გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ჭანტურია თამარ თედიაშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი;
განმცხადებელი : გიორგი ჭანტურია;
მოპასუხე : თამარ თედიაშვილი;

25 თებერვალი  2022 წელი

საქმე N – 543

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ზვიად ქორიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 14 იანვარს, ტელევიზია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტში „ე.წ. ქურდული სიმღერები საჯარო სკოლაში“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-8, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი - თამარ თედიაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია. 


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სიუჟეტის თანხმად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ორ ვიდეოში ჩანს მასწავლებლების და მოსწავლეების ცეკვა. მუსიკა, რომელიც თან ახლავს ვიდეოს,  არის რუსული ჰიპ-ჰოპი, ხოლო მუსიკის ტექსტი, ჟურნალისტის თქმით, ხოტბას ასხამს კრიმინალურ სამყაროს.  ჟურნალისტის თქმითვე, მგავსი შინაარსის მუსიკის გავრცელება და მასზე ვიდეოს გადაღება პროპაგანდა და კანონდარღვევაა. სიუჟეტში დასახელებულია სკოლა, რომლის მოსწავლეები და მასწავლებლები ჩანან ვიდეოში, ასევე, დასახელებულია მასწავლებელიც. 

გადაცემაში ჩანს, რომ ჟურნალისტი კომენტარისათვის უკავშირდება მასწავლებლებს. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ მან არ იცოდა, თუ რა სიმღერის ფონზე გადაიღეს ვიდეო. მან ასევე აღნიშნა, რომ თავად მოსწავლეებმაც უარყვეს, რომ მათ გადაღებულ ვიდეოს ის მუსიკა გასდევდა თან, რაც საჯაროდ განთავსებულ ვიდეოში ისმის. ჟურნალისტი სიუჟეტში  ამტკიცებს, რომ მოსწავლეებს „დამახინჯებული იდეოლოგია“ აქვთ. იგი ასევე „გულგრილი და არასწორი იდეოლოგიის მქონე“ პირად მოიხსენიებს სკოლის მასწავლებლებსაც, რომლებიც ვიდეოში ჩანან. ჟურნალისტი აცხადებს, რომ ამ ვიდეოების გავრცელების მერე „უნდა შეკრებილიყო პედსაბჭო, დაწყებულიყო მოკვლევა უკანონო პროპაგანდაზე“. 

საბჭო პირველ რიგში კითხვას სვამს, რის საფუძველზე განაცხადა ჟურნალისტმა, რომ თუნდაც კრიმინალური შინაარსის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო კანონდარღვევაა. სისხლის სამართლის კოდექსის თანხმად, კრიმინალური სამყაროს ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა მხოლოდ მაშინ არის კანონდარღვევა,  თუ ეს ქმნის კრიმინალური საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. აღნიშნული ვიდეო კლიპი კი არ ქმნიდა ასეთ საფრთხეს. შესაბამისად, არასწორია, როცა ჟურნალისტი მოსწავლეებს და მასწავლებლებს ბრალს სდებს კანონდარღვევაში.

სიუჟეტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა, რათა გადაემოწმებინა ინფორმაცია.  ერთ-ერთი რესპოდენტი მას ეუბნება, რომ მუსიკა, რომელიც ვიდეოს თან ახლდა. შეიძლება დაემონტაჟებინათ სხვა პირებს [არა მოსწავლეებს]. შესაბამისად, ჟურნალისტს სრულყოფილად უნდა  შეესწავლა ვიდეოს და თანმდევი მუსიკის შექმნის და წარმოშობის ისტორია.

საბჭოს არ მიაჩნია ეთიკურად ჟურნალისტის შეფასებები, როცა იგი მასწავლებლებს და მოსწავლეებს უწოდებს პირებს, რომელთაც აქვთ „დამახინჯებული“, „გულგრილი“ და „არასწორი“ იდეოლოგია. ეს ვიდეო ავთენტურიც რომ იყოს, ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები და უფლება, რომ არასრულწლოვნები და მასწავლებლები მოეხსენებია „დამახინჯებული“ იდეოლოგიის მატარებელ პირებად.

სიუჟეტში არ ჩანს, რის საფუძველზე ასკვნის ჟურნალისტი, რომ ვიდეოს გავრცელების შემდეგ „უნდა შეკრებილიყო პედსაბჭო, დაწყებულიყო მოკვლევა უკანონო პროპაგანდაზე“. ასევე არ დასტურდება, რომ მუსიკა, რომლის მიმართაც პრეტენზიები ჰქონდა ჟურნალისტს, უშუალოდ სასწავლო პროცესის მსვლელობისას ისმოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტით შეიძლებოდა არასრუწლოვანი პირების იდენტიფიცირება, სულ მცირე იმ რეგიონში მცხოვრები პირებისთვის, სადაც ისინი სწავლობენ. სიუჟეტში დასახელდა მუნიციპალიტეტი, სკოლა, კლასი, მასწავლებლები.

არასრულწლოვნის ინტერესის დარღვევად საბჭო მიიჩნევს ისეთ შემთხვევებს, როცა გავრცელებულმა ინფორმაციამ იმ მომენტში ან მომავალში, შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მასზე. უნდა შეფასდეს, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამ ჟურნალისტური პროდუქტის მიმართ არასრულწლოვანს ზრდასრულ ასაკში, მეტიც, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ეს სიუჟეტი არა შორეულ, არამედ ახლო მომავალშიც შეუქმნის მას პრობლემებსა და დისკომფორტს, ხომ არ გამოიწვევს არასრულწლოვნის ბულინგს, დისკრიმინაციას ან სტიგმატიზებას. არასრულწლოვნები, მათი ასაკიდან გამომდინარე, საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და მათ შესახებ ან მათთვის მისაწოდებელი ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევას მოითხოვს, რათა ჟურნალისტურმა პროდუქტმა არ გამოიწვიოს მათი ინტერესების შელახვა ან მათი მომავლისათვის საფრთხის შექმნა.

სიუჟეტში ჟურნალისტი ახდენს არასრუწლოვნების დისკრედიტაციას, უწოდებს მათ დამახინჯებული იდეოლოგიის მქონე პირებს, კანონდამრღვევებს. საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი.

ქარტიის მე-10 პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა სადავო სიუჟეტში ხელყო არასრულწლოვნების პირადი ცხოვრება, რომელზეც იმსჯელა მე-8 პრინციპის ჭრილში და დაადგინა დარღვევა, ვინაიდან არასრულწლოვანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მე-8 პრინციპი მოიცავს მე-10 პრინციპსაც. ხოლო რაც შეეხება სხვა პირების პირადი ცხოვრების დარღვევას, მსგავსი გარემოება, საბჭოს შეფასებით, სადავო სიუჟეტში არ გამოკვეთილა.

ქარტიის მე-11 პრინციპი: “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თამარ თედიაშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-8 პრინციპი.
  2. თამარ თედიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-10 და მე-11 პრინციპი.

განცხადება

Related Articles

Articles Not Nound!