გადაწყვეტილება საქმეზე - მზია სალვარიძე ჯემალ მეგრელიძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : მზია სალვარიძე;
მოპასუხე : ჯემალ მეგრელიძე;

21 ივლისი,  2022 წელი

საქმე N – 569, 574

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა მზია სალვარიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 14 მაისს TV 12-ის ეთერში გასულ გადაცემაში „ჟურნალისტის დღიურები” ჟურნალისტმა ჯემალ მეგრელიძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპი, ხოლო 2022 წლის 20 ივნისს გასულ გადაცემაში იმავე ჟურნალისტმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი, მე-7 და მე-11 პრინციპი. 

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ჟურნალისტმა კი შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

პირველი გადაცემის სადავო ნაწილი პოეტი ნანა მომცელიძისთვის ანა კალანდაძის პრემიის მინიჭების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ეს  ფაქტი სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. სადავო მასალაში ჟურნალისტი განიხილავდა სოციალურ ქსელში მიმდინარე დისკუსიას და მის შესაფასებლად გამოიყენა შემდეგი ფრაზა: „პოეტესას“ განწირული ყროყინი სხვისი წარმატების გამო ანუ რატომ არ უნდა გეტკინოს ვირის წიხლი?”

გადაცემაში ჟურნალისტი ამბობს:

„ქალბატონმა მზია სალვარიძემ, მე მას არ ვიცნობ, სამწუხაროდ, ძალიან შეურაცხმყოფელი ლექსი და პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ გვერდზე, მე ამას არ წავიკითხავ იმიტომ, რომ ტირაჟირებას არ გავაკეთებ. არც ქალბატონი მზიას, პირდაპირ ვიტყვი, ნაბოდვარის, წაკითხვა მაინტერესებს და არ მოვიტან თქვენამდე, არ მოგაყენებთ ამ შეურაცხყოფას ტელემაყურებლებს. უბრალოდ ვიტყვი, რომ უნდა დავუჯეროთ მუხრანს, ქვეყანა დაღუპა შურმა, უღმერთოდ იცინის ღმერთი, რა გალაპარაკებს თურმე, გაჩერდი იყავი შენთვის. ქალბატონო მზია, თქვენ ასე ვერ წახვალთ წინ".

განმცხადებელმა განმარტა, რომ მან სოციალურ გვერდზე „პოეზიარი-ავტორთა წარმოჩენა" 7 ივნისს ნამდვილად დაწერა შემდეგი პოსტი ნანა მომცელიძისთვის ანა კალანდაძის პრემიის გადაცემასთან დაკავშირებით: „იქნებ, ჯერ ქალბატონი ნანას რამდენიმე ლექსი მაინც წაგვეკითხა, საინტერესოა, რა ლექსების საფუძველზე მიიღო პრემია. არის სადმე გვერდი, სადაც მისი შემოქმედება ქვეყნდება?". მისი თქმით, მან მეორედაც დაწერა პოსტი: „ანა კალანდაძის პრემიას რომ მიიღებს ადამიანი, ის მართლაც არ უნდა იყოს ხელწამოსაკრავი ავტორი. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენა არ მაქვს ამ ქალბატონის ლექსებზე და მითუმეტეს კომპეტენცია, რომ ვისაუბრო სხვის შემოქმედებაზე, ყველაზე მართებულ სვლად მიმაჩნია მისი „რჩეული ლექსების” ციკლის გამოქვეყნება, იმედია სწორად გაიგებთ ჩემი პოსტის არსს".

როგორც განმცხადებელი ამბობს, ამ კომენტარების პარალელურად მან თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა საკუთარი შაირების ნაკრები, რომელთაგან ერთი შაირი - ღორებზე დაწერილი ალეგორიული ლექსი გადაცემის წამყვანმა/ჟურნალისტმა დაუკავშირა  სხვა სოციალურ გვერდზე მიმდინარე დისკუსიას ნანა მომცელიძისთვის პრემიის მინიჭების შესახებ. განმცხადებლის თქმით, მან ეს ლექსი დაწერა 5 თვის წინ, საერთოდ სხვა ისტორიამ გამოიწვია ეს ალეგორია და ამ ლექსს არაფერი აკავშირებს ნანა მომცელიძესთან და პრემიით მის დაჯილდოებასთან.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა იგი წარმოაჩინა, როგორც დაპირისპირებული მხარე, არ გადაამოწმა ინფორმაცია მასთან, არ შეისწავლა საკითხი ორმხრივად და მის მიმართ შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ინფორმაცია გააჟღერა.

განმცხადებელი ასევე დავობდა მეორე გადაცემაზეც, „პოეტ მზია სალვარიძის რეალური სახე”, რომელიც მას ეხებოდა.

გადაცემაში ჟურნალისტი ამბობს:

„ძალიან პატარა ადამიანი გამოჩნდით, არა მარტო ჩემ, არამედ მთლიანად მკითხველის, საზოგადოების და ფეისბუქ მომხმარებლის თვალში. აკრიახებულ-აგნიასებული ხუთქალიანი შემოქმედთა სამყარო, ერთმანეთის დასაცავად დატრიალებული სიტყვის ოსტატთა პასკვილები და მედიისთვის გამოცხადებული ომის ტრაგიკომიკური ისტორია. გალანძღული ინტელიგენცია, შეურაცხყოფილი ჩამოსულები და აფექტების ეფექტები".

