გადაწყვეტილება საქმეზე - დავით ბაიდარაშვილი მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : დავით ბაიდარაშვილი;
მოპასუხე : მაკა ჩიხლაძე;

25 მარტი  2022 წელი

საქმე N – 532

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე.

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დავით ბაიდარაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ “TV პირველის” ეთერში, 2021 წლის 11 დეკემბერს, გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”, მაკა ჩიხლაძის ავტორობით გასულ სიუჟეტში, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტის თანახმად, ათეულობით სამხედრო მოსამსახურე ტოვებს შეირაღებულ ძალებს და თავშესაფარს ამერიკაში ეძებს. სიუჟეტის მთავარი გმირი, ყოფილი სამხედრო, დავით კვეზერელი აცხადებს, რომ სამხედრო სასწავლებელში სწავლისას საეჭვოდ ეჩვენა თანაკურსელის, დავით ბაიდარაშვილის, ქმედებები. მისი აზრით, შესაძლოა, ბაიდარაშვილი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ის ამბობს, რომ ეს ეჭვი გაუზიარა უსაფრთხოების სამსახურებს, რომლებიც თავიდან ფაქტით დაინტერესდნენ, მაგრამ შემდეგ, არალოგიკური მიზეზით და საფუძვლით თავად დავით კვეზერელი დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან. სიუჟეტის თანახმად, დავით ბაიდარაშვილი ამჟამად აღარ არის სამხედრო მომსახურე, მაგრამ ცხოვრობს თბილისში და მასთან უსაფრთხოების სამსახურს კითხვები არ გასჩენია. სიუჟეტში ბაიდარაშვილი უარყოფს კვეზერელის ბრალდებებს. სიუჟეტი ასევე შეიცავს უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლების კომენტარებს, რომელთაც დავით კვეზერელმა, მისივე განცხადებით, მიმართა ფაქტთან დაკავშირებით.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ბალანსი დაცული იყო: ჟურნალისტმა მოისმინა ბრალდებები, თავად დადასტურებელი ფაქტის სახით არ უთქვამს, რომ ბაიდარაშვილი ჯაშუშია; ასევე ასახა ბაიდარაშვილის პოზიციაც. თუმცა საბჭო იიჩნევს, რომ მხოლოდ ბალანსის ფორმალურად დაცვა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ეთიკური პასუხისმგებლობისგან, მით უფრო მაშინ, როცა საუბარია მტრულად განწყობილი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებაზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ ბალანსი მხოლოდ ფორმალურად იყო დაცული. ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. სიუჟეტის პირველი ნაწილი ეხება იმას, რომ პოლიტიკური დევნის გამო ჯარისკაცები იძულებულნი ხდებიან დატოვონ ქვეყანა და ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია სწორედ რუსეთის ჯაშუშები, ამ შემთხვევაში კი - დავით ბაიდარაშვილი. შემდეგ დეტალურად არის მოთხრობილი ყველა იმ კავშირის შესახებ, რომელიც დავით ბაიდარაშვილს აქვს რუსეთთან [სწავლა, ოჯახი და ა.შ.], რომ უსაფრთხოების სამსახური თვალ-ყურს ადევნებდა მას, რათა აღმოეჩინათ დავალებების მიმცემი პირები, მაგრამ ერთი კითხვაც არ დაუსვამთ მისთვის, რაც ეჭვებს აჩენს. ჟურნალისტის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ კვეზერელის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა მის მიერ ბაიდარაშვილის გამოაშკარავებას უკავშირდება.

იქმნება ფონი, რომ ბაიდარაშვილი მართლაც ჯაშუშობდა რუსეთის სასარგებლოდ. ამის პარალელურად, სიუჟეტში ჟურნალისტს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს „ბრალმდებელის“ [დავით კვეზერელის] და „ბრალდებულის“ [დავით ბაიდარაშვილის] მიმართ. არ ჩანს, რომ ჟურნალისტი ცდილობს, მათ შორის, კრიტიკული კითხვებით გამოიკვლიოს, რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდის კვეზერელი. ჟურნალისტის ტექსტები მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1.      მაკა ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

 

განცხადება

სადავო მასალა

 

Related Articles

Articles Not Nound!