გადაწყვეტილება საქმეზე - სოციალური სამართლიანობის ცენტრი შალვა რამიშვილის, ნათია ბერიძის, ნინო სალუქვაძის, ნუგზარ ხავთასის, ანა შანიძის, დათა გვასალიას, ნუცა კოროშინაძის და POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 10 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
მოპასუხე : შალვა რამიშვილი, ნათია ბერიძე, ნინო სალუქვაძე, ნუგზარ ხავთასი, ანა შანიძე, დათა გვასალია, ნუცა კოროშინაძე და POSTV-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტები;

7 მაისი, 2023 წელი

საქმე N – 639, 640, 641, 642, 643, 644

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 23 მარტს ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „სამნი და CO” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი; ასევე, ამავე ტელევიზიის 2023 წლის 25, 26 და 27 მარტს გამოქვეყნებულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ შალვა რამიშვილი, ნათია ბერიძე, ნინო სალუქვაძე, ნუგზარ ხავთასი, ანა შანიძე, დათა გვასალია, ნუცა კოროშინაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ტელეკომპანიამ შეპასუხება წერილობით გამოაგზავნა და სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.

ორ სადავო პროდუქტზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება, მათ შორის, არც ტელეკომპანიის მიერ. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“. ნათია ბერიძე მოპასუხე ჟურნალისტად პოსტვ-იმ დაასახელა, რადგან წარმოადგინა მისი და თათია სამხარაძის კომუნიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბამისად, ამით მიუთითა, რომ ნათია ბერიძე მასალის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია არასწორად გაშუქდა და ჟურნალისტებმა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თათია სამხარაძე იყო გატაცებული და იმალებოდა დიმიტრი ჩიქოვანის კარადაში, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. განმცხადებელი განმარტავდა, რომ თათია სამხარაძის მხრიდან დიმიტრი ჩიქოვანისგან ფულის აღების ფაქტიც არაზუსტი იყო და ჟურნალისტებს ამის დასადასტურებლად არანაირი ობიექტური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

თავის მხრივ, მოპასუხე ტელეკომპანიამ წერილობით მიუთითა - „ტელეკომპანია  პოსტვ-ს ჟურნალისტების მიერ სრულად იყო დაცული ინფორმაციის გადამოწმებასთან დადგენილი სტანდარტი. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციების გადამოწმების მიზნით, მას არაერთხელ დაუკავშირდნენ ტელეკომპანია პოსტვ-ს ჟურნალისტები, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, სრულიად გაურკვეველია და უსაფუძვლოა თათია სამხარაძის პოზიცია ინფორმაციის გადამოწმებასთან/სიზუსტესთან დაკავშირებით.  მას ჰქონდა სრული ინფორმაცია და ყველა შესაბამისი საშუალება დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, გაეკეთებინა კომენტარი და პასუხი გაეცა ჟურნალისტების შეკითხვებზე, რაც სამწუხაროდ, მისი მხრიდან მყისიერად სატელეფონო ზარის შეწყვეტის გამო ვერც მოისმინა. თათია სამხარაძეს შეეძლო ეპასუხა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე ან/და გამოეყენებინა სხვა საშუალებები [სოციალური ქსელი, ელ. ფოსტა, წერილის გამოგზავნა და სხვა]”.

მოპასუხემ წარმოადგინა ნათია ბერიძისა და თათია სამხარაძის მიმოწერა და სატელეფონო ზარის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი, რომელიც აჩვენებს, რომ ნათია ბერიძეს ჰქონდა თათია სამხარაძესთან კომუნიკაციის მცდელობა.

მიუხედავად ამისა, საბჭო მიიჩნევს, რომ პოსტვ-ის წარმომადგენლებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი. სადავო მასალებში არ იყო მითითებული შესაბამისი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის მასალის წარდგენის ყველა ასპექტის გათვალისწინებით.

მასალების ავტორები მიუთითებენ, რომ „თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონსპირაციული/საიდუმლო შეხვედრა შედგა"; „თათია სამხარაძე ბინაში იმყოფება, პოლიციამ ის კარადაში იპოვა", „შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა ძალიან მძიმე საუბარს, რაც უკავშირდებოდა თანხის ოდენობას, რაც თათია სამხარაძემ აიღო ტელეკომპანია POSTV-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიის სანაცვლოდ"; „სავარაუდოდ, ყოფილი ტელეწამყვანი დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელი ბინიდან მაშინ გააპარეს, როდესაც "პოსტვ"-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ეთერისთვის ჩართვაზე იდგა";  „თათია სამხარაძემ დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის სახლში სამი დღე და ორი ღამე გაატარა"; „ სავარაუდოდ ის [თათია სამხარაძე] ნაცმოძრაობის პიარსამსახურის დასტურს ელოდებოდა და მხოლოდ მისი მიღების შემდეგ ატვირთა ვიდეო".

