განმცხადებელი : ლაშა ჯანიბეგაშვილი;
მოპასუხე : გურამ როგავა, ლუკა ხაჩიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
2 სექტემბერი 2021 წელი
საქმე N – 468
საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი,
გულო კოხოძე, ირმა ზოიძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლაშა ჯანიბეგაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში, 2021 წლის 6 თებერვალს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-4 და მე-11 პრინციპი. სიუჟეტი ეხებოდა მოქალაქის ბრალდებას ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის მიმართ, რომ იგი ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სექსუალურად ავიწროებდა მოქალაქეს. სიუჟეტში ასევე საუბარი იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი გურამ როგავა და სიუჟეტის ავტორი ლუკა ხაჩიძე.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებელი,
ისე მოპასუხის წარმომადგენელი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
მხარეთა მოსმენის შემდეგ საბჭომ ძირითად სადავო საკითხად შემდეგი ნაწილები გამოჰყო:
წამყვანის ფრაზები: „ადვოკატი, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, თავად არის ძალადობაში ბრალდებული“, „სექსუალურ შევიწროებაში იურისტი უკვე ოფიციალურად ომბუდსმენმაც ამხილა“.
ქარტიის საბჭო პირველ პრინციპთან შეუსაბამოდ მიიჩნევს წამყვანის ფრაზას: „ადვოკატი, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს, თავად არის ძალადობაში ბრალდებული“.
აღნიშნული ფრაზით წამყვანი მტკიცებით ფორმაში აწვდის აუდიტორიას ინფორმაციას, რომ თითქოს ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ძალადობაზე, რომლის ფარგლებშიც იგი ბრალდებულია. როგორც საბჭომ დაადგინა, ლაშა ჯანიბეგაშვილს არა აქვს ბრალდებულის სტატუსი, შესაბამისად, ჟურნალისტმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, როცა შესაბამისი წესით დაუდასტურებლი ამბავი მიაწოდა მაყურებელს, როგორც ფაქტი.
რაც შეეხება მეორე ფრაზას, აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლის თანახმად: „2020 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით (N11971/20) მომართა ნ.გ.-მ, რომელიც მიუთითებს, რომ ადვოკატ ლ.ჯ.-ს მხრიდან გახდა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ლ.ჯ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ.გ.-ს მიმართ სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის მიმოწერაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი და დამაშინებელი გარემო“. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტს უფლება ჰქონდა, დადასტურებული ფაქტის სახით აუდიტორიისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ „სექსუალურ შევიწროებაში იურისტი უკვე ოფიციალურად ომბუდსმენმაც ამხილა“.
ქარტიის მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”. განცხადებაში არ იყო მითითებული, თუ კონკრეტულად რომელი ინფორმაცია, ფოტო ან დოკუმენტი მოიპოვა ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად და ვერც სხდომაზე დაასაბუთდა. შესაბამისად, მე-4 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
ქარტიის მე-11
პრინციპი: „ჟურნალისტმა
უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საბჭო მოცემულ შემთხვევაში არ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა
ფაქტი განზრახ დაამახინჯა. ჟურნალისტის მიერ ლაშა ჯანიბეგაშვილის
„ბრალდებულებად“ მოხსენიება მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევას
წარმოადგენს და არ იკვეთება მოტივი ან სხვა გარემოება, რომელიც
საფუძველს მისცემდა საბჭოს, რომ მე-11 პრინციპი დარღვეულად
მიეჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- გურამ როგავამ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- გურამ როგავას არ დაურღვევია ქარტიის მე-4 და მე-11 პრინციპი.
- ლუკა ხაჩიძეს არ დაურღვევია ქარტიის პირველი, მე-4 და მე-11 პრინციპი.