთა თანახმად
ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა ზუსტ ფაქტებს:
1. 2021 წლის 21 მაისს მართლაც გაფორმდა ხელშეკრულება უძრავ
ნივთზე ბაღდათში, [ს/კ 30.13.34.412] 1150 მ2. მაგრამ აღსანიშნავია
რომ ეს მიწა საკუთრებაში არ გადასცემია მიტროპოლი ანტონს [მარკოზი
ბულუხია], არამედ მიტროპოლიტი ანტონი იყო საქართველოს საპატრიარქოს
წარმომადგენელი და ამ ხელშეკრულებით, ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე,
საპატრიარქოს წარმოეშვა აღნაგობის და არა საკუთრების უფლება.
2. საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად ვარციხეში
მიტროპოლიტი ანტონი ფლობს არა 4,000 მ2, არამედ მის საკუთრებაში
არსებული მიწების საერთო ფართობია 42,048 მ2 [საკადასტრო
კოდები: 30.03.40.302, 30.03.34.324, 30.03.34.326, 30.03.34.327,
30.03.34.328].
3. როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა გიმნაზია არა
ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი პროექტია, არამედ საქართველოს
საპატრიარქოს პატრონაჟით დაფუძნდა, კერძოდ მას ფლობს ააიპ
„საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთ
განმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია“ ს/ნ
429649044. ევროკავშირის მხარდაჭერით არსებული ევროკლუბი კი ამ
გიმნაზიის ფარგლებში ფუნქციონირებს.
4. რაც შეეხება მე-4 გარემოებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის
თანხმად, მიტროპოლიტი ანტონის საკუთრებაში არსებული ბინა [ს/კ
01.14.14.005.029.02.007] თბილისში 157 მ2 -
ია და არა 175 მ2 როგორც
ეს სიუჟეტში იყო ნახსენები. ცალკე მდგომად მსგავსი შეცდომა [157-ის
ნაცვლად 175-ის დასახელება], საბჭოს შეფასებით, არ არის არსებითი
სახის დარღვევა, მაგრამ პრობლემურია ის ნაწილი, სადაც ჟურნალისტი
აღნიშნავს რომ ეს არის მიტროპოლიტის ქონებებიდან ყველაზე იაფფასიანი.
სიუჟეტი არ შეიცავდა იმ მტკიცებულებებზე მითითებას თუ რა
დოკუმენტების/ინფორმაციის საფუძველზე მივიდა ჟურნალისტი ამ
დასკვნამდე, რომ 148,000 დოლარიანი ქონება ყველაზე
დაბალფასიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა რომ ჟურნალისტმა
გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი
პრინციპი.
ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ
დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
პლაგიატი“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ ადგილი
ჰქონდა პლაგიატს. კერძოდ, სადავო სიუჟეტი ეთერში გავიდა 2020 წლის 26
მაისს, ხოლო წინა დღით, 25 მაისს “აი, ფაქტი •
ifact.ge” facebook-გვერდზე გამოქვეყნდა
ინფორმაცია, რომელიც მიტროპოლიტი ანტონის ქონებას ეხებოდა და
ასახული იყო ყველა ის ფაქტი, რომელზეც სიუჟეტშიც იყო საუბარი.
მეტიც, “აი, ფაქტი •
ifact.ge” facebook-სტატუსის ერთ ნაწილს [„ფლობს წილებს
რვა კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ ხუთ
ორგანიზაციას. კომპანიების ნაწილი სამშენებლო საქმიანობას ეწევა,
ნაწილი კი სუვენირებით ვაჭრობს“] სიტყვა-სიტყვით იმეორებს
ჟურნალისტი. საბჭოსათვის ცალსახაა, რომ სწორედ “აი,
ფაქტი •
ifact.ge”-ს მერ გავრცელებული
ინფორმაცია იყო სიუჟეტის მომზადების წყარო.
საქმეში
ჩაიხანა ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ (2019) საბჭომ
აღნიშნა, რომ „თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური
და მატერიალური რესურსი, წყაროსთან/წყაროებთან ურთიერთობა, გმირის
აღმოჩენა, მასთან დაკავშირება და შეთანხმება, სიუჟეტის მთავარი
აქცენტების გამოკვეთა. ეს ყველაფერი ხშირად დიდ შრომასთან არის
დაკავშირებული. სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა
ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში ახსენოს პირველწყარო“.
„მედიასაშუალებამ სათანადოდ უნდა მიუთითოს მასალის პირველწყარო და
პატივი სცეს მის მიერ გაწეულ შრომას. ამ პირობებში პლაგიატი
განიმარტება უფრო ფართოდ და მოიცავს არამხოლოდ პირდაპირ კოპირებას,
არამედ არასათანადო ციტირებას, მითითებას და პირველწყაროს
აღნიშვნას“.
საბჭო მიიჩნევს, რომ იგივე შემთხვევაა წინამდებარე საქმეშიც.
ჟურნალისტი ვალდებული იყო მიეთითებინა პირველწყაროზე და ამითი პატივი
ეცა “აი, ფაქტი •
ifact.ge”-ს მიერ გაწეული შრომისათვის, ამ ეთიკური
ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება შეფასდეს როგორც პლაგიატი.
ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს
ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო
დადასტურებულია“. როგორც დადგინდა, ჟურნალისტს წყარო ყავდა
“აი, ფაქტი •
ifact.ge” facebook-სტატუსი. შესაბამისად, გამოირიცხა ქარტიის
მე-3 პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. გიგლა თუმანიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11
პრინციპი.
2. გიგლა თუმანიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3
პრინციპი.