ეს ტექსტები მაყურებელს შთაბეჭდილებას უტოვებს, რომ ამ ბრალდებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, თუმცა მასალებში არ ჩანს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საბჭო მიიჩნევს, რომ მასალებს აკლია გადამოწმება და წყაროები, ინფორმაცია კი გაშუქებულია მანიპულაციურად.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება.

საბჭოს პოზიციით, პოსტვ-ის წარმომადგენლებმა პატივი არ სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს ინფორმაციის ღია წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო პროდუქტებში არ ჩანს, რომ ტელევიზიის წარმომადგენელმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულება. მართალია, თათია სამხარაძემ კომენტარი არ გააკეთა პოსტვ-სთან, მაგრამ ეს მისი უფლებაა და არ ათავისუფლებს ჟურნალისტს ინფორმაციის სხვა წყაროებთან გადამოწმების ვალდებულებისგან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კონტექსტიც — ტელევიზიის ერთ-ერთი მფლობელისა და კომპანიის სახის, შალვა რამიშვილის მიერ თათია სამხარაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი დადასტურებულია სასამართლოს მიერ. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ თათიას სამხარაძეს პოსტვ-სთან კომუნიკაცია არ ენდომებოდა.

სადავო მასალებში POSTV-მ მხოლოდ ფორმალური ბალანსი დაიცვა. ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას საჯაროს ხდი, რამაც შესაძლოა მას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

ასევე, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ „მოწოდებული დოკუმენტაციით არ დგინდება თამარ სამხარაძის  ინტერესების, ქეთი ჩუთლაშვილის მიერ  წარმომადგენლობის უფლებამოსილება. შესაბამისად, ეთიკის ქარტიას როგორც მინიმუმ უნდა მოეთხოვა შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა". საბჭო განმარტავს, რომ ქარტიაში წარმოების დაწყების საფუძველია განცხადების წარმოდგენა, განმცხადებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. განცხადება შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილი იყო, რომ საქმე განეხილა.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალები იყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული, ხოლო მათში გაჟღერებული ფრაზები — სტერეოტიპული.

თავის მხრივ, მოპასუხე ტელეკომპანიამ წერილობით მიუთითა, რომ არანაირ დისკრიმინაციას ან/და სტიგმატიზაციას არ ჰქონია ადგილი. „გადაცემებში ისმოდა, შეკითხვები, რაზეც პასუხის გაცემა თავად თათიამ არ მოისურვა. არასწორად და სუბიექტურად ცდილობს წარმოჩენას განმცხადებელი, რომ მის, როგორც ქალის მიმართ, განხორციელდა ასეთი დამოკიდებულება. რასაკვირველია, აღნიშნულ საკითხზეც დაფიქსირებული პოზიცია უსაფუძვლოა" - წერს მოპასუხე.

საბჭომ სადავო შემთხვევებში ქარტიის მეშვიდე პრინციპი დარღვეულად მიიჩნია. საბჭომ სადავო მასალებში დაინახა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია.

2023 წლის 25 მარტს POSTV-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წერია: „გაიტაცა თუ არა კეზერაშვილის ცოლის ძმამ დიმიტრი ჩიქოვანმა თათია სამხარაძე?!... თათია სამხარაძე ბინაში იმყოფება, პოლიციამ ის კარადაში იპოვა".

2023 წლის 25 მარტს POSTV-ს სიუჟეტში, POSTV-ის წარმომადგენელი, ნუგზარ ხავთასი ამბობს: „ადგილზე მისულმა პოლიციამ თათია სამხარაძე კარადაში იპოვა"; ხოლო ნინო სალუქვაძე სიუჟეტში აღნიშნავს: „გუშინ POSTV-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამ ბინაში მიმდინარეობდა თათია სამხარაძესა და დიმიტრი ჩიქოვანს შორის კონსპირაციული შეხვედრა, რომელიც უკავშირდება იმას, რომ, როგორც ჩვენმა მაყურებელმა იცის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის სანაცვლოდ, თათია სამხარაძემ დიმიტრი ჩიქოვანისგან აიღო თანხა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა აქ შემდგარი საიდუმლო შეხვედრა"; „პოლიციამ სამხარაძე იპოვა კარადაში"; სიუჟეტში ასევე ისმის კითხვები - „როგორ არის თათია? ძალადობის კვალი აქვს? გატაცებულია თათია სამხარაძე? რატომ იყო კარადაში?".

