გადაწყვეტილება საქმეზე - არჩილ კაპანაძე ნანა კვაჭაძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : არჩილ კაპანაძე;
მოპასუხე : ნანა კვაჭაძე;

3 ივნისი,  2022 წელი

საქმე N – 563

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ხატია ღოღობერიძე, თამარ რუხაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა არჩილ კაპანაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 20 მაისს მედიაგამოცემა „ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის დროშის გამო აგრესიის სამიზნე გავხდით - რუსულ-უკრაინული ოჯახი ბათუმში”, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-4, მე-5 და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა „ბათუმელების” რედაქტორი და სტატიის ავტორი ნანა კვაჭაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-5 და მე-7 პრინციპთან დაკავშირებით.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში არ მონაწილეობდა საბჭოს თავმჯდომარე, თამარ რუხაძე. მისი განცხადებით, მედიასაშუალებასთან, რომელშიც გამოქვეყნდა სადავო სტატია, მას აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა. თამარ რუხაძემ გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ლი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სტატია ბათუმის ცენტრალურ პარკში მომხდარ შემთხვევას ეხება. სტატიის მიხედვით, „ბათუმში მცხოვრები რუსულ-უკრაინული ოჯახი ამბობს, რომ უკრაინის სამკერდე დროშის გამო რუსულენოვანი წყვილის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდნენ". სტატიაში რესპონდენტი ჰყვება, რომ მას და მის ცოლს კონფლიქტი ძაღლის გამო მოუვიდათ, თუმცა უკრაინის დროშის დანახვამ აგრესია გაამწვავა და კაცმა [განმცხადებელმა] ალექსანდრეს [რესპონდენტს] დაარტყა. მასალაზე მიმაგრებულ ფოტოზე ჩანს განმცხადებლის და მისი ცოლის სახე.

განმცხადებელს პრეტენზიები ჰქონდა, რომ სტატიაში ინფორმაცია ცალმხრივად გაშუქდა. იგი მიუთითებდა, რომ ინფორმაცია იყო არასწორი და მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა და აგრესიის მიზეზი უკრაინის დროშა არ ყოფილა.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტი მიუთითებდა, რომ მეორე მხარის ვინაობის შესახებ ჰკითხა თავად რესპონდენტს და შსს-ს პრესსამსახურს, თუმცა საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო. ჟურნალისტმა განმარტა, რომ მან არ ჩათვალა საჭიროდ დალოდება, რადგან ეს არაფერს შეცვლიდა. მისი თქმით, ყველა რესურსი ამოწურა იმისთვის, რომ დაედგინა მეორე მხარის ვინაობა და სხვა აღარავინ იყო, ვისგანაც შეძლებდა ამ ინფორმაციის მოპოვებას. ჟურნალისტის თქმით, მან მისი მცდელობების შესახებ არ აცნობა მკითხველს, რადგან ამ მცდელობებით ვერ მიიღო ის ინფორმაცია, რასაც იკვლევდა.

ჟურნალისტი აღნიშნავდა, რომ სტატიაში ერთმანეთისგან ცხადად არის გამიჯნული ჟურნალისტის ტექსტი და რესპონდენტის ციტატები. აქვე დასძენდა, რომ მასალა 3 წყაროზე [ინციდენტის მონაწილე პირი, შსს, ვიდეოჩანაწერი] დაყრდნობით იყო მომზადებული, შესაბამისად, იგი არ არღვევდა ქარტიის პირველ პრინციპს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია, რომ დაპირისპირების მიზეზი იყო უკრაინის დროშა, მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს”. საბჭო მიიჩნევს, რომ სტატიაში მკითხველს უნდა დაენახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ყველა ღონე იხმარა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. ჟურნალისტმა  ინფორმაცია, რომ დაპირისპირების მიზეზი იყო უკრაინის დროშა, მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. როდესაც ჟურნალისტი ვერ ახერხებს ინფორმაციის გადამოწმებას მეორე მხარესთან და მისი პოზიციის სტატიაში ასახვას, მან ამის შესახებ კეთილსინდისიერად უნდა აცნობოს აუდიტორიას, ცხადად აღნიშნოს, რომ ინფორმაციის გადამოწმება სრულად ვერ შეძლო და სტატიას აკლია მეორე მხარის (ბრალდებების ადრესატის) პოზიცია. მსგავსი ჩანაწერი სტატიაში, გარდა იმისა, რომ აუდიტორიას უჩვენებს ჟურნალისტის მცდელობას საკითხზე მეორე მხარის პოზიციის მოპოვების შესახებ, ასევე, მკითხველს მიუთითებს გარემოებაზე, რომ შემთხვევას ჰყავს მეორე მხარე და არსებობს ალბათობა, რომ მომხდარის შესახებ მეორე მხარისაგან განსხვავებული ინფორმაცია მიიღოს. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.

ნანა კვაჭაძემ ქარტიის სხდომაზე აღნიშნა, რომ სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც გაიგო არჩილ კაპანაძის ვინაობა, დაუკავშირდა მას და შესთავაზა მისი პოზიციის გამოქვეყნება, თუმცა კაპანაძე არ დათანხმდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამას ადასტურებს განმცხადებელიც. ქარტია აღნიშნავს, რომ მართალია, რესპონდენტის ნების საწინააღმდეგოდ ჟურნალისტი მის კომენტარს ვერ დაწერდა, მაგრამ შეეძლო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში განახლების სახით შეეტანა ცვლილება, სადაც ასახავდა, რომ კაპანაძე უკრაინის დროშის გამო თავდასხმას უარყოფდა, თუმცა კომენტარს არ აკეთებდა. შედეგად, მკითხველი უფრო სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებდა.

ამასთან, ჟურნალისტმა მაშინ, როდესაც არ იყო იდენტიფიცირებული მეორე მხარე და, შესაბამისად, არც მისი პოზიცია ჰქონდა მკითხველს, მისი ფოტო დაურთო სტატიას.  აღნიშნული ფოტო, სტატიის სათაურთან („უკრაინის დროშის გამო აგრესიის სამიზნე გავხდით – რუსულ-უკრაინული ოჯახი ბათუმში”) ერთად, აძლიერებდა აგრესიას მის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მე-4 პრინციპი: „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა მისი და მისი ცოლის ფოტოები თანხმობის გარეშე გამოიყენა და დაარღვია ქარტიის მეოთხე პრინციპი.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ქარტიის მე-4 პრინციპი არ დარღვეულა. ჟურნალისტმა საჯარო სივრცეში გადაღებული ვიდეოც და ფოტოც მიიღო წყაროსგან და არ მოუპოვებია იგი არაკეთილსინდისიერი ან არასამართლიანი მეთოდებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნანა კვაჭაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
  2. ნანა კვაჭაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება

 

 

Related Articles

Articles Not Nound!