გადაწყვეტილება საქმეზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ანა მდივანის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : ცენტრალური საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : ანა მდივანი;

18 ივნისი,  2022 წელი

საქმე N – 560

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, გულო კოხოძე, ნინა ხელაძე, ზვიად ქორიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 1 მაისს ტელეკომპანია „პირველის” საინფორმაციო გამოშვებაში „პირველები” გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ანა მდივანი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 4.4 პუნქტის თანახმად, „გამონაკლის შემთხვევებში, თუ საბჭო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება და სადავო ჟურნალისტური პროდუქტი საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად, შესაძლებელია გადაწყვეტილება მიღებული იქნას მხარეთა მონაწილეობის გარეშე”. განცხადება საბჭომ განიხილა ამ გამონაკლისის ფარგლებში, ვინაიდან მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება, სადავო ჟურნალისტური პროდუქტი და საქმის მასალები საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად.

საქმესთან დაკავშირებით მოპასუხემ წერილობით წარმოადგინა ტელევიზიის თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილება. 

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ტენდერით ახალი მანქანების შეძენას ეხება. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს:

       „211 800 ლარი დაგიჯდათ თქვენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, ცესკოს მდივანისა და მოადგილეების ახალი მანქანები";

       „მანქანა, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეები და მდივანი გამოიყენებენ, საკმაოდ მდიდრულია, ზოგიერთ მოდელს წინა ბამპერი ზვიგენის ტყავის მსგავსი ცხაურით და გემის ფრთის დიზაინით აქვს გაწყობილი, ფარები გრაფიკული ელემენტებით, აქვეა პრემიუმ ხარისხის ხმის სისტემა, იმისათვის, რომ მუსიკას უფრო კარგად მოუსმინონ“;

       „არჩევნების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერები მიყოლებით გამოაცხადა და 939 ავტომობილი შეისყიდა, აქედან ოპერატიული მხოლოდ 114 მანქანაა, რომლის ჯამური ღირებულება 800 მილიონ ლარს აჭარბებს, 155 მანქანა შეიძინეს 51 მუნიციპალიტეტისთვის“;

       „მხოლოდ 2021 წელს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიუჯეტიდან 142 მილიონი ლარი მანქანებში დახარჯა“.

სწორედ აღნიშნულ ფრაზებს ხდიდა სადავოდ განმცხადებელი და მიუთითებდა, რომ ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გავრცელდა, რაც აზიანებს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციას.

აღნიშნული სიუჟეტი ტელეკომპანია პირველის თვითრეგულირების ორგანომ განიხილა, სადაც დადგინდა, რომ “ეთერში მოხვდა რეპორტაჟის შეუსწორებელი ტექსტი. რეპორტაჟის მესამე ბლოკში, იქ, სადაც ჟურნალისტი საუბრობს ავტომობილების შესყიდვის ზოგად სტატისტიკაზე, „არჩევნების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერები მიყოლებით გამოაცხადა“ ამ ფრაზის ნაცვლად უნდა იყოს „საქართველოს ხელისუფლებამ ტენდერები მიყოლებით გამოაცხადა“. რეპორტაჟის მესამე ბლოკში ფრაზა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება".

მედიასაშუალებას სხვა სადავო ნაწილებთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტაცია არ წარმოუდგენია.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სიუჟეტში ქარტიის 1-ლი პრინციპი დაირღვა და გავრცელდა არასწორი/გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რასაც ნაწილობრივ ტელეკომპანიის თვითრეგულირების საბჭოც ადასტურებს. სწორედ იმან, რომ ჟურნალისტმა დააკლო გადამოწმების ძალისხმევა და არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, გამოიწვია პირველი პრინციპის დარღვევა.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.  ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

განსახილველ სიუჟეტში ისმის ბრალდებები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტში ჟურნალისტი მათ პოზიციას ნაწილობრივ აჟღერებს, ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ სიუჟეტში არ ჩანს ცესკოს პასუხი მის მიმართ გამოთქმულ კონკრეტულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ასევე, მასალაში არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, მოეძიებინა საჭირო ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

დადგენილი ფაქტია, რომ სადავო მედიაპროდუქტით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია; ტელეკომპანიისათვის ცნობილი იყო განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ.

როგორც შესწორება, მედიასაშუალებამ 2022 წლის 5 ივნისს საინფორმაციო გამოშვებაში განაცხადა, რომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. კერძოდ, ჟურნალისტმა თქვა, რომ „ცესკოს ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟში დაშვებულ იქნა შეცდომა, ეთერში მოხვდა შეუსწორებელი ტექსტი. რეპორტაჟის მესამე ბლოკში, სადაც ჟურნალისტი საუბრობს მანქანების შესყიდვის ზოგად სტატისტიკაზე, ნათქვამი იყო - “ცესკომ არჩევნების შემდეგ ტენდერები მიყოლებით გამოაცხადა”, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად უნდა იყოს ფრაზა - საქართველოს ხელისუფლებამ ტენდერები მიყოლებით გამოაცხადა”.

საბჭოს შეფასებით, წინამდებარე შემთხვევაში მედიის მიერ განხორციელებული შესწორება არ იყო სათანადო და საკმარისი. საქმის განხილვის დღემდე საჯაროდ იძებნებოდა არასწორი ინფორმაციის შემცველი სიუჟეტი, რომელსაც არ ახლდა არავითარი განმარტება, ბმული, რომელიც აუდიტორიას აცნობებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია და ასეთი სახით სიუჟეტის დამოუკიდებლად არსებობა ქმნის რისკებს, რომ აუდიტორია არასწორ ამბავს გარკვეული დროის შემდეგაც მიიჩნევს სიმართლედ.

აქვე, საბჭო აღნიშნავს, რომ შესწორება არასრულია და მაყურებლისთვის ბუნდოვანი რჩება რა იყო სიუჟეტში არასწორი. შესწორებაში არ ჩანს, შეიძინა თუ არა ცესკომ გიორგი კალანდარიშვილისთვის მანქანა, რეალურად რამდენი ლარი დაიხარჯა მანქანების შეძენაზე, ასევე გადამოწმებული ინფორმაცია სხვა სადავო საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესწორების სტანდარტის მიხედვით, „აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რა გასწორდა. შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რა იყო არასწორი და რა არის სწორი“. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა პატიოსნად განაცხადონ არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნების შესახებ და შეასწორონ ის. შესწორება უნდა მოხდეს თანაზომიერად, ადეკვატურად, აღარ უნდა იძებნებოდეს არასწორი/დაუბალანსებელი ინფორმაცია, ჟურნალისტმა უნდა სცადოს შესწორებული ჟურნალისტური პროდუქტის აუდიტორიისასთვის ხელახლა მიწოდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მე-5 პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ანა მდივანმა დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა

შესწორება

მედიასაშუალების თვითრეგულირების კომისიის დასკვნა

 

 

Related Articles

Articles Not Nound!