2023 წლის 26 მარტს გამოქვეყნებული მასალის აღწერაში ვკითხულობთ: „ნაცმედიების ცრუ ბრალდებები - რა უნდოდა თათია სამხარაძეს კარადაში?". სიუჟეტში მედიის წარმომადგენელი ამბობს: „უკვე მესამე დღეა თათია სამხარაძის ადგილსამყოფელი წერეთლის 67-ია. ყოფილი ტელეწამყვანი საბედისწერო ღამის შემდეგ დარჩა და სახლიდან აღარ გამოდის... ლოგიკურია, რომ სამართალდამცველებისთვის კარადაში აღმოჩენილი შესაძლო მსხვერპლის ნათქვამი არადამაჯერებელი აღმოჩნდა... მისი უცნაური ღამის ისტორია ნამდვილად რთული ასახსნელი იქნება..."

2023 წლის 26 მარტს „დიდ გადაცემაში" წამყვანი დათა გვასალია ამბობს: „შეიძლება კარადიდან გამოვიდა, მაგრამ სახლიდან ზუსტად ვიცით, რომ არ გამოსულა”;

ნუცა კოროშინაძე კი სიუჟეტში აცხადებს: „უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსპირაციული შეხვედრის შემდეგ, ყოფილი ტელეწამყვანის, თათია სამხარაძის ნავსაყუდელი წერეთლის 67 ნომერია, რადგან უკვე მესამე დღეა ის ამ საცხოვრებელ სახლს არ ტოვებს”.

„შეიძლება ის ახლა არის ნაცემი და იმდენად დიდი ლაქა აქვს სახეზე, რომ სანამ არ მოურჩება არ ... შეიძლება, მეგობრებო, რაღაც ოჯახის შექმნასთან გვაქვს საქმე და მოვულოცოთ მაშინ თათიას, თორე ჩიქოვანს რა უნდა მოვულოცო არ ვიცი” - ამბობს გადაცემაში რესპონდენტად მოწვეული შალვა რამიშვილი.

2023 წლის 27 მარტს POSTV-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში წერია: „სამდღიანი ეპოპეის შემდეგ, თათია სამხარაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ საკუთარ სახლში იმყოფება. სავარაუდოდ, ყოფილი ტელეწამყვანი დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელი ბინიდან მაშინ გააპარეს, როდესაც "პოსტვ"-ის გადამღები ჯგუფი პირდაპირი ეთერისთვის ჩართვაზე იდგა. ვიდეოში ისმის თათია სამხარაძის ქოშინი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ნარბენმა ჩაწერა ვიდეო 22:01 წუთზე".

საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა მონაკვეთებმა წაახალისა დისკრიმინაცია. პოსტივის მიერ თათია სამხარაძის მიმართ წამოწყებულ კამპანიას ფონად გასდევდა თათია სამხარაძის, როგორც ქალის ობიექტივიზაცია და შერცხვენის მცდელობა. საბჭო მიიჩნევს, რომ მუდმივი ხაზგასმა “კარადაში პოვნაზე” სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. გარდა იმისა, რომ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია სათანადოდ არ ჰქონდათ გადამოწმებული, დადასტურების შემთხვევაშიც კი, ამ ტიპის ცნობების ამ ფორმით გავრცელება არ არის ეთიკური, რადგან იწვევს დისკრიმინაციას და საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებების წახალისებას — “კარადაში დამალვა” თავისთავად სამარცხვინოდ აღიქმება და აუდიტორიის ნაწილი ამას მიიჩნევს სექსუალური კავშირის დასტურად. იმ საზოგადოებაში კი, სადაც ქალის სექსუალობა სამარცხვინო, მიჩქმალული და უგულებელყოფილია, ამ ტიპის გადაუმოწმებელი თუ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას ჟურნალისტი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეპყროს, რათა არ გააძლიეროს სტერეოტიპები და დისკრიმინაცია.

