გადაწყვეტილება საქმეზე - შიო ხიდაშელი Alia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : შიო ხიდაშელი;
მოპასუხე : Alia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

27 იანვარი,  2022 წელი

საქმე N – 523

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოქალაქე შიო ხიდაშელმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ alia.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში „მოქალაქე აჩერებს პატრულის ეკიპაჟს და ეკითხება “ნორმალურები თუ ხართო… პოლიციელი გმირია” – დავით გირგვლიანი“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-7 და მე-11 პრინციპები. სადავო სტატით ვერ მოხდა კონკრეტული მოპასუხე ჟურნალისტის იდენტიფიცირება, შესაბამისად, ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის 1-ლი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი იყო დავით გირგვლიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამოაქვეყნა მედიასაშუალებამ. აღნიშნულ ინფორმაციაში დავით გირგვლიანი გამოეხმაურა ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახული იყო მოქალაქის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის კონფლიქტი. დავით გირგვლიანი აღნიშნავდა, რომ ვიდეო ემსახურებოდა „პოლიციის თანამშრომლის და ზოგადად პოლიციის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას“, აცხადებდა, რომ ვიდეოში ასახული მოქალაქე არ ემორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას და იყო დესტრუქციული - „აღნიშნული მოქალაქე ეთიკის ყველა ნორმას გასცდა. იგი არაფრად აგდებდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავისივე დესტრუქციული ქმედებებით შეწუხებულ ტაქსის მძღოლს“. ასევე, ბრალს სდებდა მოქალაქეს, რომ იგი სოციალურ ქსელში ვიდეოსთან დაკავშირებულ კომენტარებს შლიდა: „იშლებოდა კომენტარები, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არ მოიხსენიებდნენ აღნიშნულ პატრულ-ინსპექტორს და ზოგადად პოლიციას.“

ქარტიის საბჭოს პრაქტიკა და განმარტებები ცალსახად მედიაპროდუქტად განიხილავს მედიის მიერ, თუნდაც უცვლელად, სხვა პირის მოსაზრების გავრცელებას.  საქმეში − „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ (2018 წელი), რომელიც ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებული პერსონალური სტატუსის მედიის მიერ გამოქვეყნებას ეხებოდა, საბჭომ აღნიშნა რომ:

„როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა, ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, ასრულებს სხვა ეთიკურ ვალდებულებებს [არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, დისკრიმინაციის თავიდან არიდება ა.შ]. სწორედ მედია საშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ითვლება ჟურნალისტურ პროდუქტად“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ მედია გაავრცელებს კერძო პირის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია იქცევა ჟურნალისტურ პროდუქტად და მის მიმართ არსებობს სარედაქციო პასუხისმგებლობა. მითითებული შეფასების საფუძველზე ჩანს, რომ მედია ავრცელებს მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას და არ იცავს ბალანსს, არ ამოწმებს გავრცელებულ ინფორმაციას, არ ცდილობს მეორე მხარისაგან ან სხვა წყაროსაგან დამატებით განმარტებების მოპოვებას, რათა მკითხველს მიაწოდოს გადამოწმებული ამბავი, შესაბამისად, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. განსახილველ შემთხვევაში წყარო - დავით გირგვლიანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და ასევე საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეო სახეზეა, შესაბამისად მე-3 პრინციპი არ დარღვეულა.

ქარტიის მე-4 პრინციპი: “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”. როგორც აღინიშნა, დავით გირგვლიანის სტატუსი, ასევე ვიდეო, საჯაროდ იყო გავრცელებული და ვერ გამოიკვეთა ინფორმაციის არაკეთილსინდისიერი ან არასამართლიანი მეთოდებით მოპოვება.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი აზრით მოხდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, მაგრამ განხილვის დროს მან ვერ მიუთითა, კონკრეტულად სად ან რომელ ფრაზაში იკვეთებოდა დისკრიმინაცია და არ დადგინდა მე-7 პრინციპის დარღვევა.

მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. ასევე ვერ დაასაბუთა განმცხადებელმა მედია საშუალების განზრახვის მოტივი და ვერ წარმოადგინა არგუმენტაცია, რომელიც განზრახვას დაადასტურებდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      Alia.ge-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.

2.      Alia.ge-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4, მე-7 და მე-11 პრინციპები.

 

განცხადება

სადავო მასალა

 

 

Related Articles

Articles Not Nound!