გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი ჩიხლაძის და ნათია თოიძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
მოპასუხე : ირაკლი ჩიხლაძე, ნათია თოიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

7 ოქტომბერი,  2022 წელი

საქმე N – 594

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, სოფო ჟღენტი, მაია წიკლაური, გულო კოხოძე, მანანა ქველიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [შემდგომ „საია”], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 11 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის კვირაში” წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, ხოლო სიუჟეტის ავტორმა, ნათია თოიძემ - ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები. 

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი,  მოპასუხე მედიასაშუალებას შეპასუხება წერილობითაც არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო სიუჟეტი 4 არასამთავრობო ორგანიზაციას ეხება. განმცხადებელი სადავოს ხდის საიას მიმართ გამოთქმულ ფრაზებს.

გადაცემის წამყვანი ამბობს:

„არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური აქცენტებით - შემდეგი რეპორტაჟი კონკრეტული ენჯეოების საქმიანობას ეხება, იმ ორგანიზაციების, რომლებიც ძირითადად ხელისუფლების ოპონირებით და ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერით არიან დაკავებული, და ამაში ხარჯავენ დროს და ენერგიას. იმედისთვის კი უმრავლესობა ვერასოდეს ვერ იცლის, რომ კომენტარი მისცეს…”

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       ,,საიასთვისაც, რომელსაც დაწყებული აქვს 2 246 600 აშშ დოლარის საერთო ღირებულების რამდენიმე პროექტი. მიმდინარეს გარდა, 2014-2021 წლებში გრანტების სახით მიღებული აქვს 6 282 017 აშშ დოლარი. თუმცა, დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია აქაც მწირია და არ ჩანს, თუ რაშია კონკრეტულად, დახარჯული თანხები”.

       „ერთი კი ცხადია, პოლიტიკაში არაფორმალურ მოთამაშეებად ჩაერთვნენ და ოპოზიციურ ფლანგზე პროცესების მართვასაც ცდილობენ, ითხოვენ მთავრობის გადადგომას, ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას, გამოდიან აქციებზე და აჟღერებენ პოლიტიკურ მოთხოვნებს”.

       „წერენ ანგარიშებს, რასაც შემდეგ მათივე დონორები საკუთარ ანგარიშებში ციტირებენ და საზოგადოება ისმენს გამოგონილ ისტორიებს, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო და როგორი მისაბაძი იყო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ნაციონალური მოძრაობა გასაოცარი დემოკრატიითა და რეფორმებით”.

       „წაშლილია ზღვარი და სულ უფრო რთული ხდება, გაარჩიო, სად მთავრდება ნაციონალური მოძრაობა და სად იწყება მრავალმილიონიანი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქართულ პოლიტიკურ რეალობაში”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ წამყვანის მიერ გამოთქმული ბრალდება („იმედისთვის” კი უმრავლესობა ვერასოდეს ვერ იცლის, რომ კომენტარი მისცეს) დაუსაბუთებელი, მაყურებლის შეცდომაში შემყვანი და მანიპულაციურია, რადგან საიას თავმჯდომარეს არაერთხელ აქვს მიცემული კომენტარი ტელეკომპანია „იმედისთვის”, აღნიშნულ სიუჟეტშიც ვხვდებით მათ კომენტარს.

ასევე, განმცხადებელის თქმით, წამყვანმა მოიხსენია ორგანიზაცია, როგორც ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდამჭერი, მაშინ, როდესაც საიას რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან აფილირება არასწორია და მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

განმცხადებლის პოზიციით, ნათია თოიძემაც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და მაყურებელს ინფორმაცია მანიპულაციურად მიაწოდა. ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ მას უარი არ უთქვამს კომენტარზე და არც მედიასაშუალებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებაზე, ამასთან, თუ ჟურნალისტი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ატვირთულ წლიურ ანგარიშებს გაეცნობოდა, ნახავდა, რაში დაიხარჯა თანხები წლების მიხედვით.

ასევე, განმცხადებლის თქმით, ორგანიზაციას არასდროს მოუთხოვია ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება და გაუგებარია ჟურნალისტის განცხადება, თითქოს წაშლილია ზღვარი ნაციონალურ მოძრაობასა და სიუჟეტში ნახსენებ არასამათავრობო ორგანიზაციებს შორის.

საიას პრეტენზიების შესახებ დეტალური ინფორმაცია სრულად მოცემულია მის განცხადებაში.

საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტში არ იყო მითითებული არცერთი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანს ორგანიზაცია არ დაუკონკრეტებია, მან ეს ფრაზა განაზოგადა, შესაბამისად, იგი მიემართებოდა საიასაც.

