გადაწყვეტილება საქმეზე - შოთა შალამბერიძე სერგო ჩივაძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 10 პრინციპი;
განმცხადებელი : შოთა შალამბერიძე;
მოპასუხე : სერგო ჩივაძე;

03 ივნისი 2021 წელი

საქმე N - 467

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე, სოფიო ჟღენტი, გულო კოხოძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შოთა შალამბერიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ KutaisiToday.ge-ს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5, მე-10 და მე-11 პრინციპები. მოპასუხედ  განისაზღვრა  KutaisiToday.ge-ს პასუხისმგებელი პირი, სერგო ჩივაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

2021 წლის 26 თებერვალს სერგო ჩივაძემ, საკუთარ, პერსონალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ: ქუთაისში, სასტუმრო „Hotel & Terrace Rero” შენობაში, Covid-რეგულაციების დარღვევით, იმართებოდა ე.წ. „კარაოკე ფართი“, „ტუსოვკა“ და ამ კანონდარღვევაზე სამართალდამცავი ორგანოები არ რეაგირებდნენ. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებას უძღვებოდა შოთა შალამბერიძე, რომელიც „სახელმწიფო უშიშროების მაღალჩინოსნის შვილია”. სტატუსის სახით გამოქვეყნებულ ტექსტს თან ახლდა ფოტოსურათები, მათ შორის შალამბერიძეების ოჯახური ფოტო. არასრულწლოვანი წევრების სახეები დაფარული იყო, მაგრამ ჩანდა შოთა შალამბერიძის, მისი ძმის და მშობლების სახეები.

ზემოაღნიშნული სტატუსი, ფოტოებითურთ, გააზიარა KutaisiToday.ge-მ საკუთარ Facebook გვერდზე.

განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სწორედ ზემოაღნიშნული სტატუსის შინაარსს და აცხადებდა, რომ 26 თებერვალს არავითარი ღონისძიება არ გამართულა. თავის მხრივ, მოპასუხემ მიუთითა, რომ საბჭოს განცხადება საერთოდ არ უნდა განეხილა, რადგან იგი კერძო პირის [სერგო ჩივაძის] პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

ქარტიის საბჭო არ იხილავს ჟურნალისტების მიერ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ვინაიდან არ მიიჩნევს მას ჟურნალისტურ პროდუქტად, მაგრამ სხვა მიდგომა აქვს, თუ ამ ინფორმაციას ავრცელებს ან აზიარებს მედიასაშუალება ნებისმიერი საჯაროდ ხელმისაწვდომი პლატფორმის მეშვეობით.

KutaisiToday.ge-ს თავის Facebook-გვერდზე მითითებული აქვს, რომ ის არის მედია [Media/news company], ხოლო აღწერაში ხაზს უსვამს, რომ არის ახალი ამბების სააგენტო და მკითხველს მოუწოდებს - „შეიტყვეთ სწორი ინფორმაციები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე“. 

სერგო ჩივაძის პერსონალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ჟურნალისტურ პროდუქტად აქცია მედიასაშუალებამ მისი გაზიარებით. 

2018 წელს ქარტიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ“. მედიასაშუალება primetime.ge-მ გამოაქვეყნა კერძო პირის Facebook-სტატუსი და, როგორც წინამდებარე შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ საქმეშიც, მოპასუხე მიუთითებდა, რომ მას არ უნდა დაკისრებოდა სარედაქციო პასუხისმგებლობა. საბჭომ მიუთითა, რომ: „როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა, ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს“. სწორედ აღნიშნულ პრაქტიკას ეყრდნობა და იმეორებს საბჭო და მიუთითებს, რომ მართალია სერგო ჩივაძის მიერ პირად გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიმართ, არ შეიძლება რელევანტური იყოს ქარტიის პრინციპები, მაგრამ როცა ამ ინფორმაციას უკვე აზიარებს KutaisiToday.ge, რომელსაც თავის მხრივ მითითებული აქვს, რომ ის არის მედია, სადაც შეგიძლია შეიტყო „სწორი ინფორმაციები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე“, სრულად ლეგიტიმურია, რომ საბჭომ იმსჯელოს გაზიარებული ინფორმაციის შინაარსის ეთიკის პრინციპებთან შესაბამისობაზე.

ამ შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რომ თავად სერგო ჩივაძეა მედიასაშუალება KutaisiToday.ge-ს პასუხისმგებელი პირი. როცა სერგო ჩივაძე თავის პირად გვერდზე ავრცელებდა ინფორმაციას, მას არ ბოჭავდა ეთიკური ვალდებულებები, მაგრამ, როგორც კი მან ინფორმაცია გაავრცელა მედიასაშუალების მეშვეობით, ის მოექცა ეთიკის პრინციპების დაცვის ვალდებულების ქვეშ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭოს პრაქტიკას და განმარტებებს სრულად შეესაბამება KutaisiToday.ge-ს მიერ გამოქვეყნებული [მათ შორის პოსტის გაზიარების სახით] ინფორმაციის ჟურნალისტურ პროდუქტად განხილვა.

