გადაწყვეტილება საქმეზე - ავთანდილ ბოლქვაძე აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ავთანდილ ბოლქვაძე;
მოპასუხე : აკაკი გოგიჩაიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

23 თებერვალი 2021 წელი

საქმე N - 418

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, ნანა ბიგანიშვილი, სოფიო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ირმა ზოიძე


აღწერილობითი ნაწილი



საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ავთანდილ ბოლქვაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2020 წლის 4 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიასა და სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელს პრეტენზია არ ჰქონდა სიუჟეტის შინაარსის მიმართ, არამედ აღნიშნავდა რომ სათაური - „ოროსანი ჩინოსნის პროტესტი“ არ შეესაბამებოდა მასალის შინაარსს. შესაბამისად, მოპასუხედ განისაზღვრა არა სიუჟეტის ავტორი ჟურნალისტი, არამედ რედაქტორი აკაკი გოგიჩაიშვილი, რომელმაც შეარჩია სათაური.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. საქმის განხილვაში მონაწილება არ მიუღიათ განმცხადებელს და მოპასუხე ჟურნალისტს.


სამოტივაციო ნაწილი



ქარტიის მე-1 პრინციპის თანახმად
, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ქარტიის საბჭომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სათაური განიხილება როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. საქმეში ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ს, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ(2018 წელი), საბჭომ აღნიშნა რომ

„ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინ ფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში.

სიუჟეტი ეხებოდა აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომლის, ავთანდილ ბოლქვაძის პროტესტს. მისი განცხადებით, ვინაიდან სოციალურ ქსელში ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ პოზიციას გამოხატავს, მას დაბალი ქულებით აფასებენ [რომ მას ხელმძღვანელი „ორიანებს“ უწერს], შესაბამისად ვერ იღებს სახელფასო დანამატს.

საბჭო მიიჩნევს, რომ სათაური „ოროსანი ჩინოსნის პროტესტი“ არ შეესაბამება სიზუსტის პრინციპს. თავად სიუჟეტი შეეხება იმას, რომ ავთანდილ ბოლქვაძე აპროტესტებდა მისთვის დაბალი შეფასების დაწერას. სიუჟეტის სათაურში რედაქტორმა აუდიტორიას ფაქტად მიაწოდა, რომ საჯარო მოხელე „ოროსანია“, ანუ სათაური და სიუჟეტის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ცალკე აღებული სათაური დამაბნეველი და მანიპულაციურია. აღინიშნა, რომ ავთანდილ ბოლქვაძე  დადასტურებული სახით მოხსენიებულია როგორც  „ოროსანი ჩინოსანი“.  აუდიტორიისათვის უცნობი რჩება, თუ რაში გამოიხატება მისი ოროსნობა [სიტყვა, რომელიც საზოგადოებაში უარყოფით კონოტაციას ატარებს] და მხოლოდ სათაურის გაცნობით მკითხველს ნეგატიური წარმოდგენა უჩნდება ბოლქვაძის მიმართ და ვერ იღებს ზუსტ ინფორმაციას.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მასზე მომზადებული სიუჟეტისათვის მსგავსი სათაური პოლიტიკური ნიშნით შეირჩა. ვინაიდან იგი გამოირჩევა ანტისამთავრობო პოზიციით, სწორედ ამიტომ განიზრახა რედაქტორმა სათაურით მისი დისკრედიტაცია. საბჭოს არ აქვს სათანადო მტკიცებულებები, რათა დაადგინოს, რომ აკაკი გოგიჩაიშვილს ამოძრავებდა პოლიტიკური მოტივები შეუსაბამო სათაურის შერჩევის დროს.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. აკაკი გოგიჩაიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი  პრინციპი.

2. აკაკი გოგიჩაიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი. 

 

·       სადავო მასალა

·       განცხადება

Related Articles

Articles Not Nound!