გადაწყვეტილება საქმეზე - ლაკა 2014 გიორგი გაბუნიას და ნანი სისვაძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ლაკა 2014;
მოპასუხე : გიორგი გაბუნია, ნანი სისვაძე;

03 აპრილი 2021 წელი

საქმე N - 428

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ნინა ხელაძე,


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „ლაკა 2014“-მა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 27 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“  ეთერში, გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტები - წამყვანი გიორგი გაბუნია და ჟურნალისტი ნანი სისვაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელმა.


სამოტივაციო ნაწილი



ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად
, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

ჟურნალისტის განცხადებით, გადაცემა ეხებოდა ე.წ. „თაღლითურ პირამიდას“ რომლის შედეგადაც სახეზეა „300-ამდე დაზარალებული მოქალაქე და მილიონობით მითვისებული ლარი“ .

სიუჟეტში მოყვანილი იყო შემდეგი ინფორმაცია:

  1. კომპანია „ევროკრედიტმა“, რომელიც ფიზიკური პირებისაგან სარგებლის დარიცხვით იღებდა თანხებს, დათქმულ ვადებში მიღებული სახსრები უკან ვერ დაუბრუნა მეანაბრეებს.
  2. დაზარალებულებმა უჩივლეს კომპანიას და  პროკურატურამ „ევროკრედიტის“ და  ამ კომპანიასთან დაკავშირებული სხვა პირების ქონებას ყადაღა დაადო, რათა დაყადაღებული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხით დაზარალებული პირების ინტერესები დაკმაყოფილებულიყო. 
  3. დააყადაღეს „სამშენებლო კომპანია ევრო+“ საკუთრებაში არსებული,  გორში მდებარე, მიწის ნაკვეთიც [ს/კ 66.45.25.020].
  4. ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გორში მდებარე დაყადაღებულ ქონებას, სამართლებრივი შეზღუდვა მოეხსნა და დაუბრუნდა “საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა "მკურნალს".  შენიშვნა: სანამ მიწის ნაკვეთი, „სამშენებლო კომპანია ევრო+“ საკუთრებაში დარეგისტრირდებოდა, მანამ ის  “საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა "მკურნალს" ეკუთვნოდა.
  5. ჟურნალისტის განცხადებით, ამხანაგობა „მკურნალის“ უკან ქართული ოცნების დეპუტატის შვილი, ოფელია მაკრახიძე დგას.
  6. სიუჟეტში ასევე განვითარებულია მოსაზრება, და უფრო მეტიც, მტკიცებით ფორმაშია აღნიშნული, რომ „მკურნალის“ უკან იგივე ხალხი დგას, ვინც თაღლითური გზით მეანაბრეების თანხები მიითვისეს, მსგავს ბრალდებას უყენებს ასევე კომპანია „ლაკა 2014“-ს. ჟურნალისტი სვამს კითხვას „როგორ აღმოჩნდა დაყადაღებული მიწა დეპუტატის შვილის ხელში“, ხომ არ გამოუყენებიათ გავლენები, რომ დაყადაღებული ქონება არა დაზარალებულების, არამედ სხვა, დაინტერესებული პირების საკუთრებაში აღმოჩენილიყო.  
  7. ამ კითხვის გადასამოწმებლად, ჟურნალისტისავე განცხადებით, „გორში ჩავედით და ფაქტების გადამოწმება ვცადეთ“. სიუჟეტში ნაჩვენებია რომ ჟურნალისტი მიდის მიწის ნაკვეთზე და მუშებს ეკითხება, თუ ვის ეკუთვნის მიწის ნაკვეთი, ასევე რეკავს კომპანიის ქოლ-ცენტრში და იღებს ინფორმაციას, თუ რა მიზნით და დანიშნულებით ხორციელდება მშენებლობა.

 

განმცხადებლის განმარტებით, ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი „სამშენებლო კომპანია ევრო+“-დან „მკურნალს“ დაუბრუნდა, არავითარ კანონსაწინააღმდეგო ან თაღლითურ ნიშნებს არ შეიცავდა, ვინაიდან: თავის დროზე „მკურნალმა“ მიწა „სამშენებლო კომპანია ევრო+“-ს გადასცა ვალდებულებების შესრულების პირობით. ვინაიდან ამ უკანასკნელმა ვალდებულება ვერ შეასრულა, “მკურნალმა” სასამართლო გზით ქონებუკან დაიბრუნა და ყადაღმოახსნევინა.

ჟურნალისტი თავის თავს უსვამს ამოცანას, რომ გადაამოწმოს, „როგორ აღმოჩნდა დაყადაღებული მიწა დეპუტატის შვილის ხელში“.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა წყაროსა და მხარის პოზიცია ამბის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.

როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა „გადამოწმებ სცადა მუშებთან გასაუბრებით და კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით. საბჭოს შეფასებით, ეს არ იყო საკმარისი მცდელობა ინფორმაციის გადამოწმებისა, თავად ამ ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით.

 

1.       როცა თავად ჟურნალისტი უთითებს რომ ერთ დროს დაყადაღებული ქონება სხვა პირს გადაეცა და ეს მას „ეჭვებს“ უჩენს,  გადაცემის  მიზეზი თავად მიწის ნაკვეთის ამონაწერშია მითითებული: „გადაწყვეტილება N2/1116-16, დამოწმების თარიღი:18/12/2017, გორის რაიონული სასამართლო“. შესაბამისად, სწორი მიდგომაა სიუჟეტის მოსამზადებლად, რომ  მას საჯარო რეესტრიდან გამოეთხოვა ეს გადაწყვეტილება და ექნებოდა სრული სურათი, თუ რის საფუძველზე მოხდა ქონების გადაცემა. თავიდანვე ცალსახა იყო, რომ ამ კითხვაზე პასუხს მუშებისგან და კომპანიის ქოლ-ცენტრისგან ვერ მიიღებდა.

2.       როდესაც ჟურნალისტი საუბრობს, რომ „მკურნალის“, „ლაკა 2014“ და „ევროკრედიტის“ უკან ერთი და იგივე პირები დგანან, იგი ვალდებული იყო მოეპოვებინა და შემდეგ მაყურებლისათვის მიეწოდებინა, ოფიციალური მონაცემები  „მკურნალის“ და  „ლაკა 2014“ რეგისტრირებული [ან ჩრდილოვანი] მფლობელების შესახებ. ეს ინფორმაციაც სიუჟეტში არ არის.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. გიორგი გაბუნიამ და  ნანი სისვაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

 

·       სადავო მასალა

·       განცხადება

Related Articles

Articles Not Nound!