განსახილველ შემთხვევაში საბჭო არ მსჯელობს, გავრცელებული ინფორმაცია იყო თუ არა სწორი, არამედ აფასებს, მიეწოდა თუ არა მკითხველს ინფორმაცია გადამოწმებული, დაბალანსებული სახით.

კერძო პირის, სერგო ჩივაძის სტატუსი, თავის არსით არის წყარო მედიასაშუალებისათვის, რომელიც ავრცელებს სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციას. ქარტიის პრაქტიკის განმარტების თანახმად, მინიმუმ ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიასაშუალება ვალდებული იყო, გადაემოწმებინა ინფორმაცია, დაკავშირებოდა შოთა შალამბერიძეს ან/და „Hotel & Terrace Rero”-ს და დაეზუსტებინა ინფორმაცია, მიმდინარეობდა თუ არა მართლაც ასეთი ღონისძიება მათ შენობაში და ეწინააღმდეგებოდა თუ არა ეს კანონის მოთხოვნებს, ასევე მიეთითებინა, კონკრეტულად რა ნაწილში არღვევდა რეგულაციებს. აქვე ყურადსაღებია, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ახლდა ე.წ. „სქრინი“  „Hotel & Terrace Rero”-ს Facebook გვერდიდან, რომლის თანახმად, სასტუმრო მართლაც აანონსებდა 26 თებერვალს კარაოკე საღამოს მოწყობას, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავდა, რომ (1) საღამო ჩატარდა ან/და (2) მისი ჩატარება რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდა. 

გავრცელებულ ინფორმაციაში არ ჩანდა გადამოწმების მცდელობაც, რაც შეუსაბამოა ქარტიის პირველ პრინციპთან და იწვევს მის დარღვევას.

განმცხადებელი კიდევ ერთ პრეტენზიას გამოთქვამდა. კერძოდ, ის მიუთითებდა, რომ მამამისი არ იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი. მას ცალსახად არ უარყვია, რომ მისი მშობელი მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ოღონდ არ მიუთითა კონკრეტულად რა პოზიციაზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, საერთოდ იმსჯელოს ამ ინფორმაციაზე ან/და შეაფასოს „მაღალჩინოსნობა“. შესაბამისად, ამ ნაწილში ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა, განსახილველ შემთხვევაში წყარო [მაგალითად თავად  „Hotel & Terrace Rero” Facebook-გვერდი] არსებობს.  მედიასაშუალებას ეს  ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. შესაბამისად დადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.  

მე-5 პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია, “შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხემ იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ, და წინამდებარე გადაწყვეტილებით დადასტურდა ამ პრეტენზიების საფუძვლიანობა. მიუხედავად ამისა, მან ინფორმაცია არ გაასწორა. გავრცელებული სტატუსი, უცვლელი სახით იყო გამოქვეყნებული მედიასაშუალების Facebook-გვერდზე საქმის განხილვის დღემდე. მისი წაშლა მხოლოდ სხდომის მიმდინარეობისას მოხდა. მიუხედავად ამისა, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული, ვინაიდან ინფორმაცია არ შეუსწორებიათ ქარტიის საბჭოს მიერ რეკომენდირებული წესით, რომლის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მკითხველმა თავად მედიასაშუალებიდან იცოდეს, რომ გავრცელებული იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. 

განმცხადებელმა ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა დისკრიმინაცია/სიძულვილის ენა/სტიგმატიზება. თავის მხრივ, საბჭომ ვერ გამოკვეთა გარემოებები, რომელიც მიუთითებდა მე-7 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-10 პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

როგორც აღინიშნა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სავარაუდო სამართალდარღვევაზე უთითებდა, თან ახლდა ფოტოსურათი, სადაც იდენტიფიცირებადი იყო განმცხადებლის ოჯახის წევრები: დედა, მამა და ძმა.

საოჯახო ფოტოზე გამოსახული პირები არანაირად არ უკავშირდებოდნენ გავრცელებულ ინფორმაციაში მოთხრობილ გადაუმოწმებელ ამბავს. მკითხველს ეს ფოტო ამბის შესახებ დამატებით და ობიექტურ ინფორმაციას არ აწვდიდა. არ არსებობდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი ფოტოზე გამოსახული პირების მიმართ, შესაბამისად ფოტოს გამოქვეყნებით მოხდა მასზე ასახული პირების ნაწილის პირადი ცხოვრების ხელყოფა და მე-10 პრინციპის დარღვევა. 

განმაცხადებელი სადავოდ ხდიდა ქარტიის მე-11 პრინციპის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელმა ვერ მიუთითა საბჭოს, თუ რა მოტივი ან განზრახვა შეიძლება ჰქონოდა ჟურნალისტს, რომ განზრახ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაევრცელებინა. საბჭომ ვერც ის დაადგინა, რომ ჟურნალისტმა დანამდვილებით იცოდა, რა იყო ნამდვილი ფაქტი  და მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. შესაბამისად, საკმარისი არგუმენტების და მტკიცებულებების არ არსებობის საფუძველზე, მე-11 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.


სარეზოლუციო ნაწილი

  1. სერგო ჩივაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-10 პრინციპი.
  2. სერგო ჩივაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-11 პრინციპი.


განცხადება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!