გადაწყვეტილება საქმეზე - მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარების ცენტრი TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარების ცენტრი;
მოპასუხე : TV პირველის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

25 ნოემბერი 2021 წელი

საქმე N – 508, 509

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნანა ბიგანიშვილი, გულო კოხოძე, სოფიო ჟღენტი, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N508 და N509] მომართა მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარების ცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია TV პირველის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციებით დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპები. ამასთან, ვერ მოხდა კონკრეტული ავტორის/პასუხისმგებელი ჟურნალისტების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად [3.4],  „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც განმცხადებლის, ისე მოპასუხე ტელევიზიის წარმომადგენლები.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო ინფორმაცია:

1.      2021 წლის 06 ივლისს, TV პირველის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო და ინფორმაცია, რომლის თანახმად LGBTQ+ პირებს სოლიდარობას უცხადებდა ნეკრესის დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ფოტოზე გამოსახული არ იყო ნეკრესის ეპარქიის მონაზონი, მეტიც ნეკრესის ეპარქიაში საერთოდ არ არსებოს დედათა მონასტერი, რომ გამოქვეყნებული ფოტო რეალურად ეკუთვნოდა სხვა პირს - Екатерина Смичок, რომელიც ცხოვრობს და მსახურობს უკრაინის ეკლესიაში და რომ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია არც მას. 

 

2.      2021 წლის 11 ივლისს TV პირველის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა 1992 წელს გაგრაში, საომარი მოქმედებების დროს გადაღებული, ბატალიონ „ავაზას” წევრის, შიო კობიძის ფოტო. ფოტოს აღწერაში მითითებული იყო, რომ  თითქოს ამ ფოტოზე გამოსახული იყო  „TV პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა და იგი გადაღებული იყო 2008 წლის აგვისტოს ომში. შეცდომაზე მითითების შემდეგ ფოტოს სათაური რამდენჯერმე შეიცვალა [„დაწერეს, რომ ვითომ ლექსოს მამა გახლდათ მეორე სურათზე და შემდეგ კიდევ შეცვალეს და სათაურის გარეშე დატოვეს“] და შემდეგ საერთოდ წაიშალა.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მართლაც გავრცელებული ინფორმაციები არ იყო სწორი და გამოწვეული იყო ტელეკომპანიის სოციალური გვერდების მენეჯერის დაუდევრობით და არაპროფესიონალიზმით, რასაც შესაბამისი პასუხისმგებლობა მოჰყვა. ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან ეს არასწორი ინფორმაცია გავრცელდა არა ტელეეთერით, არამედ სოციალური ქსელით, იგივე სარედაქციო პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა ტელევიზიას.

საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას და აღნიშნავს, რომ „ქარტიის საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტად არ მიიჩნევს ინფორმაციას, რომელიც გავრცელდა როგორც პერსონალური მოსაზრება, ან გამოქვეყნდა პირადი ანგარიშით. მაგალითად, თუ ჟურნალისტი თავისი პირად Facebook-გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, ეს არ ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად, მაგრამ, თუ იმავე სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება საინფორმაციო საშუალების სახელით, ეს შეიძლება იყოს ქარტიის საბჭოს განხილვის საგანი“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პირველი პრინციპის დარღვევას.

მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაცია თავად ჟურნალისტმა შექმნა, წყარო არ ჰყოლია და, შესაბამისად, დარღვეული იყო მე-3 პრინციპი. განმცხადებელი მე-3 პრინციპის დასაბუთების კუთხით აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტს, Google image search გამოყენებით მარტივად შეეძლო შეემოწმებინა, რამდენად ავთენტური და შესაბამისი იყო ფოტოები გავრცელებულ ინფორმაციასთან. მოპასუხე უთითებდა, რომ მათ ეს ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ ისე გაავრცელეს, რომ არ გადაუმოწმებიათ.

საბჭო აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გადაუმოწმებლობა, არასათანადო ძალისხმევის, ან საერთოდ  ძალისხმევის არ გაწევა ინფორმაციის შემოწმებისათვის წარმოადგენს ქარტიის 1-ლი და არა მე-3 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  პლაგიატი”.  საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონდა განზრახვას. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტს მიუთითეს შეცდომის შესახებ, ინფორმაციები წაიშალა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. TV პირველის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. TV პირველის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

 

Related Articles

Articles Not Nound!