გადაწყვეტილება საქმეზე - კონსტანტინე ყიფიანი ცოტნე გეგეჭკორის და POSTV არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

განმცხადებელი : კონსტანტინე ყიფიანი;
მოპასუხე : ცოტნე გეგეჭკორი და POSTV არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

28 თებერვალი 2021 წელი

საქმე N – 412, 413

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა კონსტანტინე ყიფიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ  2020 წლის 23 ივლისს, ტელეკომპანია “იმედის” და ტელეკომპანია POSTV-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტებში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპები. ტელეკომპანია „იმედიდან” მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი, ცოტნე გეგეჭკორი. POSTV-ს სიუჟეტში მითითებული არ იყო ავტორი/ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა სადავო სიუჟეტზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს აღნიშნული ინფორმაცია არ მოაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას დაესწრო მხოლოდ განმცხადებელი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. 

სადავო სიუჟეტებს წინ უძღოდა ტელეკომპანია მთავარის რეპორტაჟი, რომელიც ეხებოდა კომპანიას „ზეგ“ და ამ კომპანიასთან „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების შესაძლო კავშირებს. თავად კომპანია „ზეგ“, როგორც დამსაქმებელი, ფიგურირებდა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კომპანია „ზეგ“-ის და „ქართული ოცნების” კავშირების შესახებ მსჯელობისას ნახსენები იყო კონსტანტინე ყიფიანი, როგორც პირი, რომელსაც 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ასევე ნახსენები იყო კონსტანტინე ყიფიანის პარტნიორი/თანამშრომელი თეიმურაზ პატარიძე, რომელიც, სიუჟეტის თანახმად, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი.

კონსტანტინე ყიფიანმა მიმართა მთავარ არხს და განუცხადა, რომ მისი კავშირების შესახებ ინფორმაცია კომპანია „ზეგთან“ ან „ქართულ ოცნებასთან” სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ასევე მიუთითა, რომ მისი პარტნიორი და თანამშრომელი თეიმურაზ პატარიძე სხვა პირია, ხოლო კუდის მაღალჩინოსანი თეიმურაზ პატარიძე - სხვა. ამ მიმართვის შემდეგ მთავარმა არხმა გამოაქვეყნა სარედაქციო ჩასწორება, სადაც აღნიშნა: „რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ, ჩვენ კოტე ყიფიანი დაგვიკავშირდა. განმარტა, რომ საქართველოში 2014 წლის შემდეგ აღარ იმყოფება, კომპანია კი, 2013 წელს, ამერიკელ ინვესტორზე, აბრაჰამ რეიხბახზე შუამავალი პირის მეშვეობით გაყიდა. რაც შეეხება თემურ პატარიძეს - კოტე ყიფიანი ამბობს, რომ ეს სხვა პიროვნებაა, „მთავარი არხის" ეთერში ნახსენები თემურ პატარიძე კი, სხვა. "თემურ პატარიძეს კუდში არასდროს უმუშავია და არც სახელმწიფო სამსახურში. მხოლოდ სახელი და გვარი ემთხვევა ყოფილი კუდის თანამშრომლის; შეგიძლიათ შეამოწმოთ პირადი ნომრები, ასაკი, და ა.შ.“

ზემოაღნიშნული ჟურნალისტური მასალის შემდეგ სადავო სიუჟეტები მოამზადეს ტელეკომპანია “იმედმა” და ტელეკომპანია POSTV-მ. აღნიშნული სიუჟეტების მთავარი მიზანი იყო, რომ გამოევლინათ მთავარი არხის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ეჩვენებინათ, რომ კონსტანტინე ყიფიანი და თეიმურაზ პატარიძე, არა „ქართულ ოცნებასთან”, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული პირები იყვნენ.

განმცხადებელმა სადავოდ მიიჩნია შემდეგი ინფორმაცია:

  1. POSTV - „თეიმურაზ პატარიძე [კონტექსტიდან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ეს პირი არის კონსტანტინე ყიფიანის პარტნიორი] აჭარის კუდის ყოფილი უფროსი, ფიგურირებს არაერთ საქმეში“. მათ შორის ნახსენებია მკვლელობის მომზადების საქმე.
  2. იმედი - „არადა აჭარის კუდის ყოფილი უფროსი, თემურ პატარიძეც და კოტე ყიფიანიც, რომელიც დავით კეზერაშვილთან ერთად ჯერ ფინანსურ პოლიციაში, შემდეგ თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, სწორედ სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილ არაერთ, მათ შორის ბიზნესის დატერორების, დანაშაულს უკავშირდება“. შემდეგ ასევე ნახსენებია, რომ კონსტანტინე ყიფიანი მონაწილეობდა და ზედამხედველობდა ტელეკომპანია “იმედის” იძულებით გასხვისების პროცესს.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ინფორმაცია მის შესახებ იყო არასწორი. ასევე არასწორად მოხდა ამ სიუჟეტებში მისი თანამშრომლის, თეიმურაზ პატარიძისა და კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, თეიმურაზ პატარიძის გაიგივება: „აღნიშნულმა ტელევიზიებმა, არსებული სტანდარტის და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევით, ბრალი დამდეს ბიზნესების დატერორებაში კავშირებზე, ასევე ყალბად განავრცეს სხვა, ჩვენთან კავშირში არ მყოფ თემურ პატარიძის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და სხვა ყალბი ბრალდებები“.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ცალსახაა, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ჟურნალისტებს არ გადაუმოწმებიათ ინფორმაცია და არც უცდიათ მისი გადამოწმება. სწორედ ინფორმაციის გადაუმოწმებლობამ გამოიწვია არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის იმის, რომ თითქოს კონსტანტინე ყიფიანის თანამშრომელი/პარტნიორი თეიმურაზ პატარიძე კუდის ყოფილი მაღალჩინოსანია. ასევე არ მიეცა საშუალება თავად ყიფიანს, რომ გაეცა პასუხი ბრალდებებზე, რომ ის ბიზნესის დატერორებაში მონაწილეობდა და ა.შ. ეს ყველაფერი ვერ ჩაითვლება ქარტიის პირველ პრინციპთან შესაბამისად და ცალსახაა, რომ ჟურნალისტმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო სიუჟეტებში გავრცელებული ინფორმაციას არ შეიძლებოდა ჰყოლოდა წყარო, ვინაიდან ის სიმართლეს არ შეესაბამებოდა. საბჭო განმარტავს, რომ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ავტომატურად არ ნიშნავს წყაროს არარსებობას. შეიძლება, სხვა, აუდიტორიისათვის არაიდენტიფიცირებულმა  წყარომ ჟურნალისტს მიაწოდა ინფორმაცია, თუნდაც ის, რომ კონსტანტინე ყიფიანის თანამშრომელი, თეიმურაზ პატარიძე კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი იყო. ეს უკვე ნიშნავს, რომ წყარო არსებობს. ჟურნალისტი რომ არ ამოწმებს ამ ინფორმაციას, ეს იწვევს ქარტიის პირველი და არა მე-3 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად, „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. სადავო სიუჟეტში ნაჩვენები იყო გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ტოვებდა კონსტანტინე ყიფიანის შესახებ ოპერატიული დოსიეს შთაბეჭდილებას [მითითებული იყო მისი კარიერული საფეხურები და ა.შ.]. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ეს დოსიე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებიდან გამოჟონილი/მიღებული და, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მოპოვებული ინფორმაცია. ქარტიის საბჭომ მიიჩნევს, რომ ვერც თავად სიუჟეტი და ვერც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არგუმენტაცია ვერ ადასტურებს, რომ ჟურნალისტებმა „დოსიე“ შსს სამსახურებიდან არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მიიღეს.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. დადგენილი ფაქტია, რომ ორივე მედიასაშუალებისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ არ შეასწორეს ინფორმაცია. ეს იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი აპელირებდა, რომ მისი დისკრიმინაცია მოხდა პოლიტიკური ნიშნით. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას. ის თავისი კარიერის მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში როგორც „ნაციონალური მოძრაობის”, ისე „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში. ეს დადასტურებული ფაქტია. საბჭო არ მიიჩნევს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მოტივს პოლიტიკური ნიშანი წარმოადგენდა. სადავო სიუჟეტების ძირითადი მიზანი იყო არა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, არამედ „პასუხი“ მთავარი არხის მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებული სახით ვერ დადგინდა, რომ ჟურნალისტმა წინასწარ იცოდა, რომ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. მხოლოდ ის, რომ არ გადაამოწმა,  არ წარმოადგენს საკმარის წინაპირობას მე-11 პრინციპის დარღვევისათვის.

 

სარეზოლუციო ნაწილი


  1. ცოტნე გეგეჭკორმა და POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. ცოტნე გეგეჭკორს და POSTV-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3, მე-4, მე-7 და მე-11 პრინციპები.

 

განცხადება

სადავო მასალა POSTV

სადავო მასალა იმედი

Related Articles

Articles Not Nound!