გადაწყვეტილება საქმეზე - სულხან ბორძიკაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” სანდრო სანაიას წინააღმდეგ

განმცხადებელი : სულხან ბორძიკაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
მოპასუხე : სანდრო სანაია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;

3 ივნისი,  2022 წელი

საქმე N – 562

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე, მანანა ქველიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს სულხან ბორძიკაშვილმა და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა”, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ  2022 წლის 7 მაისს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერში” გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-7 და მე-11 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, სანდრო სანაია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი პანკისის ხეობის სოფლებში იჩქერიის დროშების გამოჩენას ეხება. ჟურნალისტი სიუჟეტში ამბობს:

„პანკისის ხეობაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იჩქერიის დროშების დარიგებამ და შენობებზე მოხატვამ მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. პანკისელები გმობენ სოფლებში, გზებზე და მოსაცდელ ადგილებში სხვადასხვა ქვეყნის დროშების გამოჩენას და სანაცვლოდ საქართველოს დროშის გადაღებვას. ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედება შეურაცხმყოფელია და გარკვეული ძალების მხრიდან პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით EMC-ის წარმომადგენლის, სულხან ბორძიკაშვილის ინიციატივა მიუღებელია, რომელიც, მათი თქმით, მოსახლეობას სთავაზობს იჩქერიის დროშის ჩუქებას და საცხოვრებელ სახლში განთავსებას. თანასოფლელების აზრს არ იზიარებს სულხან ბორძიკაშვილი. მისი განმარტებით, სხვადასხვა შენობაზე დროშების გამოსახვა შეურაცხყოფას არ ნიშნავს, ხოლო იჩქერიის დროშის პოპულარიზაციას კი ადასტურებს და მიზეზად ანტირუსულ განწყობას ასახელებს".

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი, მანიპულაციური, მიკერძოებული და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო.

განმცხადებელი მიუთითებდა რამდენიმე ფაქტზე, კერძოდ:

       იჩქერიის დროშა სოფელ ომალოში, პანკისში ადგილობრივებმა დახატეს. საქართველოს დროშის წაშლის ხარჯზე იჩქერიის ან უკრაინის დროშები არავის დაუხატავს. 

       27 მარტს ადგილობრივების მიერ დახატული იჩქერიის დროშა პოლიციამ წითელი საღებავით გადაშალა. პოლიციელების მიერ დამოუკიდებელი ჩეჩნეთის სიმბოლოს - იჩქერიის დროშის წაშლას მოჰყვა სწორედ 2022 წლის 28 მარტს სულხან ბორძიკაშვილის საჯარო სტატუსი სოციალურ ქსელში, სადაც იგი მიუთითებდა, რომ დროშის გამოფენა კანონით არ იყო აკრძალული.

       5 აპრილს, სოფელ ომალოში არსებული სხვა “დაფა” ადგილობრივებმა ამჯერად იჩქერიისა და უკრაინის, შედარებით მცირე ზომის დროშებით მოხატეს. 6 აპრილს, სავარაუდოდ, პოლიციელებმა უკრაინისა და იჩქერიის დროშები ისევ წაშალეს და, სავარაუდოდ, მათვე იმავე სივრცის ორივე “დაფა” საქართველოს დროშებით მოხატეს.

       2022 წლის 6 აპრილს, სავარაუდოდ, ადგილობრივებმა, მოხატული საქართველოს დროშების ნაწილი (დროშის კუთხეებში დახატული პატარა ჯვრები) წაშალეს.

       ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილს EMC-ის წარმომადგენლად მოიხსენიებს, რაც ასევე არაზუსტია, რადგან მას 2019 წლიდან ამ ორგანიზაციაში არ უმუშავია.

