გადაწყვეტილება საქმეზე - შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი (რადიო ჰერეთი, რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი) სალომე შანშიაშვილის, თეა სიჭინავას, რადიო იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ

განმცხადებელი : შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი (რადიო ჰერეთი, რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი);
მოპასუხე : სალომე შანშიაშვილი, თეა სიჭინავა, რადიო იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

25 ნოემბერი, 2022 წელი

საქმე N – 606, 607, 608

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, ხატია ღოღობერიძე, გულო კოხოძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა (რადიო ჰერეთი, რადიო თბილისი, რადიო ციტრუსი), რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 29 ოქტომბერს რადიო იმედმა, იმედი ნიუსმა და ტელეკომპანია იმედმა საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში” დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. ტელეკომპანია „იმედიდან” მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ სალომე შანშიაშვილი და თეა სიჭინავა.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

რადიო იმედისა და იმედი ნიუსის მიერ გამოქვეყნებულ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, ხოლო რადიო იმედმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა. სხვა მოპასუხე ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალებში „გამმა რისერჩის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზეა საუბარი, რომლის თანახმად, „მსმენელთა დიდი უმეტესობა ინფორმაციას რადიო „იმედის“ ტალღაზე ისმენს”.

განმცხადებლის თქმით, კვლევა მანიპულირებულია და არ ასახავს რეალურ შედეგებს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტურ პროდუქტებს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავდა შეცდომაში, რადგან არ აწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ დაუკვეთა აღნიშნული კვლევა.

განმცხადებელმა გამოთქვა ეჭვები იმის შესახებ, რომ კვლევის დამკვეთი შესაძლებელია თავად „იმედი” ყოფილიყო, თუმცა ეს მაყურებელს/მკითხველს არ აცნობეს. განმცხადებლის თქმით, მისი თქმით, მსგავსი სახით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს სხვა დამოუკიდებელ რადიოებს, რადგან სარეკლამო ბიუჯეტი არასწორად ნაწილდება.

რადიო „იმედმა” წერილობით გამოგზავნილ შეპასუხებაში აღნიშნა, რომ მასალაში დასახელებულია წყარო, რაზე დაყრდნობითაც მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია და ასევე, კვლევის შედეგები სიზუსტის დაცვით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, მათი თქმით, მედიასაშუალებას არ დაურღვევია ეთიკის პრინციპები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებულ კვლევების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ კვლევების გაშუქებისას მედიასაშუალება უნდა ეცადოს შეცდომაში არ შეიყვანოს აუდიტორია და ამით არ დააზიანოს საკუთარი სანდოობა და მიუკერძოებლობა.

კვლევის გაშუქებისას:

       მნიშვნელოვანია აუდიტორიას მიეწოდოს ინფორმაცია, ვინ ჩაატარა კვლევა, ვინ დაუკვეთა და როგორია ცდომილება, სასურველია ეს ინფორმაცია გატანილი იყოს გრაფიკებშიც.

       აუდიტორიამ უნდა მიიღოს ინფორმაცია კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ.

იმისათვის, რომ აუდიტორიამ მიიღოს სრული, ობიექტური და სანდო ინფორმაცია, ჟურნალისტმა მედიაპროდუქტში პასუხი უნდა გასცეს შემდეგ შეკითხვებს:

ვინ ჩაატარა კვლევა; ვინ და რატომ დააფინანსა/დაუკვეთა კვლევა; რამდენი ადამიანი გამოიკითხა კვლევისთვის, როგორ და რა არეალიდან (სახელმწიფო, რეგიონი) და რა ჯგუფიდან (მასწავლებლები, იურისტები, დემოკრატიული ამომრჩევლები და ა.შ.) შეირჩნენ ეს ადამიანები; როდის გაკეთდა გამოკითხვა; რამდენია ცდომილება; არსებობს თუ არა რაიმე ფაქტორი, რასაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა კვლევის შედეგის უზუსტობაზე და ა.შ.

სადავო მედიაპროდუქტებში აღნიშნულ შეკითხვებზე სრული ინფორმაცია  არ გვხვდება. მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ „გამმა რისერჩის“ მიერ კვლევა ჩატარდა ერთი თვის განმავლობაში, გამოიკითხა 950-მდე რესპონდენტი და შედეგებმა აჩვენა, რომ რადიო „იმედი“ არის ლიდერი. სადავო სიუჟეტში თეა სიჭინავა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი „გაგვაცნობს კვლევის შედეგებს", თუმცა მასალაში ნაკლებად არის ინფორმაცია კვლევის შესახებ და მაყურებელი ვერ იღებს სრულფასოვან ინფორმაციას კვლევის დეტალებზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ ის, რაც მაყურებელმა ნახა, იყო არასრული და აკლდა დეტალები. მედია არ უნდა დაეყრდნოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების ინტერპრეტაციებს, თავად უნდა შეძლოს შედეგებისა და ტენდენციების ანალიზი.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

მესამე პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევებში წყარო არსებობს [„გამმა რისერჩის“ მიერ ჩატარებული კვლევა], ჟურნალისტებმა კი იგი სათანადოდ, ეთიკური სტანდარტების დაცვით არ გააშუქეს. შესაბამისად, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სალომე შანშიაშვილმა, თეა სიჭინავამ, რადიო იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. სალომე შანშიაშვილს, თეა სიჭინავას, რადიო იმედის და იმედი ნიუსის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მესამე პრინციპი.

 

განცხადება

რადიო იმედის შეპასუხება

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

სადავო მასალა 3

Related Articles

Articles Not Nound!