გადაწყვეტილება საქმეზე - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მარიამ მაკასარაშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 8 პრინციპი;
განმცხადებელი : სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
მოპასუხე : მარიამ მაკასარაშვილი;

16 დეკემბერი,  2022 წელი

საქმე N – 610

სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე, გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ირმა ზოიძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2022 წლის 3 ნოემბერს „TV პირველის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3 და მე-8 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიამ მაკასარაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოპასუხე ჟურნალისტის წარმომადგენელი.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია „სოცმუშაკმა დედას ბავშვები გასტაცა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანა".

მასალაში ნათქვამია:

       „სოციალურმა მუშაკმა დედას  შვილები მოჰპარა. ფაქტი კახეთის სოფელ საქობოში მოხდა. მზევინარ ჭუჭულაშვილი 9 წლის ქეთისა და 6 წლის ივანეს ერთი თვეა უშედეგოდ ეძებს”.

       „ირკვევა, რომ სოცმუშაკმა არასრულწლოვნებს სკოლაში მიაკითხა  და მინდობით აღზრდაში პირდაპირ იქიდან წაიყვანა. მშობელს მხოლოდ ის უთხრეს, რომ საკუთარ შვილებს სამი თვის შემდეგ ნახავდა. საბედისწერო განაჩენის მიზეზი ბავშვებისთვის შეუფერებელი საარსებო პირობები აღმოჩნდა. ოჯახმა სააგენტოდან გაფრთხილება რამდენჯერმე მიიღო”.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტს გამიზნულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და მსგავსი სენსიტიური თემების გაშუქებისას მნიშვნელოვანია, ინფორმაცია ზუსტად და სრულყოფილად გავრცელდეს.

„თავად მასალის სათაური - სოცმუშაკმა დედას ბავშვები გასტაცა და მინდობით აღზრდაში გადაიყვანა ადასტურებს იმას, რომ ჟურნალისტს გამიზნულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში; ამას ემატება ისიც, რომ ჟურნალისტი ესაუბრება ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელს, რომელიც უხსნის პროცედურულად რა ხდება მაშინ, როცა ბავშვისთვის არაკეთილსაიმედო გარემოა შექმნილი ოჯახში და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტი ამგვარი სათაურით ცდილობს თემით მანიპულირებას და სოციალური მუშაკის პროფესიის დაკნინებას" - ამბობს განმცხადებელი.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელმა განმარტა, რომ სათაური არის პერიფრაზი სიუჟეტში მოცემული ინტერვიუებისა, კონკრეტულად კი, დედის სიტყვების - „ბავშვები არ არიან თავისთვის გამოსულები და არ არიან ჩამჯდარი მანქანაში, თვითონ გამოიყვანეს და ჩასვეს, ძალით წაიყვანეს“.

მოპასუხის თქმით, ჟურნალისტმა პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და, შეძლებისდაგვარად, სრულყოფილად გამოიკვლია საკითხი.

„ჟურნალისტი მასალის მომზადების პროცესში ესაუბრა და ჩაწერა ინტერვიუ არასრულწლოვნების მშობლებთან. ასევე, საკითხის უკეთ გამოკვლევის მიზნით, გაესაუბრა ადგილობრივ მაცხოვრებლებს. ისინი ჩანან სიუჟეტში, თუ როგორ საუბრობენ განსახილველი საკითხის შესახებ და აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას. ასევე, სატელეფონო საუბარი შედგა იმ სკოლის დირექტორთან, რომელშიც არასრულწლოვნები სწავლობენ. სიუჟეტის მომზადების პროცესში პოზიციის დაფიქსირებისა და პოზიციის დასაბუთების საშუალება მიეცა სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონულ განყოფილებასაც" - განმარტა მოპასუხე მედიასაშუალების იურისტმა.

ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა საუბარია ონლაინ ფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების (share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე წაიკითხა სათაურში. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო მასალაში გამოტანილი ინფორმაცია წარმოდგენილი იყო დადასტურებული ფაქტის სახით და არ იყო მითითება გაკეთებული, რომ ფრაზა მზევინარ ჭუჭულაშვილს [დედა] ეკუთვნოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

განსახილველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო, ჩანდა ჟურნალისტის მცდელობები, სხვადასხვა წყაროსთან გადაემოწმებინა ინფორმაცია. თუმცა, მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. სიუჟეტში აქცენტირებულია ვერსია, რომ სოციალურმა მუშაკმა დედას შვილები მოჰპარა, სკოლაში მიაკითხა და მინდობით აღზრდაში პირდაპირ იქიდან წაიყვანა. ამ ინფორმაციას მხოლოდ დედა ადასტურებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ ფორმალური ბალანსი ვერ გადაწონის ბრალდებას, რომელმაც შეიძლება პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს, ასევე, მკითხველისთვის უნდა ყოფილიყო ცხადი, რომ ინფორმაცია მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა.

მესამე პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევებში წყარო არსებობს [მზევინარ ჭუჭულაშვილი], ჟურნალისტმა კი ინფორმაცია სათანადოდ, ეთიკური სტანდარტების დაცვით არ გააშუქა. შესაბამისად, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

სადავო მასალაში თანდართულ ვიდეოში ჩანს ბავშვის ფოტო, რაც, განმცხადებლის აზრით, მიუღებელია იმ ინფორმაციის ფონზე, რასაც ჟურნალისტი გადმოსცემს. განმცხადებლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედა საუბრებს ბავშვებზე, ჟურნალისტი ვალდებულია, გაითვალისწინოს ბავშვების საუკეთესო ინტერესები და მათი ფოტოები არ გაასაჯაროოს.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტს  ფოტოს გადაღების და კადრის სიუჟეტში გამოყენების თანხმობა ჰქონდა არასრულწლოვნის დედის მხრიდან.

არასრულწლოვნები, მათი ასაკიდან გამომდინარე, საზოგადოების მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან და მათ შესახებ ან მათთვის მისაწოდებელი ინფორმაცია განსაკუთრებული სიფრთხილით შერჩევას მოითხოვს, რათა ჟურნალისტურმა პროდუქტმა არ გამოიწვიოს მათი ინტერესების შელახვა ან მათი მომავლისთვის საფრთხის შექმნა. საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სიუჟეტში არასრულწლოვანზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, შესაბამისად, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მერვე პრინციპი.

ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია:

მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისგან, თავად გადაწყვიტოს, რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიამ მაკასარაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-8 პრინციპი.
  2. მარიამ მაკასარაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!