გადაწყვეტილება საქმეზე - ენკა რინიუებლზ მაია სტეფნაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ენკა რინიუებლზ;
მოპასუხე : მაია სტეფნაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;

23  ოქტომბერი  2021 წელი

საქმე N – 472

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, სოფიო ჟღენტი.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა კომპანია „ენკა რინიუებლზ”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 7 მარტს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გასულ გადაცემაში „ხალხი ხალხისთვის მაია სტეფნაძესთან ერთად“, დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა გადაცემის წამყვანი მაია სტეფნაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე, მათ შორის მხარეთაგან დამატებითი ინფორმაციის/განმარტების გამოთხოვის გარეშე“.   განცხადება საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2021 წლის 7 მარტს, ტელეკომპანია „TV-პირველის“ ეთერში გასულ მაია სტეფნაძის საავტორო გადაცემაში „ხალხი ხალხისთვის მაია სტეფნაძესთან ერთად“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი. გადაცემა ეხებოდა ნამოხვანიჰესის მშენებლობას და სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად წამყვანი განიხილავდა აღნიშნულ საკითხს.

სადავო გადაცემაში ითქვა, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით თურქულ კომპანიას [იგულისხმება კომპანია „ენკა”] საკუთრებაში გადაეცა რუსეთის საზღვრის მამისონის უღელტეხილის მონაკვეთი. ამასთან, დაკავშირებით განმცხადებელი უთითებდა, რომ: „მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მიწების გადმოცემის შესახებ მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საინვესტიციო პირობას წარმოადგენს, რომ ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით უნდა ააშენოს ნამოხვანი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთი და საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ. უფრო მეტიც, ხელშეკრულებაში თანახმად 3.2.6 „g“ მუხლში ნათლად წერია, რომ გზასთან დაკავშირებული მიწა არათუ საკუთრებაში, არამედ სარგებლობაშიც არ შეიძლება გადაეცეს ინვესტორს“.

საბჭომ თავადაც მოიკვლია და დაადგინა, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტი არ არსებობს, კერძოდ არცერთი საკანონმდებლო აქტით თუ ხელშეკრულებით არ დასტურდება, რომ სახელმწიფომ კერძო კომპანიას საკუთრებაში გადასცა რუსეთის საზღვრის მამისონის უღელტეხილის მონაკვეთი. ჟურნალისტმა გადაცემაში არ მოიწვია ის მხარე, რომელიც დაადასტურებდა ან უარყოფდა მსგავსი ინფორმაციის ნამდვილობას [მეორე მხარე]. შესაბამისად, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი აღნიშნავდა რომ სადავო გადაცემაში, როცა საუბარი ეხებოდა მშენებელ კომპანიას [ენკა], იქვე აქცენტირებული იყო ქსენოფობიური [თურქოფობიული] ნარატივი, და კომპანიის მიერ ჰესის მშენებლობა გაიგივებული იყო მტრის შემოჭრასთან [„დღეს საქართველოს მთავრობის ხელმოწერით და კერძოდ გახარიას მიერ მოწერილი დოკუმენტით, გადაეცა თურქულ კომპანია „ენკას“ და გადაეცა სიმბოლურ 121 ლარად. რაიმე თარიღი ხომ არ გაგახსენათ ქართველებო ამ ციფრმა- 121 წელი. სწორედ წელს 900 წელი ხდება, როცა დავით აღმაშენებელმა 1121 წელს დიდგორის ომი მოიგო და აი ეს ადამიანები დღეს, დიდგორზე, აი აქ დგანან და ნამახვანის ხეობაში ისინი იცავენ საქართველოს.“].

სადავო გადაცემაში რესპონდენტების მიერ გამოყენებული ლექსიკა და დამოკიდებულება ატარებდა დისკრიმინაციულ ხასიათს ეთნიკური ნიშნით, ამ დროს ჟურნალისტს არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, რომ დისკრიმინაციული ტერმინოლოგია/დამოკიდებულება არის მიუღებელი როგორც მისთვის, ისე მედიასაშუალებისათვის. ამით მან ხელი შეუწყო დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით, რაც წარმოადგენს ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მაია სტეფნაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და  მე-7  პრინციპი.

 

 

განცხადება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!