გადაწყვეტილება საქმეზე - გელა ნაცვლიშვილი და თემური ლაჭყეპიანი ანა რობაქიძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : გელა ნაცვლიშვილი, თემური ლაჭყეპიანი;
მოპასუხე : ანა რობაქიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

17 ივლისი, 2023 წელი

საქმე N – 674

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, მაია წიკლაური, თათია ხალიანი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, საბა წიწიკაშვილი, გულო კოხოძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს გელა ნაცვლიშვილმა და თემურ ლაჭყეპიანმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 29 მაისს მედიასაშუალება „აი, ფაქტის” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ანა რობაქიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, მოპასუხე და მედიასაშუალების წარმომადგენელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „როგორ პატრონობს ზესტაფონის მერია მიუსაფარ ძაღლებს?”

მასალაში წერია:

        „ზესტაფონთან, ბუნებრივია, უფრო ახლოს არის ქუთაისის თავშესაფარი, მაგრამ სახელმწიფო დაწესებულებაა და მხოლოდ ქუთაისის ძაღლებს ემსახურებიან, ტენდერებში მონაწილეობას არ იღებენ. ამიტომ, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, ზესტაფონის მერია ძაღლებს მაინც ოზურგეთის დროებით თავშესაფარში გზავნის".

        „თავშესაფარში ყველაფერი რიგზე რომ არ არის, მათი კარჩაკეტილობაც მოწმობს. ადგილზე არ უშვებენ ცხოველთა დამცველებს და მედიის წარმომადგენლებს. გასული წლის ზამთარში სიტუაციის დათვალიერება გადაწყვიტა ცხოველთა დამცველმა თიკო კვალიაშვილმაც, თუმცა ტერიტორიის შიგნით ვერ შეაღწია. უთხრეს, დაავადებებია გავრცელებული და ვერ შეგიშვებთ, კარანტინი გამოვაცხადეთო, მაგრამ ვერ დაუსახელეს კონკრეტულად რა დაავადებების გამო იყო დახურული დაწესებულება".

განმცხადებლის პოზიციით, არაზუსტია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავშესაფარში გაუსაძლისი პირობებია. მისი თქმით, იგი პერიოდულად მოწმდება და თავშესაფარში დაცულია ყველა საჭირო სტანდარტი.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტს მასთან არ გადაუმოწმებია ის ფაქტები, რომლებიც მასალაში დაწერა და არ მისცა შესაძლებლობა, რომ საპასუხო პოზიცია დაეფიქსირებინა. ამასთან, განმცხადებლის თქმით, მედიასაშუალების წარმომადგენელი არ ყოფილა თავშესაფარში, რათა თავად ენახა, როგორი პირობებია იქ.

თავის მხრივ, მოპასუხემ აღნიშნა, რომ მასალაში გამოქვეყნებული პოზიცია სხვადასხვა დამოუკიდებელ წყაროზე [მედია, მოქალაქეები, უფლებადამცველები] დაყრდნობით გავრცელდა; რომ ოზურგეთის თავშესაფრის არასახარბიელო სიტუაციაზე სოციალურ ქსელში მოქალაქეებიც წერდნენ და ცხოველთა უფლებადამცველებიც.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ ადგილზე სიტუაციის გადამოწმებაზე თავშესაფარი მედიას და ცხოველთა უფლებადამცველებს აქამდე უარს ეუბნებოდა, შესაბამისად, მათი მხრიდან არ იყო მოლოდინი, რომ თავშესაფარში შესვლას შეძლებდნენ.

პირველი პრინციპის დარღვევის დასადასტურებლად აუცილებელი არ არის, საბჭომ ზუსტად დაადგინოს, გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს; საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. სიუჟეტში არ ჩანს მოპასუხე მხარის, ცხოველთა დაცვის ფედერაციის პოზიცია.

მასალაში არის თემურ ლაჭყეპიანის კომენტარი, თუმცა ბრალდებებზე, რომ თავშესაფარში მედის წარმომადგენლებს არ უშვებენ და გაუსაძლისი პირობებია, მკითხველი ვერ იღებს საპასუხო პოზიციას და გადამოწმებულ ინფორმაციას.

მართალია, ჟურნალისტს ჰქონდა მოლოდინი, რომ შესაძლოა ვერ მოეპოვებინა ბრალდებებზე პასუხი, თუმცა, ამ შემთხვევაშიც აუდიტორიისთვის ამაზე ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა. საბჭოს წევრების კითხვაზე, რატომ არ გადაამოწმეს აღნიშნული ინფორმაცია, „აი, ფაქტის" წარმომადგენელმა უპასუხა: „გამოდის, რომ ჩვენ სიტყვიერად უნდა გადაგვემოწმებინა, გვეკითხა - არის თუ არა თქვენთან გაუსაძლისი პირობები, ლოგიკურია, რომ ის ასე არ იტყოდა. [...] ანას არ დაუზუსტებია ეს ინფორმაცია თემურ ლაჭყეპიანთან, რადგან ეს იყო რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ მოყვანილი ინფორმაცია და სოციალურ ქსელში ფოტო-ვიდეო მასალაც იყო ამის ამსახველი. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ სიტყვიერად მოგვიწევდა ბატონი თემურისთვის კითხვა, იყო თუ არა მათთან კარგი მდგომარეობა. ამიტომ არალოგიკური გვეჩვენა".

აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა შესაძლო წყაროსა და მხარის პოზიცია მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპი: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“.

განმცხადებელი ძირითადად მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა არასწორი ან/და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას, ეს კი შეესაბამება ქარტიის პირველ პრინციპთან დაკავშირებულ არგუმენტაციას და მასზე საბჭომ უკვე იმსჯელა, შესაბამისად, იმავე საფუძვლით არ და ვერ დადგინდება ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა.

მესამე პრინციპი დარღვეულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ არ დასტურდება ინფორმაციის წყაროს არსებობა.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

დადასტურდა, რომ განმცხადებელს ჟურნალისტისთვის/მედიასაშუალებისთვის შესწორების მოთხოვნით არ მიუმართავს, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ანა რობაქიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ანა რობაქიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-5 პრინციპი.

სადავო მასალა

განცხადება

შეპასუხება

Related Articles

Articles Not Nound!