გადაწყვეტილება საქმეზე - ბექა ბასილაია ანუკი გუმბერიძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ბექა ბასილაია;
მოპასუხე : ანუკი გუმბერიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

10 თებერვალი,  2022 წელი

საქმე N – 536

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, ზვიად ქორიძე, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ბექა ბასილაიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 05 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემა „იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტში, სათაურით „ერთი კაცის ქვეყანა” დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად სიუჟეტის ავტორი ანუკი გუმბერიძე განისაზღვრა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს. სადავო გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში ასევე საუბარი იყო განმცხადებელ ბექა ბასილაიზე: „სააკაშვილის პროკურატურის სახეა ახლა უფლებადამცველის მანტიამორგებული ბექა ბასილაიაც, ყოფილი პროკურორი, რომლის დანაშაულებრივ ქმედებაზე არაერთი დაზარალებული საუბრობს" - ნათქვამია სიუჟეტში. ბექა ბასილაიზე მიუთითებს ერთ-ერთი რესპონდენტიც, რომელიც იხსენებს მისი დაკავების ფაქტს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში: „დაახლოებით 11 საათი ვიყავი ბექა ბასილაიას ოთახში, არანაირი წყალი, არანაირი საშუალება იმის, რომ ცუდად ვიყავი თუ კარგად ვიყავი... აიღებდა ტელეფონს და დარეკავდა, იმას რა უყავით, იმის შვილს რა უყავით, რომ ეს მე მომესმინა, გამეგო და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინა ამ ყველაფერზე", „მითხრა, რომ კარგად დაიმახსოვრე ახლა რასაც გაჩვენებ. შენ არ დაგიჭერ, შენ გყავს მეუღლე, გყავს დედ-მამა და ცოცხლად დაიტანჯები, გარეთ რომ იქნებიო. აი, ეს მძიმე კითხვა მახსოვს, რომ შვილები არ გეცოდებაო?“ .

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტის მომზადების პერიოდში მას ჟურნალისტი არ დაკავშირებია, რათა მასალაში მისი პოზიცია აესახა. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიუჟეტში ბალანსი არ იყო დაცული და მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ მედიასაშუალება მას უნდა დაკავშირებოდა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში მის მიმართ მძიმე ბრალდებები [ფსიქოლოგიური ზეწოლა, იძულება, მუქარა] იყო გაჟღერებული, ამიტომ მხოლოდ ერთ მხარეზე [ვალერი შოშიაშვილის ინფორმაციაზე] დაყრდნობით საზოგადოება იღებდა არასწორ და დაუბალანსებელ ინფორმაციას. აქვე განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ყველა ეს ბრალდება იყო აბსურდული და თუ ჟურნალისტი მას დაუკავშირდებოდა, შეეძლო ყველა ბრალდებაზე არგუმენტირებულად გაეცა პასუხი და დაემტკიცებინა მათი უსაფუძვლობა.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას იმისათვის, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტში ბექა ბასილაიას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, პასუხი გაეცა გაჟღერებულ ბრალდებებზე. საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ მას სურდა  მხარესთან დაკავშირება და მისი კომენტარის მოპოვება, ბალანსის დაცვა. სწორედ აქედან გამომდინარე, საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

 

  1. ანუკი გუმბერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!