გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი ტუმასიანი მთავარი არხის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ

განმცხადებელი : გიორგი ტუმასიანი;
მოპასუხე : მთავარი არხის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

18 მაისი, 2023 წელი

საქმე N – 645, 646

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ტუმასიანმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 11 აპრილს, ტელეკომპანია „მთავარი არხის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი; ასევე, ამავე მედიასაშუალების Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის, არც მედიასაშუალების მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენია, საბჭოს დამაზუსტებელ შეკითხვებს კი უპასუხა სატელეფონო მიმოწერის საშუალებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

მედიასაშუალების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სადავო მასალის სათაურია „სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე"; ხოლო მეორე მასალაა Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტო წარწერით „ყარაბაღში 3 აზერბაიჯანელი და 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა”, აღწერაში წერია „Reuters-ის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტეხის დასახლებასთან სროლის შედეგად 7 სამხედრო დაიღუპა”.

განმცხადებლის პოზიციით, არაზუსტია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტეღის დასახლება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზეა, რასაც ჟურნალისტი Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ტეღი არის სომხეთის ტერიტორიაზე და არა ყარაბაღში ან ყარაბაღთან, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღში არის სხვადასხვა; როიტერსის სტატიაში ნათქვამია ფორმულირებით „around the contested Nagorno-Karabakh". განმცხადებლის თქმით, საუბარია სომხეთის სუვერენულ საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და არა „კონფლიქტურ ყარაბაღზე".

მეორე სადავო პროდუქტზე განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სტატიაში მოცემული იყო მხოლოდ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება და არაფერი იყო ნათქვამი სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რაც საზოგადოებას ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის და შეჰყავს შეცდომაში.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევებში მკითხველმა ვერ მიიღო ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია და ჟურნალისტურ მასალებს აკლია გადამოწმება, ბალანსი და სიზუსტე.

საბჭოს პოზიციით, ჟურნალისტებმა პატივი არ სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს კონფლიქტების გაშუქებისას, ამასთან მაშინ, როცა ინფორმაციის თარგმნა უწევს, ყურადღება უნდა მიაქციოს ტერმინების/ინფორმაციის სიზუსტეს.

კონფლიქტის გაშუქების დროს ჟურნალისტს სჭირდება ინფორმაცია მასში მონაწილე მხარეების, მათი მოსაზრებებსა და პოზიციების შესახებ, ასევე, ტერიტორიებსა და განლაგებაზე, რათა შეძლოს აუდიტორიისთვის სრული სურათის ჩვენება.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში არ ჩანს, რომ ჟურნალისტებმა დაიცვეს ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ამ შემთხვევაში კი, მკითხველმა ვერ მიიღო დაბალანსებული ინფორმაცია.

მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სოციალური ქსელში დაწერა პოსტი, სადაც მონიშნა „მთავარი არხი" და დააფიქსირა მისი პრეტენზიები. ამის დამადასტურებლად წარმოადგინა პოსტი, რომელიც 2023 წლის 12 აპრილს გამოაქვეყნა. საბჭომ მოპასუხესთან დააზუსტა, ჰქონდათ თუ არა აღნიშნულ პოსტზე ინფორმაცია, თუმცა, მედიასაშუალების წარმომადგენლის თქმით, ვების დეპარტამენტს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია.

საბჭო აღნიშნავს, რომ მე-5 პრინციპის დარღვევის დადგენის წინაპირობაა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მედიასაშუალებამ, ან კონკრეტულად პასუხისმგებელმა პირმა, ან მასალის ავტორმა მიიღო ინფორმაცია განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. საქმეში სამირა ბაირამოვა TV „იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ საბჭომ ასევე ვერ დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მიწვდა მასალის ავტორს.

განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება, რომ სოციალურ ქსელში მონიშვნის შედეგად ეს ინფორმაცია მოპასუხემდე მივიდა, შესაბამისად, ვერ დადგინდება მე-5 პრინციპის დარღვევა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა ქარტიას მიმართა და ქარტია მოპასუხეს დაუკავშირდა, მთავარმა არხმა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი წაშალა, რის შესახებაც ქარტიას 25 აპრილს აცნობა. არ დასტურდება, რომ განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებიდან განმცხადებლისგან შეიტყო და არა ქარტიისგან.

აქვე, საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტური მასალა სრულად მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს.

შესწორების სტანდარტი მედიაში - სახელმძღვანელო წესებში ნათქვამია, რომ:

       ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ დაშვებულ შეცდომებზე და დროულად გაასწორონ უზუსტობები.

       აუდიტორიამ უნდა იცოდეს რა გასწორდა, შესაბამისად ცხადად და მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რა იყო არასწორი და რა არის სწორი.

       მასალის წაშლის შემთხვევაში სასურველია რედაქციამ ახსნას ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

გარდა ამისა, საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მედიასაშუალებებს, თვალყური ადევნონ სოციალურ ქსელში ე.წ. მონიშვნებს. რაც შეეხება კომენტარებს, ამ შემთხვევაში ქარტიის პოზიციაა, რომ ეთიკური ჟურნალისტიკისთვის მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებში კომენტარების მოდერაცია, რათა სივრცე არ დაეთმოს სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას. სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე, ქარტიამ დაადგინა მე-5 პრინციპის დარღვევა საქმეზე “თამარ ჯიშკარიანი მირანდა ტყემალაძის წინააღმდეგ”, რადგან კომენტარების მოდერაციის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო განმცხადებლის პრეტენზიის დადგენა.

ამავდროულად, საბჭო რეკომენდაციის სახით აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც განმცხადებელს სურს ჟურნალისტმა გააკეთოს მასალის შესწორება, მნიშვნელოვანია, მედიასაშუალებას მიმართოს სხვა ფორმებითაც, რადგან დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიის პირობებში, მედიასაშუალების მხრიდან ყველა კომენტარის კონტროლი/მონიტორინგი ზოგიერთ შემთხვევაში რთულია, ხანდახან კი შეუძლებელიც კი, თუ გავითვალისწინებთ ტროლებისა და ბოტების აქტიურობას კონკრეტულ თემებთან მიმართებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მთავარი არხის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. მთავარი არხის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მეხუთე პრინციპი.

სადავო მასალა 1

განცხადება 1

განცხადება 2

 

Related Articles

Articles Not Nound!