გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს უნივერსიტეტი POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

განმცხადებელი : საქართველოს უნივერსიტეტი;
მოპასუხე : POSTV-ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

10 მარტი, 2023 წელი

საქმე N – 629

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 9 თებერვალს ტელეკომპანია „POSTV”-ს გადაცემა „სამნი & Co”-ში გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11  პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის, არც მედიასაშუალების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე მედიასაშუალებამ შეპასუხება წერილობით გამოაგზავნა, სხდომაში მონაწილეობა კი არ მიუღია.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ქონებას ეხებოდა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტსა და მის შვილობილ კომპანიებზე იყო საუბარი.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „ასევე მივაგენით სქემას, თუ როგორ მალავს იგი [გიული ალასანია] საზოგადოებისგან მის აურაცხელ სიმდიდრეს. საქართველოს უნივერსიტეტის და მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით. იმისათვის, რომ მიგვეგნო გიული ალასანიას ქონებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთ ქალაქსა თუ დასახლებაში ჩასვლა მოგვიწია…”

       „ყველაზე საინტერესო და ბურუსით მოცული საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია „იუჯი წიგნებია". პირველად გუგლის საძიებო სისტემით ვეცადეთ გაგვეგო რას საქმიანობს ეს კომპანია, მაგრამ აქ ღირებულს ვერაფერს მივაგენით. არ არის მითითებული საბაზისო ინფორმაციაც კი, მათ შორის არც ტელეფონის ნომერი. გადავწყვიტეთ მითითებულ მისამართზე მივსულიყავით, მაგრამ აქ „იუჯი წიგნების" შესახებ არავინ არაფერი იცის”.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ჟურნალისტმა კი მის დასადასტურებლად შესაბამისი დოკუმენტები არ წარადგინა. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტს შეეძლო საჯარო რეესტრში გავრცელებული ინფორმაცია გადაემოწმებინა და მაყურებელი შეცდომაში არ შეეყვანა.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა არ მოიძია კომპანიის, კერძოდ, „იუჯი წიგნების” ოფიციალური ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და მივიდა არასწორ მისამართზე [სადაც წლების წინ კომპანიას იჯარით ჰქონდა აღებული კაფე, თუმცა ამ ადგილის მფლობელი არასდროს ყოფილა], რამაც, განმცხადებლის პოზიციით, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა და დატოვა შთაბეჭდილება, რომ რაიმე უკანონო საქმიანობა ხორციელდებოდა.

„სადავო სიუჟეტში არ იყო მითითებული არცერთი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ჟურნალისტის მიერ გამოყენებული ფრაზების: „მალავს”, „ბურუსით მოცული” სისწორეს. ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ამ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა სიუჟეტში არ ჩანს არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც მხარის პოზიცია", - აღნიშნავს განმცხადებელი.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიასაშუალებამ წერილობით აღნიშნა, რომ „საჯარო რეესტრში კომპანიის ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაციის მოძიება ვერ ხორციელდება (ვინაიდან უშუალოდ კომპანიები ზოგადად არ აფიქსირებენ). იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები კი შინაარსობრივად განსხვავდება. სწორედ იმიტომ, რომ დადგენილიყო ამ კომპანიის ფაქტობრივი მისამართი, ამისთვის განხორციელდა ძიება google.com მეშვეობით".

განმცხადებლის და მოპასუხის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით დოკუმენტებში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

საბჭო მიიჩნევს, რომ POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო სიუჟეტში არ იყო მითითებული შესაბამისი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა ინფორმაციის გადამოწმებისთვის სათანადო ძალისხმევა არ გასწია. საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები.

სიუჟეტში ჟურნალისტი „იუჯი წიგნების" მიმართ იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ბურუსით მოცული", ხოლო გიული ალასანიაზე აღნიშნავს, რომ იგი “აურაცხელ სიმდიდრეს მალავს”. „ბურუსით მოცული” და „მალავს” ვერ იქნება ჟურნალისტის შეფასება, ეს არის ფაქტობრივი ინფორმაცია და წარმოდგენილ მასალაში არცერთი ზემოაღნიშნული სიტყვა არ დასტურდება. მეტიც, ჟურნალისტს თავად აქვს წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და რომლებზეც ჩანს კონკრეტული ქონება. გარდა ამისა, ჟურნალისტს წარმოდგენილი არ ჰყავს მეორე მხარე [გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტი]. მართალია, მას ჰქონდა მცდელობა, რომ მისულიყო „იუჯი წიგნების" მისამართზე, თუმცა საპასუხო პოზიცია მათგან მაინც ვერ მოიპოვა, მივიდა არასწორ მისამართზე და გააკეთა დასკვნა, რომ კომპანია „ბურუსით მოცულია". საბჭომ გადაამოწმა განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ კომპანიის სამეწარმეო ამონაწერში ფიქსირდება მისი მისამართი, დოკუმენტი საჯაროა, შესაბამისად, ჟურნალისტს შეეძლო მისი ზუსტი მისამართის დადგენა.

საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამ პრინციპში ძირითადი დატვირთვა მოდის სიტყვებზე: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს. უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

სადავო მასალაში ჩანს, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდა არასწორად.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა და წინასწარ იცოდა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა. მისი თქმით, ჟურნალისტს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ გამოყენებული ფრაზების „მალავს", „ბურუსით მოცული" სისწორეს.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ეს გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება და საბჭოს არ აქვს სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

მართალია, განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა წინასწარ იცოდა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა და მას შეეძლო, „იუჯი წიგნების" მისამართი საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე მოეძებნა, თუმცა საბჭოსთვის არ არის დადასტურებული ფაქტი, რომ ჟურნალისტს ხელი მიუწვდებოდა ნამდვილ მისამართზე, მაგრამ განზრახ, ფაქტების დამალვის მიზნით მივიდა არასწორ მისამართზე. ამასთან, ჟურნალისტის მიერ წარმოდგენილ შეპასუხებაში ჩანს, რომ მან გამოიყენა გუგლის საძიებო სისტემა და „იუჯი წიგნების” მისამართი იპოვა 08.ge-ზე, სადაც ნამდვილად მითითებულია, რომ კომპანიის მისამართი არის ის, სადაც მივიდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე გვერდის მარტივი შესწავლით შესაძლებელია იმის დადგენაც, რომ ამ მისამართზე ახლა, სავარაუდოდ, რესტორანია. გარდა ამისა, გუგლის საძიებო სისტემის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი, ჟურნალისტს ეპოვა „იუჯი წიგნების” ახალი მისამართიც, მაგრამ საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს, რომ არასწორ მისამართზე მისვლა იყო ჟურნალისტის განზრახვა. სათანადო ძალისხმევის არ გაწევისთვის კი მას პირველი პრინციპის დარღვევა დაუდგინდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. POSTV-ს არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!