გადაწყვეტილება საქმეზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია თათია წოწონავას წინააღმდეგ

განმცხადებელი : ცენტრალური საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : თათია წოწონავა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

28 ნოემბერი 2020 წელი 
 
საქმე  N   -  431 
 
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
 
საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, გელა მთივლიშვილი, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, ზვიად ქორიძე, ნათია ზოიძე, მაია მერკვილაძე
 

აღწერილობითი ნაწილი

 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 19 სექტემბერს, ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“  გადაცემაში  „მთავარი შაბათს“, გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-3 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი თათია წოწონავა.
 
საქმის განხილვის თავისებურებები 
 
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
 
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტი განხილვას არ დასწრებია და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.
 

სამოტივაციო ნაწილი 

 
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
 
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სიუჟეტის ორ ეპიზოდს:
 
1. „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დასახელებული იყო თამილა დუმბაძე, რომელიც, სიუჟეტის ავტორის თქმით, ბათუმის №20 საარჩევნო უბანზე, საოლქო საარჩევნო კომისიის არჩეული დამოუკიდებელი წევრია. აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სიუჟეტში ნაჩვენები ქალბატონი არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. მას მხოლოდ №20 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის თამილა დუმბაძის იდენტური სახელი და გვარი აქვს“. 
 
2. „ცეესკოს სხდომაზე ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე ცესკოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წარმოადგინა ფოტომასალა, როგორც ახლად მიწოდებული, რომელზეც აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი შტაბის უფროსთან ერთად არის გადაღებული. ფოტო, რომელიც ცესკოს სხდომაზე ცესკოს წევრმა წარმოადგინა, ხოლო შემდეგ ჟურნალისტმა რეპორტაჟში გამოიყენა, თავად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის, ბერდია ლომიძის ინფორმაციით, 2017 წელს არის გადაღებული, რაც ასევე „ფეისბუქიდან“ ირკვევა. ბერდია ლომიძე კი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად 2020 წლის ივნისში აირჩიეს“.
 
პირველ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით განმცხადებელმა წარმოადგინა ბათუმის №20 საარჩევნო უბანზე ფიზიკური პირის, თამილა დუმბაძის, არჩევის ოქმი. საუბნო კომისიის წევრის, თამილა დუმბაძის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შედეგად [მოხდა საიდენტიფიკაციო მონაცემების ფოტოსურათთან შედარება] საბჭო დარწმუნდა, რომ სიუჟეტში საუბნო კომისიის წევრად ნაჩვენები თამილა დუმბაძე სულ სხვა პირია, ხოლო რეალური წევრი თამილა დუმბაძე - სხვა. მხოლოდ მათი სახელი და გვარი ემთხვევა ერთმანეთს. ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია და მხოლოდ სახელის და გვარის მსგავსებას დაეყრდნო. შესაბამისად, აუდიტორიას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და ამით დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. 
 
მეორე სადავო გარემოებასთან დაკავშირებით საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას. დადასტურებული ფაქტია, რომ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გამოქვეყნებული აქვს ფოტო პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ადგილობრივი შტაბის უფროსთან, დავით დარჩიასთან ერთად. სიუჟეტში ჟურნალისტს არ უთქვამს,  რომ ფოტო ახალია. რაც შეეხება კითხვას, ვალდებული იყო თუ არა ჟურნალისტი გამოეკვლია და მაყურებლისათვის მიეწოდებინა ფოტოს გადაღების თარიღი, საბჭო აღნიშნავს, რომ ფოტოს გასაჯაროების მიზანი იყო შესაძლო პიროვნული კავშირების ჩვენება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და დავით დარჩიას შორის და ამ მიზნისათვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ფოტოს გადაღების თარიღს.
 
ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. ქარტიის საბჭოს შეფასებით, ჟურნალისტს ქარტიის მე-3 პრინციპი არ დაურღვევია. დასაშვებია, რომ წყარომ მიაწოდა ჟურნალისტს ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ზუსტად ის თამილა დუმბაძე იყო, რომელიც ასეთად წარმოჩინდა სიუჟეტში. ხოლო ის გარემოება, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა, იწვევს ქარტიის პირველი და არა მესამე პრინციპის დარღვევას. 

 
სარეზოლუციო ნაწილი

 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
 
1. თათია წოწონავამ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
2. თათია წოწონავას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.
 

Related Articles

Articles Not Nound!