გადაწყვეტილება საქმეზე - კავკასიის უნივერსიტეტი ეთუნა ინწკირველის და მირანდა ბაღათურიას წინააღმდეგ

განმცხადებელი : კავკასიის უნივერსიტეტი;
მოპასუხე : ეთუნა ინწკირველი და მირანდა ბაღათურია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;


13 თებერვალი 2021 წელი

საქმე N - 456  

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი 



აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა კავკასიის უნივერსიტეტმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 28 იანვარს, TV პირველის დღის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პრინციპები. განმცხადებელი პრინციპებს ასევე დარღვეულად მიიჩნევდა სადავო სიუჟეტის ეთერში გასვლამდე წამყვანის წარდგენის ტექსტშიც. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ - სიუჟეტის ავტორი მირანდა ბაღათურია და საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ეთუნა ინწკირველი. 

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხოლოდ განმცხადებელი.

მოპასუხე ჟურნალისტებმა საკუთარი პოზიცია საბჭოს მხოლოდ წერილობით წარმოუდგინეს.


სამოტივაციო ნაწილი



ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა კავკასიის უნივერსიტეტში საგამოცდო პროცესის ცვლილებასა და უნივერსიტეტის მიერ შექმნილ შესაბამის პლატფორმას.

წამყვანმა სიუჟეტის წარდგენისას აღნიშნა, რომ გამოცდების ჩაბარებისათვის სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ ელექტრონული პროგრამა, ხოლო შემდეგ მტკიცებით ფორმაში გააგრძელა „ირკვევა, რომ ელექტრონულ მოწყობილობებში ისეთი პროგრამა უნდა ამოქმედდეს, რომელიც პერსონალურ მონაცემებს სავარაუდოდ ვერ დაიცავს, ადმინისტრაციისაგან კი ამის გარანტია სტუდენტებმა ვერ მიიღეს“  წამყვანის ტექსტს  ფონად გასდევს იმ შეტყობინების ვიზუალური გამოსახულება, რომელიც თითქოს და სტუდენტებმა მიიღეს.  აქცენტირებულია   [წითლად არის გახაზული] ფრაზა: "უნივერსიტეტი არ იღებს პასუხისმგებლობას". იმავე ინფორმაციას აჟღერებს შემდეგ უკვე სიუჟეტში  ჟურნალისტი და ამატებს, რომ უნივერსიტეტიდან შეტყობინების მიღების შემდეგ "უამრავმა სტუდენტმა უარი განაცხადა გამოცდის წერაზე“. ჟურნალისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ  პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა სტუდენტს შენარჩუნებული ჰქონდეს ვიზუალი, მაგალითად,  თუ სტუდენტს 2 წლის წინანდელ ძველ ფოტოში სათვალე არ უკეთია და ახლა მხედველობის პრობლემა გაუჩნდა, გამოცდაზე სათვალით არ დაიშვება, იმავეს ამბობს ჟურნალისტი შეცვლილ ვარცხნილობაზეც. ასევე, აღნიშნავს, რომ სტუდენტს რამდენჯერმე უწევს პროგრამაში პირადობის მოწმობის ატვირთვა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მაყურებელს არ მიეცა შესაძლებლობა მიეღო სრული, ზუსტი და ყოველმხრივი ინფორმაცია. კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის თამთა ბუთხუზის თქმით, სიუჟეტით გავრცელდა არასწორი  ინფორმაცია.

განმცხადებელმა სხდომის მიმდინარეობისას განმარტა, რომ:

● კავკასიის უნივერსიტეტის საგამოცდო პლატფორმა არ არის პროგრამა [არც აპი], რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებში ამოქმედდება. შესაბამისად, მას არ აქვს სტუდენტის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობა. ადმინისტრაციისგან ამის გარანტია სიტყვიერადაც და წერილობითაც მიიღო ყველა დაინტერესებულმა სტუდენტმა.

● სიუჟეტში გამოყენებული ფრაზა შეტყობინებიდან „უნივერსიტეტი არ იღებს პასუხისმგებლობას“ სულ სხვა საკითხს ეხება და არა პერსონალურ მონაცემებზე წვდომას, თუმცა ამ შეტყობინების გამოყენება კონკრეტულ მომენტში მანიპულაციურად აძლიერებს არაზუსტ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი - თითქოს დოკუმენტურადაც დასტურდება, რომ უნივერსიტეტი მართლაც არ იღებს პასუხისმგებლობას პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საკითხზე, რაც არასწორია.