„ყველაზე ყოჩაღი თვით მზია სალვარიძე აღმოჩნდა, რომელიც დღის განმავლობაში არ გაჩერებულა და კლავიატურასაც სულ ბდღვირი ადინა. მოკლედ, ატყდა ერთი გნიასი და კრიახი, ისეთი, მათ რომ ჰგონიათ ქვეყანა დავაქციეთო".

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მეორე გადაცემაშიც ფაქტები დამახინჯებული და ცალმხრივად წარმოჩენილი იყო. მისი თქმით, გადაცემაში გასული კომენტარები, რომელსაც მედიასაშუალების სოციალურ გვერდზე წერდნენ, ჟურნალისტმა კონტექსტიდან ამოვარდნილად გააშუქა.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა წერილობით შეპასუხებაში მიუთითა, რომ განმცხადებლის ბრალდებები ორივე განცხადებაში უსაფუძვლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული იყო. მისი თქმით, გადაცემებში გავიდა მხოლოდ ფაქტები და შეფასებები, შესაბამისად, არ დარღვეულა ქარტიის პრინციპები.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო გადაცემებში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. გადაცემებში არ ჩანს მოპასუხე მხარის, მზია სალვარიძის პოზიცია, ჟურნალისტს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია მასთან. იმას, რაც მაყურებელმა ნახა, აკლდა გადამოწმება, ბალანსი და წყაროები.

პირველ გადაცემაში ჟურნალისტმა სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული პოსტები ერთ თემაში გააერთიანა და მზია სალვარიძის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ალეგორიული ლექსი წარმოადგინა, როგორც განმცხადებლის მოსაზრება. ასევე, გადაცემაში ითქვა, რომ „მან შეურაცხმყოფელი ლექსი გამოაქვეყნა" და უპირისპირდებოდა ნანა მომცემლიძისთვის პრემიის მინიჭებას. ასეთ დროს, აუცილებელია მაყურებელმა ბრალდებული მხარის პოზიციაც მოისმინოს, რაც გადაცემაში არ ჩანდა.

მეორე გადაცემაში, რომელიც კონკრეტულად მზია სალვარიძეს მიეძღვნა, ჟურნალისტმა კვლავ არ მოიწვია მოპასუხე მხარე, შესაბამისად, ჟურნალისტმა მეორედაც არ დაიცვა ბალანსი. მან გადაცემაში მხოლოდ განმცხადებლის მიერ საჯაროდ დაწერილი კომენტარები წაიკითხა.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის  ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ორივე გადაცემაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მეორე გადაცემაში ჟურნალისტმა მის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოხატა.

საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემაში წამყვანმა მზია სალვარიძის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენა ისეთი ვიზუალური სახეები და ეპიზოდები მისი ლექსიდან, რომელიც ამძაფრებდა ქალზე სტერეოტიპულ წარმოდგენებს. საბჭო მიიჩნევს, რომ გადაცემაში ასევე იყო მონაკვეთები [მულტფილმი, ნაწყვეტი ფილმიდან „შერეკილები"], რომლებიც ახალისებდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

მედიას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, დაიცვას ქალთა უფლებები და ხელი არ შეუწყოს სტერეოტიპების გამყარებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მეორე გადაცემაში დაირღვა ქარტიის მეშვიდე პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ გადაცემებში არასწორი ინფორმაცია განზრახ გავრცელდა და მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას.

ქარტიის საბჭო პირველ გადაცემაში არ მიიჩნევს მე-11 პრინციპს დარღვეულად, რადგან თავდაპირველად არ გამოიკვეთა მოტივი, თუ რატომ შეიძლებოდა, ჟურნალისტს განზრახ შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში. მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან დაუბალანსებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ.

რაც შეეხება მეორე გადაცემას, ქარტიის პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას დადგინდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყო ცალმხრივი, ბალანსი არ იყო დაცული. დამატებით, საბჭოს შეფასებით, იკვეთება განზრახვაც. ამის საფუძველს საბჭოს აძლევს შემდეგი გარემოება: გადაცემა კონკრეტულად მზია სალვარიძის დისკრედიტაციის მიზნით მომზადდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ გადაცემის წამყვანს წინასწარი განწყობები ჰქონდა თემასთან დაკავშირებით: იგი საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტებშიც იხსენიებდა განმცხადებელს. 

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მეორე გადაცემაში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

პირველ გადაცემაში:

       ჯემალ მეგრელიძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი პრინციპი.

       ჯემალ მეგრელიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

მეორე გადაცემაში:

       ჯემალ მეგრელიძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი, მე-7 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება 1

განცხადება 2

შეპასუხება

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

 

 

 

Related Articles

Articles Not Nound!