გადაწყვეტილება საქმეზე - ვლადიმერ ხუჭუა მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : ვლადიმერ ხუჭუა;
მოპასუხე : მარიამ გაფრინდაშვილი;

6 ივნისი, 2023 წელი

საქმე N – 655

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მაია წიკლაური, მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, გულო კოხოძე, საბა წიწიკაშვილი

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, ვლადიმერ ხუჭუამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 8 აპრილს „TV პირველის” მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა მარიამ გაფრინდაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტი და მედიასაშუალების წარმომადგენელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „ექსკლუზივი: კლანის მარცხი - სად და რითი აშანტაჟებენ მოსამართლეებს?".

სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს:

       „მან [ვლადიმერ ხუჭუა] კარგად იცის მისი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის, ბადრი ნიპრაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის შესახებ".

       „ბადრი ნიპრაშვილი ერთ-ერთი იყო, ვინც 2022 წლის ზაფხულში კლანის ანტიამერიკული კამპანია გააპროტესტა. მოსამართლეს ეს არ აპატიეს და მასზე კომპრომატების მოგროვება დაიწყეს. წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ იუსტიციის საბჭოში განცხადება მოსამართლის წინააღმდეგ მისივე თანაშემწეს, რუსუდან გურჩიანს შეატანინეს. თანაშემწე ნიპრაშვილს შრომითი ექსპლუატაციის გაწევაში ამხელდა. ეს ამბავი იცის სასამართლოს თავმჯდომარემაც, თუმცა ვალერი ხუჭუამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ გაბედა, ვერც კლანის სანქცირებაზე გველაპარაკა. ინტერვიუს დროს უბრალოდ გაიქცა".

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაცია არასწორი და მაყურებლის შეცდომაში შემყვანი იყო. მისი თქმით, ბრალდება დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება სიმართლეს და რეპუტაციულ ზიანს აყენებს მას.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მან ჟურნალისტის შეკითხვებს გასცა პასუხი, თუმცა მასალაში იყო ისე წარმოჩენილი, თითქოს „გაიქცა” და კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. მან დააზუსტა, რომ ჟურნალისტის ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა შემდეგ მისი შეკითხვები მეორდებოდა, ამიტომ შეწყვიტა ინტერვიუ, რადგან ჩათვალა, რომ მედიასაშუალების წარმომადგენელს ყველაფერი უთხრა. ამასთან, განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მან ჟურნალისტს მიუთითა, გასცნობოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე არსებულ საჯარო ინფორმაციას მის არჩევასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, ჟურნალისტმა განმარტა, რომ მას ჰქონდა ინფორმაციის გადამოწმების რამდენიმე მცდელობა და არ დაურღვევია ქარტიის პრინციპები. მედიასაშუალების წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული მონაკვეთის [ინტერვიუ ვლადიმერ ხუჭუასთან] „შავი მასალა" წაშლილია, შესაბამისად, ვერ მოახერხა მისი საბჭოსთვის წარდგენა. ამასთან, მედიასაშუალებამ განმარტა, რომ სიუჟეტი მომზადდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე, სადაც ჟურნალისტი რელევანტურ წყაროებს დაუკავშირდა ინფორმაციის გადამოწმების და არა კონკრეტული პირის დისკრედიტაციის მიზნით.

საბჭო აღნიშნულ ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

აღსანიშნავია, რომ სადავო მასალაში ჟურნალისტს ჰყავს ანონიმური წყარო და აქვს მცდელობები, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს. ბრალდებაზე, რომ ბადრი ნიპარიშვილის წინააღმდეგ „სადამსჯელო ოპერაცია” განხორციელდა, ჟურნალისტი შეკითხვებს უსვამს ვლადიმერ ხუჭუას [მასალაში, რომელიც სიუჟეტშია გამოყენებული, ხუჭუა ამ კითხვას არ პასუხობს/არ ჩანს], მოსამართლის თანაშემწეს [ის ეუბნება, რომ არ დაუწერია საჩივარი], მოსამართლეს [იგი ჟურნალისტს ეუბნება, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობს და ვერ მისცემს ამაზე კომენტარს]; მოსამართლის ცოლს ნათია ბარბაქაძეს [ის ამბობს, რომ არ უპასუხებს შეკითხვებს].

გამომდინარე იქიდან, რომ საბჭო ვერ გაეცნო სადავო მონაკვეთის შავ მასალას, არ შეუძლია იმსჯელოს, რა შეკითხვებზე გასცა პასუხი განმცხადებელმა და რა ნაწილი ვერ მოხვდა სიუჟეტში.