გარდა ამისა, გენდერული საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით:

სხვა პირთა მიერ სტერეოტიპული ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობა არ ეხსნება მედიას. ასეთ დროს ისევე უნდა მოიქცეთ, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში. თუ პირდაპირი ეთერია, იქვე უნდა გაემიჯნოთ, ჩანაწერის დროს კი, შესაბამისად უნდა დაარედაქტიროთ თუ, რა თქმა უნდა, გაშუქების მიზანი არ არის ის, რომ აჩვენოთ როგორ შეუფერებელ ტერმინოლოგიას იყენებს ესა თუ ის საჯარო პირი.

შესაბამისად, პოსტივის წარმომადგენელს ჰქონდა ეთიკური ვალდებულება, არ წაეხალისებინა დისკრიმინაცია და ასევე, გამიჯვნოდა შალვა რამიშვილის და სხვა რესპონდენტების დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში მედია დიდ როლს ასრულებს, შესაბამისად, მის შესუსტებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორად გაშუქებას მიუძღვის.

საქმეში ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო სერგო ჩივაძის წინააღმდეგ საბჭომ აღნიშნა, რომ:

დღეს ქალებისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება ძალიან ხშირია, საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული დამოკიდებულებები. ეს უნდა ესმოდეს მედიას და ხელი უნდა შეუშალოს დისკრიმინაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. მედიას გენდერულად მგრძნობიარე, არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ განახორციელოს საინფორმაციო ქმედებები საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ პოსტივიმ წარმოადგინა ნათია ბერიძისა და თათია სამხარაძის მიმოწერა. „ასეთი ბედნიერი მსხვერპლი ჯერ არ გვინახავს. არადა, დამეთანხმებით, სადაც გავიწროვებენ იქ ასეთი თავისუფალი ვერ ხარ ადამიანი” - წერს ნათია ბერიძე თათია სამხარაძეს. საბჭო ამ მიმოწერას არაეთიკურად აფასებს. ამ მიმოწერაში, ნათია ბერიძე, სავარაუდოდ, გულისხმობდა ვიდეოს არქივიდან, სადაც თათია სამხარაძე შალვა რამიშვილთან ერთად ცეკვავს. რამდენიმე ქალის მხრიდან რამიშვილის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ, აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში სწორედ ნათია ბერიძემ გაავრცელა. საბჭო განმარტავს, რომ ადამიანები სექსუალურ შევიწროებაზე, ძალადობაზე სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. ეს დამოკიდებულია თვითაღქმაზე, საზოგადოების აღქმასა და დამოკიდებულებებზე, მომხდარის გააზრების ხანგრძლივობაზე და სხვა მრავალ მიზეზზე. ცეკვა, სიცილი, სიმღერა და ა.შ. არ ადასტურებს, რომ კონკრეტულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ძალადობა/ტრავმა გამოვლილ ან სექსუალური შევიწროების მსხვერპლ პირებთან ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტმა უნდა დაიცვას ეთიკური სტანდარტები.

       აღიარეთ, რომ არსებობს ძალადობის მრავალი სახეობა, მათ შორის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა; ასევე: მუქარა, იძულება და ონლაინ სიძულვილი და შეურაცხყოფა.

       აღიარეთ, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა გულისხმობს დამაზიანებელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია პირისადმი სქესის ან გენდერული იდენტობის გამო.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

განმცხადებელი სადავო მასალებს უკავშირებდა თათია სამხარაძის მიერ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მოგებული საქმის კონტექსტსა და მიმდინარე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რამიშვილი იმავე ქმედებაში სხვა ქალებმაც დაადანაშაულეს.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ თათია სამხარაძისა და კონკრეტული პირის ერთ სივრცეში ყოფნის გასაჯაროვება მხოლოდ საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებასა და შალვა რამიშვილის რეპუტაციის „გაკეთილშობილებას" ემსახურებოდა და არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი/მიზანი.

ამასთან, 2023 წლის 25 მარტს გამოქვეყნებულ მასალაში და „დიდ გადაცემაში” დასახელებულია დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელი ბინის მისამართი და იდენტიფიცირებადი ხდება ადგილი.

მოპასუხემ მიუთითა, რომ გადაცემები/სიუჟეტები თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე იყო მომზადებული.

