გადაწყვეტილება საქმეზე - თეა გოდოლაძე თამარ ლეფსვერიძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : თეა გოდოლაძე;
მოპასუხე : თამარ ლეფსვერიძე;

11  დეკემბერი  2021 წელი

საქმე N – 513

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, ნანა ბიგანიშვილი, სოფიო ჟღენტი, ირმა ზოიძე.


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თეა გოდოლაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 6 ივლისს, ipress.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით: „თეა გოდოლაძე ზუსტად ისე იქცევა, როგორც რუსეთი და მიწისძვრებზე მონაცემებს მალავს – ნინო წერეთელი“ დაირღვა ქარტიის  1-ლი, მე-3 და მე-11  პრინციპები. მოპასუხედ განისაზღვრა ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხემ პოზიცია ცალკე სტატიის სახით გამოაქვეყნა, ამასთან, სხდომაში მონაწილეობა არ მიიღო.  

სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა ილიას უნივერსიტეტთან არსებული [„ოფიციალურად, სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომლის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძეა, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია“] სეისმოლოგიის ცენტრის მიერ საქართველოს სეისმური მონაცემის დამუშავების საკითხს.

სტატიის თანხმად, „[მონაცემები] 10 წელია საჯარო აღარაა მეცნიერებისთვის, წესით, სახელმწიფოს კუთვნილებაა და საკითხის მოგვარებაც მას ევალება“ „აიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სეისმური ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ის არ აპირებს გაასაჯაროვოს ის მონაცემები, რასაც აშშ-ს მთავრობის მიერ გაცემული გრანტებით მოიპოვებენ“.

შემდგომ სტატიაში მოცემულია ინტერვიუ სეისმური ცენტრის დირექტორთან თეა გოდოლაძესთან. ამას მოსდევს გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელის, ნინო წერეთელის პოზიცია: „ნებისმიერი მასალა, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი საფრთხეების შეფასებასთან, აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მეცნიერისთვის საქართველოში“, „ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და მე არაფერს  ვიგონებ. ყველგან, მთელი  მსოფლიოს მასშტაბით, მონაცემები, რაც მიწისძვრებს,  ჰიდროლოგიას, მეტეოროლოგიას და ასე შემდეგ ეხება, არის ღია, ვინაიდან ეს არის სამეცნიერო საკითხები. ეს  გახდა ღია იმიტომ, რომ განვითარდეს ეს მეცნიერებები და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეფასებები. ახალი მეთოდები განვითარდეს და კაცობრიობამ აქედან მიიღოს სიკეთე.“   

შემდგომ სტატიაში,  არა ერთხელ ეხება ნინო წერეთელი თეა გოდოლაძეს და ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში, ბრალს სდებს მონაცემების და ინფორმაციის დამალვაში და უწოდებს მატყუარას „თეა გოდოლაძე არის ჩვეულებრივი მატყუარა, აბსოლუტურად არ წარმოადგენს არანაირ ავტორიტეტს. იტყუება და ამის გადამოწმება მარტივად შეუძლია განათლების სამინისტროს. მიწეროს აშშ-ს დეპარტამენტს და ვნახოთ, რა პასუხს მიიღებს. ინდივიდუალურად, თუ რომელიმე მისი ნაცნობი აღშფოთდა სადმე, ეს  საერთოდ არ გამოხატავს აშშ-ს  აზრს“.

1.     განმცხადებელი მუთითებდა, რომ სტატიით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია: 

ციტატა სტატიიდან: „მონაცემები, რომელიც 10 წელია საჯარო აღარაა მეცნიერებისთვის, წესით, სახელმწიფოს კუთვნილებაა და საკითხის მოგვარებაც მას ევალება. გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ სახელმწიფო სტრუქტურებისადმი მიწერილი არაერთი წერილის მიუხედავად, თემა ისევ ღიაა, მოუგვარებელი.“ განმცხადებლის პოზიცია: ზემოაღნიშნული ინფორმაცია წარმოაჩენს, თითქოს, სეისმოლოგიური ცენტრი ბოლო 10 წლის განმავლობაში მონაცემებს, ზოგადად, არ ასაჯაროებს. ჩვენი [იგულისხმება სეისმოლოგიის ცენტრი] სამეცნიერო გუნდის მიერ შექმნილი ციფრული სამეცნიერო ქსელის მონაცემები და კატალოგები, რომლებიც განთავსებულია დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ცენტრის და ამერიკის 120 უნივერსიტეტის კონსორციუმის მონაცემთა ბაზაში და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ შორის გეოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევრებისათვის. ნაწილი მონაცემებისა, რომელიც ამჟამად მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გროვდება ჩვენი გუნდის მიერ ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან ერთად, სამეცნიერო პროექტის დასრულებამდე და გამოქვეყნებამდე ამ მონაცემებზე საავტორო უფლება ეკუთვნის მთლიანად სამეცნიერო, საერთაშორისო გუნდს და შესაბამისად, ჯერჯერობით საჯარო არ არის. 

