გადაწყვეტილება საქმეზე - ორგანიზაცია „ალტერნატივა”, ხათუნა ბერიძე TV25-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : ორგანიზაცია „ალტერნატივა”, ხათუნა ბერიძე;
მოპასუხე : TV 25-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;

25 მარტი,  2022 წელი

საქმე N – 537, 538

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, სოფო ჟღენტი,  ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური.


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა

  1. ორგანიზაცია „ალტერნატივამ [საქმე N 537], რომელიც მიიჩნევდა, რომ TV25-ის ეთერში, 2021 წლის 8 დეკემბერს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-4 და მე-11 პრინციპი.
  2. ხათუნა ბერიძემ [საქმე N 537], რომელიც მიიჩნევდა, რომ TV25-ის ეთერში, 2021 წლის 8 დეკემბერს გასულ სიუჟეტში და TV25-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი.

ვინაიდან ზუსტად ვერ დადგინდა სადავო მასალაზე პასუხისმგებელი პირი, ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ  განმცხადებელიც და ტელევიზიის წარმომადგენელიც.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში თვითაცილების საფუძველზე არ მონაწილეობდა სოფო ჟღენტი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 

სიუჟეტი

ორივე განცხადება ერთსა და იმავე სიუჟეტს ეხებოდა. თავის მხრივ, ჟურნალისტური პროდუქტის ძირითადი თემა იყო ქორწილი, რომელსაც ესწრებოდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ქორწილის ამსახველი ვიდეოკადრები საჯაროდ გამოაქვეყნა ხათუნა ბერიძემ. ამ კადრებზე ჩანს ადამიანთა თავყრილობა სარიტუალო დარბაზში. მასზე დაყრდნობით სიუჟეტში ითქვა, რომ: ქორწილი გაიმართა COVID რეგულაციების დარღვევით და შრომის ინსპექციას ამ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონია.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს, დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო აფასებს სწორედ იმ ძალისხმევას, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად. სიუჟეტში მითითებულია, რომ გაიმართა ქორწილი, სადაც დაირღვა რეგულაციები. მეორე მხრივ, ჟურნალისტმა აუდიტორიას არ მიაწოდა ინფორმაცია, რა რეგულაცია დაირღვა და რა ქმედებით. არსად ჩანდა ჟურნალისტის მცდელობა, კომენტარი მოეპოვებინა შრომის ინსპექციისაგან, რომელსაც ევალება მსგავსი ფაქტების გამოვლენა და რეაგირება. ჟურნალისტმა მაყურებელს არც იმ დაწესებულების [სარიტუალო დარბაზი] წარმომადგენელის კომენტარი მიაწოდა, რომელსაც ასევე შეეძლო განემარტა, დაირღვა თუ არა რეგულაციები, და თუ დაირღვა - რატომ?

სწორედ „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერ შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ სიუჟეტში საბჭომ ვერ დაინახა ზუსტად ჟურნალისტის ძალისხმევა, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი და გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებინა აუდიტორიისათვის, ეს კი ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევაა.

TV 25-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

2021 წლის 9 დეკემბერს, TV25-ის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ხათუნა ბერიძის ფოტოსურათი, შემდეგი აღწერილობით: „სიძულვილის ენით მოსაუბრე ხათუნა ბერიძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" სახეა“, ხოლო თავად ფოტოზე ეწერა: „TV25-ზე თავდამსხმელი ენმ-ს მხარდამჭერი ხათუნა ბერიძეა“.

