გადაწყვეტილება საქმეზე - გია ქარცივაძე ქეთევან ბოლქვაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : გია ქარცივაძე;
მოპასუხე : ქეთევან ბოლქვაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

30 ივლისი,  2022 წელი

საქმე N – 575

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, ნინა ხელაძე, სოფო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გია ქარცივაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 29 აპრილს „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ელი, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სადავო მასალის ავტორი, ქეთევან ბოლქვაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა პოზიცია წერილობით წარმოადგინა.

საქმის განხილვის დახურულ ნაწილში არ მონაწილეობდა საბჭოს წევრი, სოფო ჟღენტი. მისი განცხადებით, მას აკავშირებს საქმიანი ურთიერთობა მედიასაშუალებასთან, რომელშიც სადავო მასალა გაშუქდა. სოფო ჟღენტმა გამოიყენა თვითაცილების მექანიზმი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, სათაურით „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება", 29 აპრილს მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე მაუწყებელის ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის მხარდასაჭერ შეხვედრას და მრჩევლთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს, გია ქარცივაძეს ეხებოდა.

წამყვანი მასალაში  ამბობს:

„მაუწყებლის მენეჯმენტის მისამართით აქციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აბსურდულს უწოდებს. ფირუზ ბოლქვაძის თქმით, მენეჯმენტი არ იწვევს პროვოცირებას, რომ თანამშრომლებს გადაცდომა ჰქონდეთ. მან ასევე მოიხმო მრჩეველთა საბჭოს სხდომიდან ამოღებული ვიდეო ფრაგმენტი,  სადაც ერთ-ერთი მრჩეველი, გია ქარცივაძე ქალის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზას იყენებს. ხოლო თავად დღეს აქციაზე იყო და გათავისუფლებულის აღდგენას ითხოვდა, რომლის გათავისუფლების მიზეზად მაუწყებელი ქალ თანამშრომელზე შეურაცხყოფას ასახელებს. გია ქარცივაძე კი ამბობს, რომ მენეჯმენტი ალეგორიულ გამონათქვამებში ვერ ერკვევა და ეს მათი პრობლემაა".

მასალაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ფირუზ ბოლქვაძე ამბობს: „მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელი პირის ვერცერთ მსგავს განცხადებას ვერ მოისმენთ, რომელიც შეიძლება ახალისებდეს ძალადობას მაუწყებელში, სამაგიეროდ, მსგავსი განცხადებები ჩვენ გვესმის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც დღეს გამოსული იყვნენ აქციაზე კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მისი უფლებების დასაცავად. ასეთი გახლავთ, მაგალითად, გია ქარცივაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯარო სხდომაზე გააკეთა შეურაცხმყოფელი განცხადებები, კონკრეტულად ქალების მისამართით, ალეგორიულ კონტექსტში, თუმცა სამწუხაროდ უსიამოვნოდ გაჟღერდა ეს, როგორც მაუწყებლის წარმომადგენლის მხრიდან და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანი იყო აქციაზე და იცავდა იმ ადამიანის უფლებას, რომელმაც, სამწუხაროდ, ასევე ქალი თანამშრომლის მიმართ განახორციელა უსიამოვნო და შეურაცხმყოფელი ქმედებები, რასაც მოჰყვა ასეთი რთული და მძიმე გადაწყვეტილების მიღება".

მასალაში ასევე ნაჩვენებია 22 თებერვალს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გია ქარცივაძის მიერ გაკეთებული სექსისტური განცხადება.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორი და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო.

მან განმარტა, რომ 29 აპრილს მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაუწყებელის რამდენიმე მოქმედი თანამშრომლის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის მხარდასაჭერად. იგი ამბობს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, მაგრამ მასალის მომზადების პერიოდში თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თქმით, ჟურნალისტმა კონტექსტიდან ამოჭრა, მაუწყებელის ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის მხარდასაჭერ შეხვედრას დაუკავშირა და არასწორად გამოიყენა მასალაში მისივე განცხადება, რომელიც 22 თებერვალს, მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