2. ციტატა სტატიიდან: „თუმცა, როგორც ირკვევა, რუსეთიც კი უფრო წინ წასულია და იქაური სეისმური ცენტრი, განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, სეისმურ მონაცემებს ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს, მითუმეტეს მეცნიერებს“. განმცხადებლის პოზიცია: გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია ფაქტობრივად არაზუსტია - სინამდვილეში საქართველოდან, ზოგადად სეისმური მონაცემები დახურული არ არის და ის რუსეთისგან განსხვავდება, კიდევ ერთი პრობლემა იკვეთება: არაზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჟურნალისტი საქართველოს სეისმური ინსტიტუტის რუსეთთან შედარებით ახდენს სეისმოლოგიური ცენტრის იმიჯის დისკრედიტაციას, თითქოს საქართველო ამ მხრივ რუსეთს არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ დისკრედიტაცია ხდება კვლავ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

3.  ციტატა სტატიიდან: „ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და მე არაფერს  ვიგონებ. ყველგან, მთელი  მსოფლიოს მასშტაბით მონაცემები, რაც მიწისძვრებს,  ჰიდროლოგიას, მეტეოროლოგიას და ასე შემდეგ ეხება, არის ღია, ვინაიდან ეს არის სამეცნიერო საკითხები.“  განმცხადებლის პოზიცია:  საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მონაცემები ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, სანამ მოცემული კვლევის სამეცნიერო ჯგუფი მას არ გამოაქვეყნებს. საერთაშორისო პრაქტიკა არ ითვალისწინებს და არ ავალდებულებს კვლევების ავტორებს, გამოაქვეყნონ დამუშავების პროცესში მყოფი მონაცემები. ეს ხშირად ასევე დამოკიდებულია საავტორო ჯგუფის გადაწყვეიტლებაზე. 

4.  ციტატა სტატიიდან: „რაც შეეხება მე როგორ ვმუშაობ, როდესაც მჭირდება  ინფორმაცია,  პირდაპირ ვუკავშირდები ჩემს კოლეგებს და ისინი უპრობლემოდ მიგზავნიან სრულ კატალოგს. მაგალითად ავიღოთ თუნდაც თურქეთი.  თურქეთსაც აქვს სრულად წარმოდგენილი თავისი კატალოგი  ევროპის პლატფორმაზე, იქ შეუძლია ყველას შევიდეს, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეს, ციტირების  ინდექსი გააკეთოს და მთლიანად შეუძლია ყველა მონაცემი ჩამოტვირთოს. განმცხადებლის პოზიცია:   სინამდვილეში, თურქეთს ღია აქვს ძველი, უკვე დასრულებული მონაცემები, ისევე როგორც საქართველოს სეისმურ ინსტიტუტს და მსგავსი მონაცემების მოძიება საქართველოშიც შესაძლებელია. თუმცა, ეს ინფორმაციაც, როგორც ბევრი სხვა, აღნიშნულ სტატიაში არ მჟღავნდება და რჩება მხოლოდ წერეთლის მიერ მოწვდილი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, რომ წარმოაჩინოს, თუ რა დახურულია საქართველოს სეისმური ცენტრი.

