განმცხადებელი : ანრი ოხანაშვილი;
მოპასუხე : სოფიო გოზალიშვილი, დავით ქაშიაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
5 აგვისტო, 2022 წელი
საქმე N – 577
საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე
საბჭოს წევრები:
ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, ხატია
ღოღობერიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 2 ივლისს ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემაში „შაბათის ფორმულა” გასულ სიუჟეტში, სათაურით ოცნების „ზღვარი” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ სოფიო გოზალიშვილი და დავით ქაშიაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, ასევე,
მოპასუხე ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო რეპორტაჟი 2022 წლის 30 ივნისს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ეზოში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მომხდარ ინცინდენტს და მასში მონაწილე „ქართული ოცნების" წევრების (ანრი ოხანაშვილის და ლევან მგალობლიშვილის) ქონებასა და ბიზნესს ეხებოდა.
განმცხადებელს პრეტენზიები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა. სიუჟეტში წამყვანი ამბობს:
● „განა რას აკეთებს ეს ერთი დეპუტატი და რას გამოიმუშავებს ისეთს, რომ თბილისის პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უბანში ერთმანეთის გვერდით სახლები ჩადგა“.
ჟურნალისტი ამბობს:
● „დრონის გარეშე წარმოუდგენელია, დაინახო 800 მ²-ზე აშენებული ორი სახლი, რომელიც ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის, საერთო საზაფხულო და დამხმარე ფართებით“.
● „დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ეს მიწა ოხანაშვილის მეუღლეს 2019 წელს აჩუქეს. მჩუქებლის ვინაობას მაკა ხოდელი არ ამხელს“.
● „ალბათ, უცნაურია, რომ ხოდელი ჯამში 800 000 მ² მიწას ოხანაშვილის თანამდებობრივი წინსვლის პარალელურად დაეპატრონა“.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფრაზები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მაყურებელი შეცდომაში შეჰყავდა.
განმცხადებლის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ ანრი ოხანაშვილს სიუჟეტის მომზადების დროს არავინ დაკავშირებია და უკითხავს უძრავი ქონების წარმომავლობის შესახებ. მისი თქმით, სიუჟეტში გასული მცდარი ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტებს საჯარო რეესტრიდანაც შეეძლოთ.
განმცხადებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2003 წელს ამირან ხოდელმა შეიძინა სამი მიწის ნაკვეთი, აქედან ერთი ნაკვეთი აჩუქა მაკა ხოდელს (ანრი ოხანაშვილის ცოლს) და ამ ნაკვეთზე დგას სახლიც, რომელიც ეკუთვნის მაკა ხოდელს; მეორე ნაკვეთი ეკუთვნის ამირან ხოდელის მეორე შვილს და მესამე ნაკვეთზე თავად ამირან ხოდელი იშენებს საკუთარ სახლს.
თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტი მიუთითებდა:
● წამყვანის ფრაზა რიტორიკულ ხასიათს ატარებდა და სიუჟეტში განსახილველი თემის მოკლე შინაარსის გადმოცემის მიზანს ემსახურებოდა.
● რეპორტაჟის მომზადებისას ჟურნალისტები ანრი ოხანაშვილს პარლამენტში რამდენიმე კითხვით დახვდნენ. პირველი კითხვა ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, თუმცა, ოხანაშვილმა კაბინეტის კარი მიიხურა და ჟურნალისტებს არ მიეცათ საშუალება, მისთვის ქონებასთან დაკავშირებული კითხვები დაესვათ. ჟურნალისტები 30 წუთის განმავლობაში ელოდებოდნენ კართან და ინფორმაციის გადასამოწმებლად სახლთანაც მიაკითხეს.
● „ქართული ოცნება” კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმშია. ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტებს აქამდეც ჰქონიათ მცდელობა, ანრი ოხანაშვილისგან მოეპოვებინა კომენტარი, თუმცა მისგან უარს იღებდნენ.
შესაბამისად, მოპასუხე ჟურნალისტები მიიჩნევდნენ, რომ მათ სათანადო ძალისხმევა გაწიეს ინფორმაციის გადასამოწმებლად და არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი.
საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცეს ჟურნალისტებმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო რეპორტაჟში ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა, რადგან ჟურნალისტურ მასალას აკლდა გადამოწმება, ბალანსი და წყაროები.
გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. რეპორტაჟში არ ჩანს მოპასუხე მხარის, ანრი ოხანაშვილის პოზიცია.
მართალია, მოპასუხე ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ სცადეს ანრი ოხანაშვილისთვის კითხვის დასმა, მაგრამ მათ მიერ მომზადებულ მასალაში ეს არ ჩანს. ასევე, სიუჟეტში ნახსენებია მაკა ხოდელი, მასალაში კი არ ჩანს, მასთან დაკავშირება სცადა თუ არა ჟურნალისტმა. მართალია, რეპორტაჟის ავტორი შეეცადა პარლამენტის შენობაში დეპუტატთან შეხვედრას, თუმცა სიუჟეტიდან მაყურებელი ვერ იგებს, გაიგო თუ არა ანრი ოხანაშვილმა, რა საკითხთან დაკავშირებით სურდა კითხვის დასმა ჟურნალისტს.
ამას გარდა, ჟურნალისტს შეეძლო კითხვა რაიმე ფორმით შეეტყობინებინა ანრი ოხანაშვილისთვის, თუმცა ეს მცდელობა სიუჟეტში არ ჩანს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ინფორმაციის ყველა შესაძლო გზით გადამოწმების ვალდებულებას.
სიუჟეტში ჩანს განმცხადებლის პოზიცია აშშ-ის საელჩოს ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა აუდიტორიამ ვერ მიიღო პასუხები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიცაა „პრესტიჟულ და ძვირადღირებულ უბანში ერთმანეთის გვერდით სახლების ჩადგმა", რამდენიმე სახლის ფლობა და თანამდებობრივი წინსვლის პარალელურად ოჯახის წევრის ქონების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში არიან, ჟურნალისტს აქვს ეთიკური ვალდებულება, მაინც გასწიოს მაქსიმალური ძალისხმევა ინფორმაციის გადასამოწმებლად და მაყურებელს ყველა მცდელობის შესახებ აცნობოს.
საბჭო აღნიშნავს, რომ, როდესაც ჟურნალისტი პირის ქონებრივ მდგომარეობას იკვლევს, მნიშვნელოვანია შეისწავლოს საჯარო რეესტრის ამონაწერები, მაყურებელს ნათლად მიაწოდოს ინფორმაცია, რა არის დადასტურებული ფაქტი და რა - წყაროს [რესპონდენტის] პოზიცია ან ინტერპრეტაცია.
აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
სოფიო გოზალიშვილმა და დავით ქაშიაშვილმა დაარღვიეს ქარტიის 1-ელი პრინციპი.