განმცხადებელი : ორგანიზაცია ფემინა;
მოპასუხე : გიორგი ახალკაცი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი; 10 პრინციპი;
28 ნოემბერი 2020 წელი
საქმე N - 403
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა
მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია
ზოიძე, მაია მერკვილაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით
მომართა ორგანიზაცია ფემინამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 03
ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვებაში
გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-10
პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი გიორგი
ახალკაცი.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც
ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის
წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ
საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში
მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების
გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და
აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი. მოპასუხე
ჟურნალისტს განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება
წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა
სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია”.
სადავო სიუჟეტი ეხებოდა კასპის რაიონში ახალშობილის
გარდაცვალების ფაქტს. მასში დადასტურებული ფაქტის სახით
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა და ჩვილი
საპირფარეშოში ჩააგდო. ჟურნალისტი სიუჟეტში რამდენჯერმე ხაზს
უსვამს, რომ დანაშაული დანამდვილებით მოხდა და დედამ საკუთარი
ახალშობილი მოკლა.
პირველ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიუთითებდა, რომ
„არხის ჟურნალისტების მიერ შვილის მკვლელად გამოცხადებული ქალის
ბრალეულობის მტკიცებით ფორმაში წარმოდგენით ისინი, ფაქტობრივად, თავს
ესხმიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს“; „მაშინ,
როდესაც გამოძიების მიერ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ჭეშმარიტება,
მედიის მიერ წინასწარ გამოტანილი ამგვარ დასკვნები უმძიმესი შედეგების
მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს“.
საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას. ჟურნალისტი მტკიცებით
ფორმაში ბრალს სდებს ქალს შვილის მკვლელობაში. მართალია, რომ აღძრულია
სისხლის სამართლის საქმე კონკრეტული მუხლით, თუმცა ეს თავისთავად არ
გულისხმობს, რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა. ამასთანავე აღსანიშნავია,
რომ ერთ-ერთი რესპონდენტი სხვა ვერსიას აწვდის ჟურნალისტს -
მისი ინფორმაციით, ბავშვი უკვე გარდაცვლილი დაიბადა. დანაშაულის
ჩადენის ფაქტს ადგენს მხოლოდ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება
და სხვადასხვა, ძირითადად არარელევანტური წყაროების [მეზობლები] მიერ
მოწოდებული ინფორმაცია არ აძლევდა ჟურნალისტს იმის საფუძველს, რომ
მტკიცებით ფორმაში დედისათვის დაებრალებინა შვილის მკვლელობა.
მე-3 პრინციპი: “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია
მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო
დადასტურებულია”. საბჭო მიიჩნევს, რომ მე-3 პრინციპი არ
დარღვეულა. დადასტურებულია, რომ ახალშობილი მართლაც გარდაიცვალა.
ასევე ჟურნალისტს ჰყავდა წყაროები: მეზობლები, ექიმი. ის, რომ
წყაროების მოწოდებული, გადაუმოწმებელი ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში
გაავრცელა ჟურნალისტმა, ამით მან დაარღვია პირველი და არა მე-3
პრინციპი.
ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს
გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში
შეჰყავს საზოგადოება“. წინამდებარე გადაწყვეტილებით საბჭომ
დაადგინა, რომ ჟურნალისტმა მტკიცებით ფორმაში გაავრცელა
გადაუმოწმებელი ინფორმაცია. საბჭოს სამდივნომ ჟურნალისტს
შეატყობინა განმცხადებლის პრეტენზიები/არგუმენტაცია. მიუხედავად
ზემოაღნიშნულისა, ჟურნალისტმა არავითარი ღონე არ იხმარა, რომ
გაესწორებინა მის მიერ გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია და
მაყურებლისათვის განემარტა, რომ „დედის მიერ შვილის მკვლელობა“ არ იყო
ფაქტი და ემყარებოდა მხოლოდ „გავრცელებულ“ ინფორმაციას, რომლის
ძირითადი წყარო მეზობლები იყვნენ. შესაბამისად, დადგინდა ქარტიის მე-5
პრინციპის დარღვევა.
მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ
დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს
ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის,
სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა
შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე
სხვა ნიშნით“. საბჭოს მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში
ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას გენდერული ნიშნით. აქცენტი კეთდება
ქალის როგორც დედის როლზე და მისთვის შვილის მკვლელობის დაბრალებით
სავარაუდო ტრაგიკული ფაქტის სიმძიმე მთლიანად მასზე გადადის.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი
უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში,
თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი
ინტერესი“. განსახილველ სიუჟეტში თავად ჟურნალისტმა და
რესპონდენტებმა გაავრცელეს სხვადასხვა ინფორმაცია ქალის პირადი
ცხოვრების შესახებ, მათ შორის ის, რომ „არაადეკვატურია“,
„ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“, „არ ეტყობოდა მუცელი“, „არავის
ჰქონდა ინფორმაცია, რომ ორსულად იყო“, „ქმარმა არ იცოდა“. ქარტიის
საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცალსახად პირად ცხოვრებას
ეხება და ამასთან მათ მიმართ არ არსებობს ობიექტური საზოგადოებრივი
ინტერესი. ეს ინფორმაცია ტრაგიკულ ფაქტს [ახალშობილის გარდაცვალებას]
არავითარ დამატებით ობიექტურ ღირებულებას არ სძენდა და ჟურნალისტმა
სათანადო გამართლების გარეშე გახადა პირადი ცხოვრების დეტალები
საჯარო, რითაც დაარღვია ქარტიის მე-10 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. გიორგი ახალკაცმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5, მე-7 და
მე-10 პრინციპი.
2. გიორგი ახალკაცს არ დაურღვევია ქარტიის მე-3
პრინციპი.