სიუჟეტში, ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო: ვლადიმერ ხუჭუას მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა პოზიცია და ჟურნალისტს ჰქონდა მცდელობა, რომ მასთან ინფორმაცია გადაემოწმებინა, თუმცა მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი, რამაც შესაძლოა პირს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ჟურნალისტის მიერ შეკითხვების ფორმულირებაში ჩანს და აქცენტირებულია ვერსია, რომ „ვლადიმერ ხუჭუამ აიძულა ნიპარიშვილის თანაშემწე იუსტიციის საბჭოში შეეტანა მის წინააღმდეგ განცხადება", „ის ინტერვიუს დროს გაიქცა".

სადავო შემთხვევაში ჟურნალისტს ჰყავს ანონიმური წყარო და ცდილობს, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყველა რელევანტურ წყაროსთან გადაამოწმოს, თუმცა არცერთი მათგანი ამ ინფორმაციას არ უდასტურებს. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს.

განმცხადებელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ჟურნალისტს შეეძლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაემოწმებინა, იყო თუ არა შესული განცხადება მოსამართლე ბადრი ნიპრაშვილის წინააღმდეგ. სადავო ჟურნალისტურ მასალაში არ ჩანს, ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს ამის მცდელობა. თუ დავუშვებთ, რომ ამ გზითაც ვერ მოხერხდებოდა ინფორმაციის მიღება, ჟურნალისტი ვალდებული იყო, მკაფიოდ დაეფიქსირებინა, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია და ერთი კონფიდენციალური წყაროს გარდა მასალაში მითითებულ ინფორმაციას მას არ უდასტურებდა სხვა პირი/წყაროები.

ჟურნალისტს უფლება აქვს, დაეყრდნოს კონფიდენციალურ წყაროს, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, რომ ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის ღია და რელევანტურ წყაროებთან გადასამოწმებლად. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის დაზუსტება, ამის შესახებ ცალსახად უნდა აცნობოს აუდიტორიას. სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანს, რომ ჟურნალისტმა დაიცვა ზემოაღნიშნული ეთიკური ვალდებულებები.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

განმცხადებელი ძირითადად მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ეს კი შეესაბამება ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებულ არგუმენტაციას და მასზე საბჭომ უკვე იმსჯელა, შესაბამისად, იმავე საფუძვლით არ და ვერ დადგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა.

სადავო შემთხვევაში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მას ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ წყარო საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, საბჭომ მესამე პრინციპი დარღვეულად ვერ დაადგინა.

ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებელმა წარმოადგინა მედიასაშუალებასთან ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ მედიასაშუალებას ჰქონდა ინფორმაცია განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ. აღნიშნული დაადასტურა მოპასუხე ჟურნალისტმაც, თუმცა, მისი პოზიციით, მასალაში არაფერი იყო შესასწორებელი.

დადასტურებული ფაქტია, რომ განმცხადებელმა შესწორების მოთხოვნით მიმართა ტელევიზიას. ამ მიმართვას არ მოჰყოლია შედეგი. საბჭომ დაადგინა, რომ მედიასაშუალებამ მტკიცებითი ფორმით გაავრცელა დაუდასტურებელი ინფორმაცია. შესაბამისად, საბჭომ დაადგინა ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა.

შესწორების ფორმა სხვადასხვა შეიძლება იყოს, დეტალურად ამის შესახებ რეკომენდაციები გაწერილია შესწორების სტანდარტი მედიაში - სახელმძღვანელო წესებში.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა მის დისკრედიტაციას.

თავის მხრივ, მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ მისი მხრიდან განზრახულობას ადგილი არ ჰქონია და მას აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ინფორმირება სურდა.

მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა [არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება] არ არის იმის საკმარისი წინაპირობა, რომ ეს „განზრახვად“ მივიჩნიოთ. მე-11 პრინციპს საბჭო მაშინ მიიჩნევს დარღვეულად, თუ დადასტურებულია ასეთი განზრახვის მოტივი, ან კამპანიურად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ან/და ჟურნალისტმა დადასტურებულად იცის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აღნიშნულ შემთხვევაში არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება არ მტკიცდება, შესაბამისად, საბჭომ არ დაადგინა მე-11 პრინციპის დარღვევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. მარიამ გაფრინდაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. მარიამ გაფრინდაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება

Related Articles

Articles Not Nound!