გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს უნივერსიტეტი ცოტნე გეგეჭკორის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : საქართველოს უნივერსიტეტი;
მოპასუხე : ცოტნე გეგეჭკორი;

10 მარტი, 2023 წელი

საქმე N – 628

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის” გადაცემა „იმედის კვირაში” გასულ მასალაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11  პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ცოტნე გეგეჭკორი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობით წარმოუდგენია შეპასუხება.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ქონებას ეხებოდა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტზეც იყო საუბარი.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „ალასანიას მიერ დასახელებული მიწის ნაკვეთი 2022 წლის 18 თებერვალს 3 ნაწილად გაიყო, მათგან ორი 30 მაისს 851 000 დოლარად გაიყიდა, მესამე მიწის ნაკვეთი 3 მარტს 149 000 დოლარად საკუთარ ბიზნესს, საქართველოს უნივერსიტეტს მიჰყიდა — უნივერსიტეტს, რომელიც არ იარსებებდა, რომ არა რეჟიმის ლიდერი სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი გავლენებით პრეზიდენტის დედის სასარგებლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდძალი ტერიტორიები სიმბოლურ თანხად გააყიდინა".

       „მაშინ პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ინტერესების სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის ბიუჯეტი მინიმუმ 15 მილიონი დოლარით აზარალა".

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ჟურნალისტმა კი მის დასადასტურებლად შესაბამისი დოკუმენტები არ წარადგინა. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტს შეეძლო საჯარო რეესტრში გადაემოწმებინა გავრცელებული ინფორმაცია და მაყურებელი შეცდომაში არ შეეყვანა.

განმცხადებელმა განმარტა, რომ „საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ქონების შეძენა განხორციელდა შემდეგი წესით: 2006 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით N-1-1/1501, აუქციონზე გასაყიდად გამოვიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება (ყოფილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონება), საწყისი გასაყიდი ფასით 1,300,000 აშშ დოლარი”.

სიუჟეტში გვხვდება მასალა არქივიდან — ჯონდი ბაღათურიას გამოსვლა პარლამენტში, სადაც ის ამბობს,  „მას ეკუთვნის შავი ზღვის უნივერსიტეტში წილი და პრეზიდენტის ბრძანებულებით, პირდაპირი განკარგვის წესით, 101 ათასი კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწა”.

განმცხადებლის თქმით, ეს ინფორმაციაც არასწორია, ჟურნალისტმა კი მისი გადამოწმება არ სცადა. მან აღნიშნა, რომ ცოტნე გეგეჭკორს შეეძლო საჯარო რეესტრში არსებულ საჯარო დოკუმენტებს გასცნობოდა და ენახა, რომ გიული ალასანია არ ფლობდა წილს შავი ზღვის უნივერსიტეტში.

„მათ ოჯახს ალბათ მემკვიდრეობით ერგოთ ქონება მაიამიშიც, ფეშენებელური აპარტამენტი და სახლი ნიუ-იორკში, ბრონქსში, რომლის საბაზრო ფასიც მილიონ დოლარზე მეტია" - ამბობს ჟურნალისტი სიუჟეტში.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტს ამ მონაკვეთშიც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

განმცხადებლის არგუმენტაცია სრულად წარმოდგენილია წერილობით განცხადებაში [იხილეთ გადაწყვეტილების ბოლო ნაწილში].

საბჭო მიიჩნევს, რომ ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო სიუჟეტში არ იყო მითითებული შესაბამისი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები.

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ „ალასანიამ 149 000 დოლარად საკუთარ ბიზნესს, საქართველოს უნივერსიტეტს მიჰყიდა ნაკვეთი", მისი „ინტერესების სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის ბიუჯეტი მინიმუმ 15 მილიონი დოლარით აზარალა". ჟურნალისტის ტექსტი მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ამ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა სიუჟეტში არ ჩანს არც ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც მხარის პოზიცია (მართალია, ვხვდებით გიული ალასანიას კომენტარს, თუმცა არ ჩანს, ჟურნალისტს ჰქონდა თუ არა მცდელობა საქართველოს უნივერსიტეტთან ინფორმაციის გადამოწმების).

ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იყო საჯარო რეესტრშიც, რომელიც ჟურნალისტისთვის ერთ-ერთი ხელმისაწვდომი წყაროა.

საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლის თქმით, ცოტნე გეგეჭკორმა ფაქტები განზრახ დაამახინჯა და წინასწარ იცოდა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.

მართალია, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა წინასწარ იცოდა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა, თუმცა ეს გარემოება განსახილველ შემთხვევაში არ მტკიცდება და საბჭოს არ აქვს სათანადო დოკუმენტაცია/მტკიცებულება, შესაბამისად, საბჭომ ვერ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ცოტნე გეგეჭკორს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა

 

Related Articles

Articles Not Nound!