გია ქარცივაძემ განმარტა, რომ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გაკეთებული სექსისტური განცხადების გამო მან ბოდიში სხდომაზევე მოიხადა და გაემიჯნა საკუთარ განცხადებას, თუმცა ჟურნალისტმა იგი კონტექსტიდან ამოჭრილად გააშუქა და ქალზე მოძალადედ, ძალადობის წამხალისებლად წარმოაჩინა. განმცხადებელმა აღნიშნა, ჟურნალისტს, რომელიც დაუკავშირდა კომენტარისთვის, განუმარტა, რომ ამ თემაზე მისი პასუხი მრჩეველთა საბჭოს სხდომის სრულ ჩანაწერში ჩანდა.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა წერილობით შეპასუხებაში მიუთითა, რომ მასალაში მხარეთა პოზიცია უცვლელად იყო დაფიქსირებული, მან დაიცვა ბალანსი და არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები. ჟურნალისტის თქმით, მას დრო არ ჰქონდა ჩანაწერის მოსაძებნად და ცდილობდა ბრალდების ადრესატის კომენტარის მოპოვებას.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტმა სათანადოდ არ სცა პატივი მაყურებლის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში კონტექსტიდან ამოჭრილად იყო გაშუქებული გია ქარცივაძის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გაკეთებული კომენტარი, არ ჩანდა მისი ბოდიში და ეს განცხადება გამოყენებული იყო დასაბუთებად, თითქოს ის ემხრობოდა სექსიზმს და ამიტომ იდგა აქციაზე.

საბჭომ ვერ დაინახა ჟურნალისტის მცდელობა, რომ იგი შეეცადა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ გაშუქებული ინფორმაცია დისკრიმინაციული იყო მისი, როგორც განსხვავებული შეხედულების მქონე პირის მიმართ.

ქარტიის პრაქტიკის მიხედვით, მე-7 პრინციპის ჭრილში შეიძლება განხილული იყოს მხოლოდ ის მადისკრედიტებელი მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, იწვევს დისკრიმინაციას ან სტიგმის გაძლიერებას.

საბჭო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში განსხვავებული შეხედულება არ წარმოადგენდა იმ ნიშანს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გია ქარცივაძის დისკრიმინაცია. მასალით მოხდა განმცხადებლის დისკრედიტაცია, თუმცა მასალა არ იყო დისკრიმინაციული სახის,  შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა განზრახ. მისი თქმით, მაუწყებლის ადმინისტრაციას გავლენა აქვს სარედაქციო მიმართულებაზე.

ქარტიის საბჭომ პირველ პრინციპზე მსჯელობისას დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყო ცალმხრივი და მანიპულაციური. დამატებით, საბჭოს შეფასებით, იკვეთება განზრახვაც. ამის საფუძველს საბჭოს აძლევს რამდენიმე გარემოება:

       გია ქარცივაძიმ სექსისტური განცხადება გააკეთა სადავო ჟურნალისტური პროდუქტის გასვლამდე 2 თვით ადრე. ჟურნალისტმა იგი დაუკავშირა გათავისუფლებული თანამშრომლის მხარდასაჭერ შეხვედრას და არ გააშუქა სრულად.   

       დადასტურებული ფაქტია - ჟურნალისტმა იცოდა, რომ მრჩეველთა საბჭოს სხდომის სრულ ჩანაწერში შეეძლო გია ქარცივაძის პოზიციის ნახვა, თუმცა ეს მოსაზრება მაინც არასრულად გააშუქა და მასში არ ჩანდა გია ქარცივაძის ბოდიში. მაუწყებელთან შეკრება იყო შუადღის საათებში, შესაბამისად, ჟურნალისტს 6 და 8 საათის გამოშვებამდე ჰქონდა დრო საიმისოდ, რომ სხდომის ჩანაწერში მითითებული ნაწილი ენახა. ასევე, განმცხადებლის მტკიცებით, მან ჟურნალისტს მიუთითა, საბჭოს სხდომის ჩანაწერში დროის რომელ კონკრეტულ მონაკვეთში უნდა მოეძებნა მისი განცხადება, რაც, მისივე განმარტებით, ჟურნალისტისთვის დროის დაზოგვის მიზნით გააკეთა.

       მასალაში რჩება შთაბეჭდილება, რომ გია ქარცივაძის შესახებ ვიდეო ჟურნალისტს მიაწოდა მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, რომელმაც ვიდეო სხვა მედიის წარმომადგენლებსაც აჩვენა, როდესაც შეკრების შესახებ შენობასთან კომენტარის გასაკეთებლად გავიდა. საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ნებისმიერი წყაროს მიერ მიწოდებული მასალა უნდა გადაამოწმოს, მაყურებელს მიაწოდოს სრული სურათი და არხის წარმომადგენლის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციასაც კრიტიკულად მიუდგეს.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ქეთევან ბოლქვაძემ დაარღვია ქარტიის 1-ელი და მე-11 პრინციპი.
  2. ქეთევან ბოლქვაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება

 

 

Related Articles

Articles Not Nound!