გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „ზეგ", ნიკოლოზ გეჯაძე ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას და დავით აბრამიშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : შპს „ზეგ”, ნიკოლოზ გეჯაძე;
მოპასუხე : ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია, დავით აბრამიშვილი;

25 ნოემბერი,  2021 წელი

საქმე N – 503, 504

საბჭოს თავმჯდომარე: კამილა მამედოვა

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, ნანა ბიგანიშვილი, ირმა ზოიძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [საქმე N 503, N 504] მომართა შპს „ზეგ” და ნიკოლოზ გეჯაძემ. განმცხადებელი  მიიჩნევდა, რომ 1) 2021 წლის 13 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა „პოსტ ფაქტუმში” გასულ სიუჟეტში და 2) ამავე დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გადაცემა „მთავარ აქცენტებში”, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: გიორგი გაბუნია და დავით აბრამიშვილი (“პოსტ ფაქტუმი”) და ნიკა გვარამია (“მთავარი აქცენტები”).

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო ტელევიზიამ წერილობითი შეპასუხება წარმოადგინა.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

გიორგი გაბუნიასა და დავით აბრამიშვილის სიუჟეტი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ეხებოდა. ეს ფაქტი თვეების განმავლობაში საზოგადოების განსჯის საგანი იყო. გიორგი გაბუნია სიუჟეტის წარდგენისას აღნიშნავდა:

       „უკავშირდება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მისი დამსაქმებელი კომპანიის [იგულისხმება კომპანია „ზეგ“] ფარულ ოპერაციებს“.

       „გახსოვთ?! იყო იქ საუბარი პორნოგრაფიაზე? არა! ჩვენს ხელში აღმოჩენილი მონაცემთა ბაზა ჩვენ საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გავაშიფრინეთ და აღმოჩნდა, რომ დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს ჰპარავდა და თანამშრომლობდა აგრეთვე სუსთან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად“.

       ,,შესაძლოა თქვენი შვილი, და ან ძმა, მეგობარი სწორედ ამით არის დაკავებული და მას უზარმაზარ ფულს უხდიან ასეთი უკანონო ოპერაციების შესრულებისთვის იმიტომ, რომ თვითონ ეს კომპანიები უზარმაზარ თანხებს იპარავენ".

მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა სიუჟეტშიც. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მართალია, ჟურნალისტებს სიუჟეტში არ უხსენებიათ კომპანია „ზეგ", თუმცა მისი იდენტიფიცირება მაინც ხდებოდა, ვინაიდან საზოგადოდ იყო ცნობილი, თუ რომელი კომპანია იყო ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი და ვისთვის მუშაობდა იგი. განმცხადებელი განმარტავდა, რომ კომპანია “ზეგთან” დაკავშირებით სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია [ფარული ოპერაციები, სუსთან თანამშრომლობა და ა.შ.] არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ,,ზეგ“-ის არცერთი თანამშრომელი არ იპარავდა ფულს არავისგან, არანაირ ფარულ საქმიანობას არ ეწეოდა და მისი არცერთი დასაქმებული არ თანამშრომლობდა სუს-თან არავითარი სხვა მიმართულებით.

გადაცემა „მთავარ აქცენტებთან“ დაკავშირებით, სადაც ნიკა გვარამიას სტუმრად ყავდა  ელისო კილაძე, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემაში გაჟღერდა ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. კერძოდ, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ გადაცემაში კომპანია დადანაშაულებული იყო ფიშინგში, ინფორმაციის უკანონო დაუფლებასა და სხვისი ანგარიშებიდან თანხების მოპარვაში, აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მფარველობაში.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტების წარმომადგენლები წერილობით შეპასუხებაში აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნულ ჟურნალისტურ პროდუქტებში არ იყო წარმოდგენილი რაიმე ახალი ინფორმაცია, რაც სხვა ეთერებით იქამდე არ იყო ნათქვამი, შესაბამისად, ფაქტები შეესაბამებოდა სიმართლეს.

სხდომაზე ასევე დადგინდა, რომ ნიკოლოზ გეჯაძე [რომელიც ამავდროულად კომპანია “ზეგ”-ის წარმომადგენელია] ნიკა გვარამიასთან ეთერში მიიწვიეს, თუმცა მან უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. გიორგი გაბუნია და დავით აბრამიშვილი გეჯაძეს არ დაკავშირებიან.

ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. სხვადასხვა წყაროდ ვერ ჩაითვლება ისეთი წყაროები, რომლებსაც შეიძლება საერთო ინტერესი ჰქონდეთ ამბის მიმართ. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიასა და დავით აბრამიშვილის სიუჟეტი მხოლოდ ერთ წყაროს ეყრდნობა, შესაბამისად, ჟურნალისტმა არ გამოიჩინა პასუხისმგებლობა, გადაემოწმებინა ინფორმაცია სხვა რელევანტურ და კომპეტენტურ წყაროებთან.

საბჭო მიიჩნევს, რომ გამომდინარე ბრალდებების სიმძიმიდან, რომელიც უკვე ნიკა გვარამიას ეთერში გაჟღერდა, მტკიცებით ფორმაში არ უნდა გადაცემულიყო, ვინაიდან  ჟურნალისტს შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნდა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”.

საბჭოს შეფასებით, მე-3 პრინციპი არ დარღვეულა. განმცხადებელს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ დადასტურებულიყო წყაროს არარსებობა.

ამ ნაწილში, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტებს უნდა მოეძიებინათ კომპეტენტური წყაროები, რომლებიც სწორ ინფორმაციას მიაწვდიდნენ. თუმცა, განსახილველ შემთხვევაში წყარო არსებობს, ავრცელებს თუ არა იგი სწორ ინფორმაციას, ეს პირველი პრინციპის ჭრილში უნდა იქნას განხილული. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მე-3 პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში განზრახვას ადგილი არ ჰქონია. არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნიკა გვარამიამ, გიორგი გაბუნიამ და დავით აბრამიშვილმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ნიკა გვარამიას, გიორგი გაბუნიას და დავით აბრამიშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება 1

განცხადება 2

შეპასუხება 1

შეპასუხება 2

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

 

Related Articles

Articles Not Nound!