გადაწყვეტილება საქმეზე - ცენტრალურო საარჩევნო კომისია ნატა ქაჯაიას და ლიკა ჯანყარაშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ცენტრალურო საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : ნატა ქაჯაია და ლიკა ჯანყარაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

07 აპრილი  2022 წელი

საქმე N – 547

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი,  ხატია ღოღობერიძე, მაია წიკლაური.



აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპები. მოპასუხედ განისაზღვრნენ ჟურნალისტები ნატა ქაჯაია და ლიკა ჯანყარაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. 

სიუჟეტის თანხმად, თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკრეტულ ტენდერებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნათესავების კომპანიებმა „არჩევნების გაყალბების“ სანაცვლოდ გაიმარჯვეს. 

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი, ნატა ქაჯაია  ამბობს, რომ  „კახა კალაძემ იმ ბიზნესმენების დასაჩუქრება დაიწყო, ვინც მას არჩევნების მოგებაში ეხმარებოდა. მადლობის ნიშნად კომპანიებს თბილისის მერმა ნახევარმილიონიანი ტენდერები მოაგებინა“.

სიუჟეტში ამ ხაზს აგრძელებს ჟურნალისტიც: „კახა კალაძე მას შემდეგ გაღიზიანდა, რაც ვკითხეთ, რატომ იყენებს ბიუჯეტის ფულს კომპანიებისთვის ხარკის გადასახდელად. კალაძე თავის მართლებას თავდასხმას ამჯობინებს და არ პასუხობს კითხვას, როგორ აღმოჩნდა ნახევარი მილიონი იმ ბიზნესმენების ხელში, ვინც მას არჩევნებში გასამარჯვებლად ეხმარებოდა“. ,,ცაბაშვილი ცესკოს კომისიებთან ურთიეთრობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ, მის ოჯახს კავშირები აქვს ოცნების მაჟორიტარ კახა ლაბუჩიძესთან. ეს კავშირები და არჩევნებში თავის გამოჩენა კი ორასიათასიანი ტენდერის მიღების წინაპირობად იქცა.“

ზემოაღნიშნული პოზიცია გამოთქვეს რესპონდენტებმაც: ბესიკ დონაძე “ევროპული საქართველოდან” აღნიშნავდა, რომ  „[კონკრეტულ ტენდერებში კომპანიების გამარჯვება არის] ეგრეთწოდებული ხარკი ცესკოს. იმიტომ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კონკრეტულად ისნის რაიონში აკეთა ზუსტად ის, რაც სურდა “ქართულ ოცნებას”. ამ ადამიანებს დღეს მოაგებინეს ტენდერი. ანუ კახი კალაძე ერთგვარ სამადლობელს უხდის. პოლიტიკური კორუფცია აღარ ქვია, ეს არის ჩვეულებრივად ნაყიდ ხმებში გადახდილი ფული“.

ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს მართლაც შეიძლება ჰქონდა ნათესაური კავშირი ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან; სიუჟეტში მოყვანილი იყო რამდენიმე სხვა მსგავსი ფაქტიც. რა თქმა უნდა, ჟურნალისტს ჰქონდა ეჭვის საფუძველი, იყო საზოგადოებრივი ინტერესიც და კითხვები უნდა დაესვა, მაგრამ ეს არც წამყვანს და არც ჟურნალისტს არ აძლევდა უფლებას, დადასტურებულ ფაქტად მიეწოდებინა მაყურებლისათვის ინფორმაცია: რომ ნამდვილად კორუფციას ჰქონდა ადგილი; რომ არჩევნებში „დახმარების“ სანაცვლოდ მოიგეს გარკვეულმა პირებმა ტენდერები. ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები და წყაროები, რომ მტკიცებით ფორმაში განეცხადებინა აღნიშნული. ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, ერთმანეთისგან გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. შესაბამისად, განსახილველ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებელმა შესწორების მოთხოვნით მიმართა ტელევიზიას. ამ მიმართვას არ მოჰყოლია შედეგი. საბჭომ დაადგინა, რომ მედიასაშუალებამ მტკიცებითი ფორმით გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია. სწორედ ის, რომ მედიასაშუალებამ არ შეასწორა უზუსტობა, იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნატა ქაჯაიამ და ლიკა ჯანყარაშვილმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა 

 

Related Articles

Articles Not Nound!