გადაწყვეტილება საქმეზე - ვალერიან ვაჩეიშვილი ვლადიმერ მენაბდის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : ვალერიან ვაჩეიშვილი;
მოპასუხე : ვლადიმერ მენაბდე;

28 ივნისი, 10 ივლისი  2023 წელი

საქმე N – 666, 667

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ირმა ზოიძე, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ვალერიან ვაჩეიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 9 და 24 მაისს მედიასაშუალება „გურიის მოამბის” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ვლადიმერ მენაბდე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი და მოპასუხე ჟურნალისტი.

განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-11 პრინციპთან დაკავშირებით.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

პირველი სადავო მასალის სათაურია - „ადგილობრივები ნატანების გამგებელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ"; მეორე მასალის - „ნატანების ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამგებელი ავტომობილით პოლიციელს დაეჯახა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა".

მასალების მიხედვით, „ვალერიან ვაჩეიშვილს, ადგილობრივები [ნატანელები] სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ"; „ვალერიან ვაჩეიშვილი, საკუთარი ჯიპის მარკის ავტომობილით, საპირისპირო მხარეს მიმავალ, მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, რომლის მძღოლიც ადგილობრივი პოლიციელი აღმოჩნდა".

განმცხადებლის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ მასალებში გაჟღერებულია ცილისმწამებლური ინფორმაცია და ჟურნალისტი ეყრდნობა მხოლოდ ჭორებს, რასაც არცერთი წყარო უდასტურებს.

განმცხადებლის წარმომადგენლის თქმით, სტატიები განთავსებულია რუბრიკაში „ახალი ამბები, კრიმინალი, მთავარი თემა", მასალებში კი არანაირი ინფორმაცია არ არის გამოძიების დაწყების ან რომელიმე ოფიციალური ორგანოს კომენტარის შესახებ.

თავის მხრივ, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მასალაში გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე წყარო უდასტურებდა და მათ მტკიცებულებებიც ჰქონდათ, თუმცა მასალაში წყაროს ვინაობის გამჟღავნება ჟურნალისტს არ შეეძლო.

მოპასუხის თქმით, ჟურნალისტმა სადავო მასალებში ფაქტი და კომენტარი გამიჯნა, დაეყრდნო ადგილობრივების ნათქვამს, რაც სტატიებშიც ჩანს. ამასთან, ვლადიმერ მენაბდემ თქვა, რომ საპასუხო კომენტარის მოსაპოვებლად მათ ჰქონდათ ვალერიან ვაჩეიშვილთან დაკავშირების მცდელობა, თუმცა მათ ზარებს ვაჩეიშვილმა არ უპასუხა; მოგვიანებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი გამოქვეყნდა ცალკე მედიაპროდუქტის სახით. 

საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტებს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალებში არ ჩანს მოპასუხე მხარის, ვალერიან ვაჩეიშვილის პოზიცია. მართალია, მოპასუხემ აღნიშნა, რომ იყო მასთან ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა, თუმცა ეს დეტალი არ არის ცნობილი მკითხველისთვის. სადავო სტატიაში არ ჩანს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა ინფორმაციის გადამოწმების მცდელობები. იმას, რასაც აუდიტორია კითხულობს, აკლდა გადამოწმება და ბალანსი. მოპასუხემ ისიც განმარტა, რომ მედიასაშუალებამ საპასუხო პოზიცია ცალკე მედიაპროდუქტში გამოაქვეყნა, თუმცა, სადავო მასალებში ეს ინფორმაცია მითითებული არ არის და შესაძლოა მკითხველი არ გაეცნოს ცალკე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადავო მასალაში კი ვერ კითხულობს საპასუხო პოზიციას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჟურნალისტს ჰქონდა ვალერიან ვაჩეიშვილთან დაკავშირების მცდელობა, აუდიტორიისთვის ამაზე ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ან დაეზუსტებინა, რომ მის პოზიციას შეუძლია მითითებულ მასალაში გაეცნოს.

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ამასთან, სადავო მასალებში ჟურნალისტს ჰყავს ანონიმური წყაროები. ქარტიის პრაქტიკის თანახმად, მინიმუმ, ორი დამოუკიდებელი წყარო უნდა ადასტურებდეს ინფორმაციას, რომ ის მტკიცებით ფორმაში გადაიცეს. მართალია, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე წყარო და ის არ იყო გავრცელებული როგორც ფაქტი, თუმცა მასალაში არ ჩანს, რომ ადგილობრივების და თვითმხილველის გარდა ინფორმაციას სხვა პირი/უწყება/წყარო ადასტურებს.

