გადაწყვეტილება საქმეზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ეკო მაღრაძის და ნინო ელიკაშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ცენტრალური საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : ეკო მაღრაძე, ნინო ელიკაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

28 ნოემბერი 2020 წელი 
 
საქმე  N   -  410 
 
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
 
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია ზოიძე, მაია მერკვილაძე
 

აღწერილობითი ნაწილი

 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 02 ივლისს, ტელეკომპანია ,,TV პირველის“  საღამოს 19:00 და 22:00 საათის საინფორმაციო გამოშვებებში  დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-3 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ ეკო მაღრაძე და ნინო ელიკაშვილი.
 
საქმის განხილვის თავისებურებები 
 
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
 
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტები განხილვას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ.
 

სამოტივაციო ნაწილი 

 
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სიუჟეტი ეხებოდა თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებულ კვლევას სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კვლევის თანხმად:
 
1. „საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთ-ერთი ლიდერია იმ უწყებებს შორის, რომლებიც ლიმიტით დადგენილზე მეტ საწვავს ხარჯავენ და ამაში წლიდან წლამდე კოლოსალურ თანხას იხდიან“.
 
2. „ვეტერანთა დეპარტამენტი, ცეესკო და ეროვნული ბანკი რეკორდსმენი უწყებები არიან ახალი ავტომობილების შეძენასა და ბენზინის მოხმარებაში“.
 
3. სიუჟეტის მიხედვით, საწვავის მოხმარების კუთხით სამეულში მოხვდა ცესკოს თავმჯდომარეც, რომლის მიერაც 2019 წელს 5400-მდე ლიტრი საწვავი დაიხარჯა.
 
ქარტიის საბჭომ შეისწავლა წარმოდგენილი მასალები და  დაადგინა რომ:
 
1. პირველი სადავო ფაქტობრივი გარემოება ზუსტ ინფორმაციას არ შეესაბამება. კვლევის მე-13 გვერდზე მითითებულია იმ საჯარო უწყებების ჩამონათვალი, როლებიც ლიმიტზე მეტ საწვავს ხარჯავენ და მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია არ ფიგურირებს.
 
2. ასევე კვლევაში არ არის ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ახალი ავტომობილების შეძენის შესახებ.
 
3. კვლევის მე-10 გვერდზე გამოქვეყნებულია თანამდებობის პირების საწვავის ხარჯები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოხმარებული საწვავით არა სამეულში, არამედ მე-11 ადგილზეა. 
 
აქვე აღსანიშნავია რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა ჯამში მართლაც ყველაზე მეტი საწვავი მოიხმარეს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებული იყო, დაეცვა სიზუსტე და მიეთითებინა, რომ ყველაზე მეტი საწვავი არა უშუალოდ თავმჯდომარეს, არამედ ერთობლივად თავმჯდომარეს და მდივანს ჰქონდათ მოხმარებული. 
 
ქარტიის მე-3 პრინციპი: “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. ქარტიის საბჭოს შეფასებით, ჟურნალისტს ქარტიის მე-3 პრინციპი არ დაურღვევია. წყარო - IDFI-ს კვლევა სახეზეა,  ხოლო ის გარემოება, რომ ჟურნალისტმა კვლევაში მითითებული ინფორმაცია ზუსტად არ მიაწოდა მაყურებელს,  იწვევს ქარტიის პირველი და არა მესამე პრინციპის დარღვევას. 
 

სარეზოლუციო ნაწილი

 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
 
1. ეკო მაღრაძემ და  ნინო ელიკაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
2. ეკო მაღრაძეს და  ნინო ელიკაშვილს არ დაურღვევიათ  ქარტიის მე-3 პრინციპი.
 

Related Articles

Articles Not Nound!