გადაწყვეტილება საქმეზე - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი commersant.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

განმცხადებელი : დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი;
მოპასუხე : commersant.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

11  დეკემბერი  2021 წელი

საქმე N – 516

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, სოფიო ჟღენტი, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა [შემდგომ „ცენტრი“], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოს, commersant.ge განთავსებულ მასალაში „თეა გოდოლაძეს საქართველოს მეცნერებათა ეროვნული აკადემიაც ამხელს - არჩილ კაიკაციშვილი“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპი. ამასთან, ვერ მოხდა კონკრეტული ავტორი/პასუხისმგებელი ჟურნალისტების იდენტიფიცირება, ასეთ შემთხვევაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად [3.4],  „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არა-იდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე მედიასაშუალებას შეპასუხება არ წარმოუდგენია და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი იყო ძირითადად ინტერვიუ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელთან, არჩილ კაიკაციშვილთან. საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც გამოქვეყნდა ინტერვიუ, ჟურნალისტურ პროდუქტში შემდეგი სახით არის განმარტებული: „საკითხი შეეხება ქვეყნის სეისმურ მონაცემებს, რომელსაც ფლობს და დღემდე ამუშავებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი. ირკვევა, რომ დაწესებულება უარს ამბობს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებისთვის ხელმისწავდომი გახადოს სეისმური მონაცემები და განმარტებულია, რომ მეცნიერები აღნიშნულ მონაცემებს იღებენ საერთაშორისო ბაზებიდან, სადაც განთავსებულია მწირი მონაცემები მაგნიტუდა 3-ის ზემოთ საქართველოს ტერიტორიისთვის“.

ამ ამბავზე საუბრობს სწორად რესპონდენტიც და აღნიშნავს, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიამ თეა გოდოლაძე [ცენტრის ხელმძღვანელი] არაკეთილსინდისიერებასა და კანონდარღვევაში ამხილა - „მეცნიერებათა აკადემია მიიჩნევს, რომ მ. ნოდიას სახ. გეოფიზკის ინსტიტუტის მოთხოვნა, მისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში დაცული ე.წ. საწყის მონაცემთა ბაზებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით - სამართლიანია“ აღნიშნავდა რესპონდენტი.

დასასრულს, სადავო სტატიაში მტკიცებით ფორმაში მითითებულია, რომ ცენტრის მიმართ პრეტენზიები სამართლიანია - „ორგანიზაცია დაინტერესდა საკითხის შესწავლით და სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვა ინფორმაცია, აქვს თუ არა სახელმწიფოს სეისმური უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და ერთიანი ხედვა. ამასთან, რამდენად ხელმისაწვდომია ან ღია უნდა იყოს სეისმური მონაცემები დაინტერესებული პირებისთვის, მეტადრე სფეროს კვლევით დაინტერესებული მეცნიერებისთვის, რომელთა პრეტენზიები სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე - სამართლიანია“.

სადავო სტატია არ შეიცავდა მეორე მხარის [ცენტრის] საპასუხო პოზიციას.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ:

„მიგვაჩნია, რომ მასალა არის არაეთიკური და ის პირდაპირ ხელს უწყობს ტყუილის გავრცელებას, რადგან გამოცემა აქვეყნებს მძიმე ბრალდებებს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტზე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტზე და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრზე და ამ ბრალდებებს აჟღერებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ამავდროულად არის დაინტერესებული მხარის ადვოკატი და არა ოფიციალური წყარო“.  

განმცხადებელი ასევე მიუთითებდა, რომ მეცნიერთა აკადემია არ არის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეუძლია რაიმე ტიპის დავა გადაწყვიტოს გეოფიზკის ინსტიტუტსა და ცენტრს შორის და, შესაბამისად, მათი „დასკვნა“ არ არის რაიმე სამართლებრივი ძალის მატარებელი - ჩვენ ვესაუბრეთ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს, მათ დაგვიდასტურეს, რომ  აღნიშნულ დავაში ვერ ჩაერევიან და ეს ოფიციალურად დააფიქსირეს  განათლების სამინისტროსადმი მიწერილ წერილში.  შესაბამისად, გაურკვეველია, საიდან აქვს არჩილ კაიკაციშვილს ინფორმაცია, თითქოს მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა რომ გეოფიზიკის ინსტიტუტის მოთხოვნები სამართლიანია“.

როგორც აღინიშნა, სადავო სტატიაში არ იყო მოცემული ბრალდებების ადრესატების: ცენტრის ან თეა გოდოლაძის პოზიცია, არც მცდელობა ჩანდა, რომ ჟურნალისტს ერთი წყაროს პოზიცია მეორე მხარესთან გადაემოწმებინა. საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ანდა ნამდვილობის შეფასება.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ინფორმაცია გადაუმოწმებელია. გადამოწმების მცდელობაც კი არ ჩანს. მით უფრო, რომ ცენტრისა და თეა გოდოლაძის მიმართ გამოითქმის საკმაოდ მძიმე ბრალდება - „რატომ არ ხდება თეა გოდოლაძის ქმედებების მიმართ სამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამოყენება“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე დარღვეულია პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. საბჭოს შეფასებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა. ფაქტია, რომ წყარო ჟურნალისტს ჰყავდა - არჩილ კაიკაციშვილი, ხოლო ის, რომ მან ინფორმაცია არ გადაამოწმა, ეს იწვევს ქარტიის 1-ლი და არა მე-3 პრინციპის დარღვევას. 

მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:  ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საბჭოს პრაქტიკის თანახმად, განზრახვის დადგენის ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება იყოს: „მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს“. განმცხადებელმა წარმოადგინა commersant.ge-ის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალები, რომლებიც ეხებოდა ცენტრს და თეა გოდოლაძეს:

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

უტეხავდა თუ არა ფულს თეა გოდოლაძე ილიაუნის

„თეა გოდოლაძის შპს „სეისმიკ კონსალტინგ“ ყიდის სეისმურ დასკვნებს, ქმნის მონოპოლიას და სფეროში კორუფციულ რისკებს ზრდის“

„თეა გოდოლაძის თვითნებობა უნდა დასრულდეს - მიწისძვრების სრული კატალოგი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველა დაინტერესებულისთვის“ - არჩილ კაიკაციშვილი

არჩილ კაიკაციშვილი გიგა ზედანიას - ნუ დაემსგავსებით ჩრდილოეთ კორეას

აღნიშნულ სტატიებშიც ინფორმაციები მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა, არ არის გადამოწმებული და ნეგატიურ შინაარს ატარებს ცენტრის და თეა გოდოლაძის მიმართ, რაც საბჭოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ commersant.ge-ს მიერ არაზუსტი/გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს. არასწორი ინფორმაციის პერმანენტულად გავრცელება ერთი მედიასაშუალების მიერ კონკრეტულ სუბიექტზე, მიანიშნებს განზრახვაზე და შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დაირღვა მე-11 პრინციპი. 


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. commersant.ge-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპი.
  2. commersant.ge-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.


 

განცხადება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!