აღნიშნულ შემთხვევაშიც, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა პირველი პრინციპი, კერძოდ, მკითხველს საერთოდ არ მიეწოდა ინფორმაცია, რაში გამოიხატებოდა თავდასხმა ან სიძულვილის ენით საუბარი. აუდიტორიამ ვერ მიიღო ინფორმაცია ამბის შესახებ. შესაძლებელია, მართლაც ჰქონდა ადგილი „თავდასხმას“ ან „სიძულვილის ენას“, მაგრამ ეს არ ჩანს განსახილველ შემთხვევაში. TV25  დადასტურებულად ამბობს, რომ ხათუნა ბერიძე თავს დაესხა ტელეკომპანიას და გამოიყენა სიძულვილის ენა, თუმცა არ მიუთითებია კონკრეტულ გარემოებებზე

მესამე პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“. საბჭო მიიჩნევს, რომ არცერთ განსახილველ შემთხვევაში მესამე პრინციპი არ დარღვეულა. სიუჟეტის შემთხვევაში, ფაქტია, რომ წყარო არსებობდა — ხათუნა ბერიძის მიერ გავრცელებული ვიდეო. მეორე სადავო პროდუქტთან დაკავშირებით, წყარო თავად მედიასაშუალება იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ ხათუნა ბერიძე სიძულვილის ენით საუბრობს და TV25-ს თავს დაესხა.

ქარტიის მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. არ დარღვეულა მე-4 პრინციპი. ჟურნალისტმა ვიდეოც და ფოტოც საჯარო წყაროებიდან აიღო და არ მოუპოვებია იგი არაკეთილსინდისიერი ან არასამართლიანი მეთოდებით.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.  როგორც განმცხადებელმა, ისე მედიასაშუალების წარმომადგენელმა დაადასტურეს, რომ განმცხადებელმა სოციალურ ქსელში კომენტარების სახით სცადა კომუნიკაცია და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მედია საშულებამ შეუზღუდა ხათუნა ბერიძეს კომენტარების უფლება. შესაბამისად, დადასტურდა, რომ განმცხადებელს ჰქონდა პრეტენზიები და მედიასაშუალებამ ეს იცოდა,  მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია, რაც არის ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. მე-7 პრინციპის ჭრილში განმცხადებელი ძირითადად აპელირებდა, რომ სადავო მედია პროდუქტებით მოხდა მისი დისკრედიტაცია. ქარტიის საბჭოს განმარტებით, მე-7 პრინციპი ფარავს დისკრიმინაციას და არა დისკრედიტაციას. საბჭომ ვერ გამოკვეთა ნიშანი, რომელიც დაადასტურებდა მე-7 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-10 პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“. ქარტიის საბჭო არც მე-10 პრინციპის მიიჩნევს დარღვეულად, რადგან ვიდეო კადრები, რომელიც გამოიყენა მედიასაშუალებამ და რომელიც ასახავდა სხვა პირთა პირად ცხოვრებას, თავად ხათუნა ბერიძემ გაასაჯაროვა. ამასთან, კადრების მიმართ არსებობდა საჯარო ინტერესი, კერძოდ, ის შეიძლება მართლაც ასახავდა COVID რეგულაციების დარღვევას. ის, რომ ჟურნალისტმა სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა, რათა დაედგინა, მართლაც იყო თუ არა დარღვევა, არის ქარტიის პირველი და არა მე-10 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-11 პრინციპის ჭრილში განმცხადებელი სადავოდ ხდიდა შემდეგ ნაწილს: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: პლაგიატი“. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია პლაგიატს. როგორც აღნიშნული იყო, სადავო სიუჟეტში გამოიყენეს ხათუნა ბერიძის მიერ გადაღებული და გამოქვეყნებული ვიდეოკადრები. სწორად ამას მიიჩნევდა განმცხადებელი პლაგიატად. მედიასაშუალებამ სიუჟეტში აღნიშნა, რომ ვიდეოჩანაწერი მათ არ გადაუღიათ და იგი საჯარო წყაროდან აიღეს, რითაც გამოირიცხა პლაგიატი, თუმცა სასურველი იყო ტელეკომპანიას დაესახელებინა, თუ საიდან აიღო ვიდეოკადრები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. TV 25-ის  არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
  2. TV 25-ის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 პრინციპები.

 

ორგანიზაცია ალტერნატივას განცხადება

ხათუნა ბერიძის განცხადება

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2 

Related Articles

Articles Not Nound!