გადაწყვეტილება საქმეზე - მწვანე ალტერნატივა ეკა მიშველაძისა და ალექსი პეტრიაშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : მწვანე ალტერნატივა;
მოპასუხე : ეკა მიშველაძე, ალექსი პეტრიაშვილი;

23 ოქტომბერი,  2021 წელი

საქმე N – 501

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, ნინა ხელაძე, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე, ნანა ბიგანიშვილი


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივამ”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 21 მაისს ტელეკომპანია „პირველის” ეთერში გასულ გადაცემაში  „პოლიტიკური პარასკევი” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები ეკა მიშველაძე და ალექსი პეტრიაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენლები, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ ესწრებოდნენ და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენიათ.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო გადაცემა ეხებოდა ნამახვანიჰესის მშენებლობას და საზოგადოების ნაწილის პროტესტს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ.

განმცხადებელი წამყვანების რამდენიმე ფრაზას ხდიდა სადავოდ, მათ შორის:

       „მე ისიც წავიკითხე, რომ იქ ზუთხი საერთოდ არ არსებობსო. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, მაგრამ ასე წავიკითხე“ - ამბობს ეკა მიშველაძე, გადაცემის ბოლოს კი ნამახვან ჰესის მხარდამჭერ გიორგი აბრამიშვილს, რომელიც ენერგეტიკულ ორგანიზაციას წარმოადგენს ეკითხება: „ზუთხი გაწყდება”?  ის პასუხობს - „ზუთხი არც ყოფილა იქ” და ჟურნალისტი ისე წარმართავს გადაცემის ამ ნაწილს, თითქოს ინფორმაციის ამ წყაროებიდან ამგვარი „დასაბუთება“ საკმარისია.

       ალექსი პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში გაჩერებულია 84 ჰესი, ხოლო ზურა გირჩი ჯაფარიძე იმავე საკითხზე ამბობს, რომ გაჩერებულია 54 ჰესი და ამ რიცხვებს ორივე მათგანი არაერთხელ იმეორებს. გაურკვეველია, რა წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება ეს რიცხვი, ჟურნალისტი არ ცდილობს ამ ინფორმაციის დაზუსტებას.

       გადაცემის დასასრულისკენ წამყვანი ეკა მიშველაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნამახვანჰესის სამუშაოები გაჩერებულია, „გადადებულია” ჰესის მშენებლობა 12 თვით. მართალია, მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს მთავრობამ, თუმცა, ეს ინფორმაცია არაერთხელ უარყვეს იმ ადამიანებმა ვინც ხეობაში იყვნენ და გაავრცელეს მუშაობის ამსახველი ვიზუალური მასალა, მათ შორის, ეს მასალები გაავრცელეს მედიებმაც.

       ინფორმაცია, რომ საქართველოში პროტესტის გამო გაჩერებული 84 ჰესის პროექტის ბიუჯეტი  შეადგენს 4 მილიარდ დოლარს, არის მცდარი. რაც შეეხება „დაკარგულ 4 მილიარდ ინვესტიციას”, ამ თანხის უმეტესი ნაწილი მოდის რამდენიმე პროექტზე (და არა 84 ჰესზე), რომელთა შეჩერებაც არ არის დაკავშირებული საზოგადოების პროტესტთან.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა თემაზე მუშაობისას უნდა დაიცვას სიზუსტის პრინციპი და აუდიტორიას მიაწოდოს გადამოწმებული ინფორმაცია. ოფიციალური და სანდო წყაროები ადასტურებს, რომ მდინარე რიონი წარმოადგენს ზუთხისებრების 6 სახეობის საბინადრო მდინარეს. ასევე, ოფიციალური წყაროდან არ დასტურდება ინფორმაცია, რომ „ყველა“, 84-ვე ჰესის მშენებლობა შეჩერებულია პროტესტის გამო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰესების პროექტების შეჩერების სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ინვესტიციების შესახებ კი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია.

აქედან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში წყარო [მაგალითად: პოლიტიკოსები, სფეროში ჩართული სხვა პირები] არსებობს. ჟურნალისტებმა კი ინფორმაცია არასწორად გაავრცელეს და სათანადოდ არ გადაამოწმეს. შესაბამისად, საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია. 

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებმა გადაცემაში არ მოიწვიეს ყველა მხარე, რათა დაცული ყოფილიყო ბალანსი და თანაბრად წარმოჩენილიყო ყველას პოზიცია. ამ მხარეში იგულისხმებიან მეცნიერები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წლებია მუშაობენ ნამახვანჰესის პროექტზე [არ იგულისხმებიან რიონის ხეობის მცველები, რომლებზეც წამყვანმა განაცხადა, რომ გადაცემაში მოწვეული იყვნენ, თუმცა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე. საჯაროდ ცნობილია, რომ რიონის ხეობის მცველები „ენკასთან” დებატებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ].

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში დაისვა ბევრი სამეცნიერო შეკითხვა, რომელზეც პასუხები ან გაუცემელი დარჩა, ან მხოლოდ „ენკას“ ინტერესებიდან გამომდინარე გაეცა პასუხი, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაცემაში დარგის სპეციალისტები ყოფილიყვნენ მოწვეული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გადაცემის წამყვანებს წინასწარი განწყობები ჰქონდათ თემასთან დაკავშირებით: საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უჭერენ მხარს. 

ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას. საბჭოს მოსაზრებით, ჟურნალისტების მხრიდან იკვეთება განზრახვა, რომ საზოგადოებას მიეღო დაუბალანსებელი და არაზუსტი ინფორმაცია, რაც წარმოადგენს მე-11 პრინციპის დარღვევას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ეკა მიშველაძემ და ალექსი პეტრიაშვილმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.
  2. ეკა მიშველაძეს და ალექსი პეტრიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!