დამატებითი გარემოებები, რომელსაც განმცხადებელი მიიჩნევდა არაზუსტად, წარმოდგენილია თანდართულ განცხადებაში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე მედიასაშუალებამ პასუხი ცალკე სტატიის სახით გამოაქვეყნა, სადაც მიუთითა: „უარს ვამბობთ რაიმე სახის განხილვებში შევიდეთ საჯარო მოხელესთან, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორ თეა გოდოლაძესთან, რომელიც პერსონალურ პრესკონფერენციებს აწყობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაარსებულ მედიასაშუალება “სპუტნიკში”, იმ მედიასაშუალებაში, რომელსაც “ფეისბუქზე” ოფიციალურად აქვს მინიჭებული “რუსეთის სამთავრობო მედიის”  სტატუსი. უარს ვამბობთ, რაიმე ფორმით ვესაუბროთ პერსონას, რომელიც მიდის “სპუტნიკში” და საუბრობს “ჰესების მავნებლობაზე”, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ მოცემულობაში, ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული საჩივარი (რომელსაც არ ახლავს არცერთი მტკიცებულება, რაც დადასტურდა კიდეც “აიპრესის” შეპასუხების შედეგად მიღებული პასუხებით), ემსახურება მხოლოდ “აიპრესზე ზეწოლას” და თეა გოდოლაძის საქმიანობის საეჭვო ასპექტების წარმოჩენის ჟურნალისტური გამოძიების შეჩერებას. ეს კი არანაირად წარმოადგენს ეთიკის ქარტიის განხილვის საგანს. გაუგებარია, რა უნდა განიხილოს ქარტიამ, როცა თეა გოდოლაძეს მტკიცებულებების დასადასტურებლად არცერთი დოკუმენტი არ აქვს წარმოდგენილი. უფრო მეტიც ამ დოკუმენტების დასახელებებიც კი“.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, ვერ შეაფასებს სეისმოლოგიური მონაცემების ხელმისაწვდომობის საკითხს, რამდენად სწორად ან, პირიქით, არასწორად ხდება მათი გასაჯაროება. საბჭოს განხილვის საგანია, თუ რამდენად სცადა ჟურნალისტმა, პატივი ეცა საზოგადოების უფლებისათვის, რომ მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. საბჭო აფასებს იმ ძალისხმევას, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ ბალანსი დაირღვა: ერთის მხრივ, ნინო წერეთელი ინტერვიუში ავრცელებს სხვადასხვა ინფორმაციას სეისმოლოგიური ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბრალს სდებს ტყუილში თეა გოდოლაძეს, და მეორეს მხრივ, ამ ბრალდებებზე არ არის წარმოდგენილი თეა გოდოლაძის პოზიცია.  კერძოდ, სადავო სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 06 ივლისს, მოცემულია ნაწყვეტი  თეა გოდოლაძესთან 2021 წლის 17 ივნისის ინტერვიუდან, რომელიც არ პასუხობს  ნინო წერეთელის, 6 ივლისის სტატიაში გამოქვეყნებულ ბრალდებებს, რაც წარმოადგენს ბალანსის დარღვევას.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მე-3 პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში წყარო [მაგალითად, ნინო წერეთელი] არსებობს. ჟურნალისტმა ინფორმაცია მეორე მხარესთან არ გადაამოწმა და, შესაბამისად, საბჭომ დაადგინა პირველი პრინციპის დარღვევა, ხოლო მესამე პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.  

მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, მე-11 პრინციპის დარღვევა [ამ შემთხვევაში განზრახ დამახინჯება] შეიძლება დადგინდეს, თუ დადასტურდება, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია [როცა დასტურდება, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა]  ან მეორე მხარის პოზიცია არ ასახა სტატიაში [როცა სახეზეა დაუბალანსებელი ინფორმაცია]. თეა გოდოლაძემ წარმოადგინა იმ ინტერვიუს სრული აუდიოჩანაწერი რომლის საფუძველზეც იმავე მედიასაშუალებამ მოამზადა 2021 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული მასალა. ამ ჩანაწერში თეა გოდოლაძე განმარტავს რომ პრეტენზიები, თითქოს სეისმოლოგიური ცენტრი მონაცემებს მალავს არასწორია, რომ მონაცემების ნაწილი ღიაა, ხოლო ნაწილი დახურულია მათი დამუშავების პროცესში, რომ ეს აპრობირებული და მიღებული პრაქტიკაა, ვინაიდან დამუშავების შედეგად მიღებული ინფორმაცია დამმუშავებელი ჯგუფის საკუთრებაა და არ აქვთ ვალდებულება, ისინი საჯარო გახადოს. შესაბამისად, მედია საშუალებას ჰქონდა მეორე მხარის [თეა გოდოლაძის] პოზიცია, რომელიც შეიძლება რელევანტური ყოფილიყო ნინო წერეთელის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, მაგრამ მიუხედავად ამისა არ ასახა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში, რითაც დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      თამარ ლეფსვერიძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-11 [ფაქტის განზრახ დამახინჯება] პრინციპები.

2.      თამარ ლეფსვერიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

 

 

განცხადება

 

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!