„ყველა ქმედება ხორციელდებოდა არხის რეპუტაციის წინააღმდეგ, შესაბამისად, ვერ იქნება განხილული, რომ განხორციელდა თათია სამხარაძის პირად ცხოვრებაში შეჭრა. ასევე, აღსანიშნავია, რომ უშუალოდ დიმიტრი ჩიქოვანიც წარმოადგენს „ნაც მედიის“ არხის მმართველს და ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ადგილი არ ჰქონდა საზოგადოების ინტერესს. სწორედ, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ყველა იმ ცრუ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე,  მათ მიერ შავი კამპანიის განხორციელებაზე, რასაც  ცდილობენ სხვადასხვა პირის ჩართვით" - ამბობს მოპასუხე.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ამ ინფორმაციის ქონა.

საბჭომ ჩათვალა, რომ სადავო მასალებში გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს. გარდა ამისა, დიმიტრი ჩიქოვანის სახლის მისამართის მიმართაც არ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი და ხდება პირადი ცხოვრების ხელყოფა.

ქარტიის საბჭომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება პირის პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროება, თუ ამ ინფორმაციის მიმართ არსებობს საზოგადოების ობიექტური ინტერესი, რაც ცნობისმოყვარეობას არ გულისხმობს. თუ პოსტივი მიიჩნევდა, რომ მათ მიერ დასახელებული “შავი კამპანია” ნამდვილად არსებობდა, ეს ინფორმაცია უნდა გადაემოწმებინა პირად ცხოვრებაში შეჭრის გარეშე. თუმცა ტელევიზიის მიერ გავრცელებული მასალები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ეს იყო კამპანია თათია სამხარაძის წინააღმდეგ. აღნიშნულ მასალები ატარებდა სპეკულაციურ ხასიათს და აძლიერებდა სტიგმას. არსებული მოცემულობით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელევიზიის მიზანი სწორედ პირად ცხოვრებაში შეჭრა იყო, მათ შორის, პოლიციის გამოძახების საშუალებით, დღეების განმავლობაში სახლთან დგომით და ა.შ. შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ POSTV-ის წარმომადგენლებმა დაარღვიეს ქარტიის მეათე პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ თათია სამხარაძის დისკრედიტაციის მიზნით, სადავო მასალები კამპანიურად გავრცელდა. განმცხადებელმა კამპანიურობის დასადასტურებლად ასევე წარმოადგინა 2023 წლის 9 აპრილს გადაცემა „POSTV ანალიტიკაში" გასული სიუჟეტი. განმცხადებელი ამბობდა, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, თუმცა მაინც განზრახ დაამახინჯეს ფაქტები.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ თათია სამხარაძის მადისკრედიტირებელი კამპანია Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებული საჯარო პოსტის შემდეგ, 20 მარტიდან დაიწყო, სადაც მან შალვა რამიშვილზე დაწერა: „მინდა გახსოვდეთ, რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა"... ამის შემდეგ, ნათია ბერიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით:  „როგორი "მსხვერპლიც" ეს თათია სამხარაძეა ისეთი "მსხვერპლების" პარადს ვხედავთ დღეს!”.

ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დარღვეულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მედიასაშუალების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

პირველი პრინციპის ფარგლებში დადასტურდა, რომ ტელეკომპანია „POSTV"-ის წარმომადგენლები ფაქტების მანიპულაციით და არგადამოწმებით ცდილობდნენ, თათია სამხარაძის რეპუტაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ. საბჭო ხედავს კამპანიას, რომელმაც „POSTV”-მ თათია სამხარაძის წინააღმდეგ დაიწყო. ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ განზრახულობაზე მიუთითებს შემდეგი გარემოებაც: ნათია ბერიძეს წინასწარი განწყობები ჰქონდა თემასთან დაკავშირებით; ჩანს მისი ინტერესთა კონფლიქტი; მას საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტში ჰქონდა წინასწარი შეფასებები დაფიქსირებული თათია სამხარაძესთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, საბჭომ სადავო მასალებში მე-11 პრინციპი დარღვეულად მიიჩნია არასწორი ინფორმაციის გავრცელების კამპანიური ხასიათიდან გამომდინარე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. შალვა რამიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. ნინო სალუქვაძემ, ნათია ბერიძემ, ნუგზარ ხავთასმა, ანა შანიძემ, დათა გვასალიამ, ნუცა კოროშინაძემ და POSTV-ს არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-7, მე-10 და მე-11 პრინციპი.

 

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

სადავო მასალა 3

სადავო მასალა 4

სადავო მასალა 5

სადავო მასალა 6

Related Articles

Articles Not Nound!