საავტორო გადაცემის წაყვანისას მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ირაკლი ჩიხლაძემ ამ ნაწილში დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

პრობლემურია სიუჟეტის რამდენიმე ნაწილიც. ჟურნალისტი 2014-2021 წლებში საიას მიერ გრანტის სახით მიღებულ თანხასთან დაკავშირებით ორ განსხვავებულ რიცხვს ასახელებს -  6 282 017 აშშ დოლარს და 8.5 მილიონს. მაყურებლისთვის გაურკვეველია კონკრეტულად რომელი თანხაა რეალური. 

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები [განმცხადებელი მიუთითებს, რომ ჟურნალისტი გულისხმობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც] ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას მოითხოვენ; წერენ ანგარიშებს, საიდანაც შემდეგ საზოგადოება ისმენს გამოგონილ ისტორიებს; წაშლილია ზღვარი მათსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის.  ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ამ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა სიუჟეტში არ ჩანს არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც მხარის პოზიცია (კერძოდ საიასი, რომელსაც კომენტარზე უარი არ უთქვამს).

მხარეს აღნიშნულ ბრალდებებზე პასუხის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მაყურებელს უნდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, შეეცადა თუ არა ჟურნალისტი ამ ფაქტის გადამოწმებას/დაზუსტებას.

სიუჟეტში გამოყენებულ საარქივო ვიდეოში, რომელიც მოჰყვება ბრალდებას, რომ ეს არასამთავრობოები ტექნიკურ მთავრობას ითხოვენ, არის საიას თავმჯდომარის გამოსვლა საპროტესტო აქციაზე და ამ გამოსვლის შინაარსი არანაირად არ ამყარებს ჟურნალისტის მიერ გამოთქმულ ბრალდებას.

Სიუჟეტში არ ჩანს არცერთი ფრაგმენტი მაგალითად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშიდან, რომელიც ჟურნალისტის ზემოთ აღნიშნული ფრაზის გამოყენების საშუალებას მისცემდა („წერენ ანგარიშებს, რასაც შემდეგ მათივე დონორები საკუთარ ანგარიშებში ციტირებენ და საზოგადოება ისმენს გამოგონილ ისტორიებს, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველო და როგორი მისაბაძი იყო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ნაციონალური მოძრაობა გასაოცარი დემოკრატიითა და რეფორმებით”.), ასევე არაა მოყვანილი არცერთი მაგალითი, რომელიც გაამყარებდა ბრალდებას, თითქოს საია ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას ითხოვს, ან რეგულარულად გამოხატავს თავის მხარდაჭერას ნაციონალური მოძრაობისადმი.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს/ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტს შეიძლება არ ჰქონდეს ოფიციალური ინფორმაცია [თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში მას ჰქონდა თანხმობა მხარისგან, რომ მიაწვდიდა დეტალურ ინფორმაციას და, როგორც განმცხადებელი ამბობს, მან მიუთითა ჟურნალისტს, საიტზე სად შეეძლო თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება] და დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ნათია თოიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტის ავტორმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა განზრახ, რადგან მომხდარიყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საქმიანობის მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივება და მათი დისკრედიტაცია.

საბჭომ პირველ პრინციპზე მსჯელობისას დაადგინა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

რაც შეეხება ქარტიის მე-11 პრინციპს, საბჭოს მოსაზრებით, ტელეკომპანია „იმედზე" შეიმჩნევა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის არსებობა. ტელეკომპანია იმედის სარედაქციო პოლიტიკაში მკვეთრად არის აქცენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ეს დასტურდება ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით, მაგალითად გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ლევან ქათამაძე რუსა შელიას და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ"; „ლევან ნატროშვილი ანუკი გუმბერიძის, ლევან ჯავახიშვილის და თეონა გეგელიას წინააღმდეგ“, „საია ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ“.

ამასთან, განმცხადებელმა დამატებით წარმოადგინა 2022 წლის 25 სექტემბერს „იმედის კვირაში" გასული მასალა (სათაურით - მდიდარი ენჯეოების კლანი), რომელიც, მისი თქმით, ადასტურებდა იმას, რომ ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობას კამპანიური ხასიათი აქვს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო სიუჟეტიც ამ კამპანიის ნაწილია და ნათია თოიძემ განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.

ასევე, მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. სიუჟეტში ჩანს, როგორ უმარტავს საიას თავმჯდომარე ჟურნალისტს, რომ შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მოძიება თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და მოგვიანებით ინტერვიუს შეთანხმება, თუმცა ჟურნალისტი მაინც ამბობს - „დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია აქაც მწირია და არ ჩანს თუ რაშია კონკრეტულად, დახარჯული თანხები”.

შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ სიუჟეტში მოყვანილი ბრალდებები ვერ იქნება შემთხვევითი და დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნათია თოიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. ირაკლი ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

 

Related Articles

Articles Not Nound!