● კავკასიის უნივერსიტეტის 5.000 აქტიური სტუდენტიდან გამოცდის დაწერაზე უარი არათუ „უამრავ“ სტუდენტს (როგორც ეს სიუჟეტშია ნახსენები), არამედ მის 1%-საც კი არ განუცხადებია. პროტესტი ადმინისტრაციამ მიიღო მაქსიმუმ 3-4 სტუდენტისგან.

● გამოცდის წერის პროცესში სტუდენტს არც ერთხელ არ უწევს ფოტოს ატვირთვა. ინსტრუქციის მიხედვით, სტუდენტმა ეს პროცედურა უნდა გაიაროს მხოლოდ ერთხელ,  ავტორიზაციისას და ისიც გამოცდის დაწყებამდე, ნებისმიერ დროს. რომ ამ პროცედურის შესახებ სტუდენტები ინფორმირებულნი არიან. 

სიუჟეტში არ არის ნაჩვენები კავკასიის უნივერსიტეტის პოზიცია. არც ჟურნალისტს და არც წამყვანს არ განუმარტავს აუდიტორიისთვის, მასალაზე მუშაობისას დაუკავშირდა თუ არა უნივერსიტეტს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საბჭომ მიმართა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას, რომელმაც განაცხადა, რომ: სიუჟეტის მომზადებისას დაუკავშირდა კახა შენგელიას [კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს], რომელმაც განაცხადა, რომ ვერ უპასუხებდა, ვინაიდან შეხვედრაზე იყო, ასევე უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის თხოვნა, რომ შეხვედრის შემდეგ დაკავშირებოდა.

ჟურნალისტის ამ განმარტებაზე საბჭოს პოზიცია მიაწოდა ასევე განმცხადებელმა, რომელმაც მიუთითა, რომ: “კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია იყო შეხვედრაზე და ვერ ესაუბრა ჟურნალისტს, თუმცა აქვე დავძენთ, რომ ზარი შემოსულია 14:18-ზე. ხოლო სიუჟეტი ეთერში გავიდა 13:31-ზე.  კავკასიის უნივერსიტეტს აქვს საკომუნიკაციო არხები და მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით უნივერსიტეტის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ყოველთვის ხელმისაწვდომია. ბატონ კახა შენგელიასთან დაკავშირების მცდელობის გარდა, ისიც მას შემდეგ, რაც მასალა ეთერში უკვე გავიდა, სხვა კომუნიკაცია ჩვენთან არ დაფიქსირებულა“.

პირველი პრინციპის დარღვევის დასადასტურებლად აუცილებელი არ არის, საბჭომ ზუსტად დაადგინოს, გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს; საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს გამოიკვლიოს,  რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

რესპონდენტის მიერ ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს ჟურნალისტს მისი გადამოწმების მოვალეობისაგან, ვინაიდან გადამოწმების გარეშე აუდიტორია მხოლოდ ცალმხრივ და დაუბალანსებელ  ინფორმაციას იღებს. განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, ჟურნალისტმა არ გამოიჩინა ძალისხმევა, რომ ორივე მხარის პოზიციის შემცველი, გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა მაყურებლისათვის. საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ თუ ჟურნალისტმა ვერ მიიღო კომენტარი კახა შენგელიასაგან, შეეძლო დაკავშირებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს და მისგან მიეღო განმარტება. 

რომც დავუშვათ რომ ჟურნალისტმა, ძალისხმევის მიუხედავად ვერ მოიპოვა მეორე მხარის კომენტარი, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვის მიზნით, იგი ვალდებულია მაყურებელს ცალსახად აცნობოს, რომ გაშუქებული ამბავი მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას შეიცავს, არ არის გადამოწმებული და რომ  ვერ მოხერხდა მეორე მხარესთან დაკავშირება. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე გავრცელებით, ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განმცხადებელი მე-3 პრინციპს დარღვეულად თვლიდა, რადგან, მისი თქმით, სიუჟეტში გამოყენებულია გაყალბებული, არაავთენტური შეტყობინება. მისივე პოზიციით, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჟურნალისტს ჰყავდა წყარო, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია. შესაბამისად, ფორმალურად წყარო არსებობს და არ დგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა.


სარეზოლუციო ნაწილი


 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ეთუნა ინწკირველმა და მირანდა ბაღათურიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

2. ეთუნა ინწკირველს და მირანდა ბაღათურიას არ დაურღვევიათ ქარტიის მესამე პრინციპი.


1. კავკასიის უნივერსიტეტის განცხადება
2. სადავო მასალა 

 

Related Articles

Articles Not Nound!