ამასთან, საბჭოს ესმის, რომ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა, რესპონდენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება არ მოახდინოს, თუმცა მსგავს თემებზე მუშაობისას ორმაგი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, რომ აუდიტორიას გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.

რაც შეეხება, მეორე სადავო მასალას, ავტოავარიასთან დაკავშირებითაც თვითმხილველი ჰყვება, რომლის ვინაობაც არ არის დასახელებული.

ჟურნალისტს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰყავდეს ანონიმური წყარო და არ დაასახელოს მისი ვინაობა, თუმცა, ამასთან, მსგავსი ბრალდებების გამოთქმისას, აუცილებელია გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო მასალებში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მედიაპროდუქტებში ნახსენებია, რომ ინფორმაცია ადგილობრივებზე, ნატანელებსა და თვითმხილველზე დაყრდნობით არის გავრცელებული.

ჟურნალისტმა ინფორმაცია სათანადოდ, ეთიკური სტანდარტების დაცვით არ გააშუქა, რაც საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილში განიხილა, თუმცა არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ წყარო საერთოდ არ არსებობდა, შესაბამისად, საბჭომ მესამე პრინციპის დარღვევა ვერ დაადგინა.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

განმცხადებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვლადიმერ მენაბდეს ელექტრონულ ფოსტაზე მიმართა და ასევე გაუგზავნა წერილი, სადაც მისი პრეტენზიების შესახებ დააფიქსირა პოზიცია.

დადასტურდა, რომ განმცხადებლის წარმომადგენელმა საპრეტენზიო წერილი არასწორ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნა, თუმცა, მან ასევე წარმოადგინა დოკუმენტი „გზავნილის ჩაბარების შესახებ”, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ მისამართზე მიმღები იყო ვლადიმერ მენაბდე.

ამ მიმართვას არ მოჰყოლია შედეგი. შესაბამისად, საბჭომ დაადგინა ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა 9 მაისს გამოქვეყნებულ მასალაში.

შესწორების ფორმა სხვადასხვა შეიძლება იყოს, დეტალურად ამის შესახებ რეკომენდაციები გაწერილია შესწორების სტანდარტი მედიაში - სახელმძღვანელო წესებში.

რაც შეეხება 24 მაისს გამოქვეყნებულ მასალას, ამ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ განმცხადებელმა ჟურნალისტს/მედიასაშუალებას მიმართა ამ მედიაპროდუქტზე შესწორების მოთხოვნით [მიმართვა თარიღდება 23.05.2023], შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებლის წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ მასალებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოხდა განმცხადებლის დისკრედიტაცია, რასაც მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურებები და დააზარალა მისი რეპუტაცია.

საბჭო აღნიშნავს, რომ განცხადებაში არ იყო წარმოდგენილი ის ნიშანი, რომელიც გამოარჩევდა ვალერიან ვაჩეიშვილს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი დისკრიმინაცია. შესაბამისად, საბჭომ მე-7 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-8 პრინციპი: „ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება”.

განმცხადებლის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ სადავო მასალებით ზიანი მიადგა ვალერიან ვაჩეიშვილის მცირეწლოვან შვილსაც.

ქარტიის მერვე პრინციპი ეხება ბავშვთა საკითხების გაშუქებას და მათზე მომზადებულ მედიაპროდუქტში ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებას. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში საბჭომ მერვე პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.

ქარტიის საბჭოს პრაქტიკის თანახმად, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საჯარო, თუ ეს ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს.

საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იცოდეს სხვა პირის პირადი ცხოვრების დეტალები, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს, რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ამ ინფორმაციის ქონა.

საბჭომ ჩათვალა, რომ საჯარო პირის მიმართ მსგავსი ინფორმაციის გაშუქება შესაძლოა წარმოადგენდეს საზოგადოებრივ ინტერესს. ჟურნალისტმა ინფორმაცია სათანადოდ, ეთიკური სტანდარტების დაცვით არ გააშუქა, რაც საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილში განიხილა, ხოლო მეათე პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ვლადიმერ მენაბდემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
  2. ვლადიმერ მენაბდეს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი მეორე სადავო მასალაში.
  3. ვლადიმერ მენაბდეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7, მე-8 და მე-10 პრინციპი.

სადავო მასალა 1

სადავო მასალა 2

განცხადება

Related Articles

Articles Not Nound!