განმცხადებელი ასევე მიიჩნევდა, რომ სიუჟეტში ბალანსი იყო დარღვეული, რადგან სულხან ბორძიკაშვილის  მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე, თავად მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გავრცელდა და ჟურნალისტს სამი წყარო ჰყავდა ფაქტის დასადასტურებლად. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა დაიცვა სიზუსტე და ბალანსი, რადგან აჩვენა სულხან ბორძიკაშვილის კომენტარიც.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

სიუჟეტში ერთ-ერთი რესპონდენტი, მალხაზ მელქუაშვილი ამბობს: „მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ამ ყველაფერს სჭირდება რეაგირება და ზოგადად ყურადღების მიქცევა, როგორც ამ ადამიანს, ისე მისი დაჯგუფების წევრებს და საინტერესოა, რას იტყვის ამ ყველაფერზე EMC-ის ხელმძღვანელობა".

საბჭო აღნიშნავს, რომ სულხან ბორძიკაშვილს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, ეპასუხა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე, რომელიც მას „დაჯგუფების” წევრად ან ლიდერად მოიაზრებს. მაყურებელს უნდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, შეეცადა თუ არა ჟურნალისტი ამ ფაქტის გადამოწმებას/დაზუსტებას. სიუჟეტში არ იყო მითითებული არავითარი დამატებითი მტკიცებულება, რომ სულხან ბორძიკაშვილი რაიმე „დაჯგუფების” წევრია.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ასახა სულხან ბორძიკაშვილის პოზიცია, თუმცა ბალანსი ფორმალურად იყო დაცული, რაც ჟურნალისტს არ ათავისუფლებს ეთიკური პასუხისმგებლობისგან.

სიუჟეტით იქმნება ფონი, რომ ბორძიკაშვილი მართლაც „დაჯგუფების” წევრია, არ ჩანს, რომ ჟურნალისტი ცდილობს გამოიკვლიოს, რამდენად სწორ ინფორმაციას აწვდის წყარო. ასევე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს დროშის წაშლაც უკავშირდება სულხან ბორძიკაშვილს. ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სიუჟეტში არ ჩანს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სიუჟეტში გავრცელებული არასწორი ინფორმაცია ეთნიკური ნიშნით შუღლს აღვივებს, ამასთან აღრმავებს უნდობლობას ადგილობრივი ქისტების მიმართ.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტური მასალა მაყურებელს უარყოფითად განაწყობს პანკისის ხეობაში მცხოვრებთა  მიმართ და აძლიერებს სტერეოტიპებს, რომლებიც საზოგადოებაში ისედაც ჭარბადაა. კონკრეტული პრობლემის ასოცირებამ ეთნიკურ ჯგუფთან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას და ან ჩამოყალიბებას. ჟურნალისტს ყოველთვის გააზრებული უნდა ჰქონდეს ის შედეგი, რაც მასალის გამოქვეყნებას შეიძლება მოჰყვეს.

სიუჟეტიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ იჩქერიის დროშის გამოფენა არის კრიმინალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ჟურნალისტურ მასალაში არ არის განმარტებული, რომ იჩქერიის დროშა რუსეთისგან დამოუკიდებელი ჩეჩნეთის სიმბოლოდ მიიჩნევა. ამასთან, მასალიდან რჩება შთაბეჭდილება იმისაც, თითქოს, საქართველოს დროშის წაშლა სწორედ სულხან ბორძიკაშვილს უკავშირდება, იგი „დაჯგუფების” წევრი და პროვოკატორია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა განზრახ, რადგან მომხდარიყო სულხან ბორძიკაშვილისა და ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ საქმიანობის მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივება და მათი დისკრედიტაცია.

ქარტიის საბჭოს სხდომაზე განმცხადებლისა და მოპასუხის მოსმენის, ასევე, დამატებითი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ, არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და დადასტურებულად იცის ჟურნალისტმა, რომ მისი რესპონდენტი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სანდრო სანაიამ დაარღვია ქარტიის 1-ლი და მე-7 პრინციპი.
  2. სანდრო სანაიას არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

სადავო მასალა

განცხადება 

Related Articles

Articles Not Nound!