გადაწყვეტილება საქმეზე - შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ნათია ბერიძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა;
მოპასუხე : ნათია ბერიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;

31 აგვისტო,  2023 წელი

საქმე N – 685

სხდომის თავმჯდომარე: მანანა ქველიაშვილი

საბჭოს წევრები: გულო კოხოძე, სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 19 ივნისს ტელეკომპანია „POSTV”-ს ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნათია ბერიძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა/მედიასაშუალებამ შეპასუხება წერილობით წარმოადგინა, სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.

განმცხადებელმა მოხსნა მოთხოვნა ქარტიის მე-3, მე-4 და მე-5 პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „ბავშვების გართობაში დამალული ლგბტ პროპაგანდა - რატომ მომრავლდა შემთხვევები საქართველოში?!”

მასალაში ჟურნალისტი ამბობს:

        „ბავშვებში ელგებეტე პროპაგანდა უკვე ღიად დაიწყო სულაკაურის გამომცემლობამ, ამის ნათელი მაგალითი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გიჩვენეთ. მაშინ საზოგადოების ლეგიტიმურმა პროტესტმა სულაკაურის გამომცემლობა აიძულა წიგნი ხუთი წლის ტრანსგენდერ ბავშვზე გაყიდვიდან ამოეღო და მეტიც, საიტიდან წიგნის რეკლამისთვის განკუთვნილი ვიდეოც წაიშალა.

მაშინ სიუჟეტის მომზადებისას მეგონა, რომ ამ თემას აღარასდროს დავუბრუნდებოდი, ცალკეული ბიზნესმენებისა თუ გამომცემლობებისთვის საჩვენებელი მაგალითი იქნებოდა ის მწვავე რეაქცია, რაც ამ წიგნის გამოჩენას მოჰყვა მოქალაქეების მხრიდან. თუმცა, როგორც ჩანს, შევცდი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას ბავშვებში გარდა ელგებეტე პროპაგანდის შემცველი წიგნების გავრცელებისა, გარყვნილების პროპაგანდაც ჰქონია დაწყებული. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ამავე გამომცემლობის მიერ ბავშვების კლასგარეშე ლიტერატურაში შეტანილი კიდევ ერთი ზღაპარი”.

        „ზღაპარი, სადაც ბავშვებს ყველაზე მძიმე ცოდვაზე ინცესტზე უყვებიან, როგორც წინა შემთხვევაში, წიგნი ახლაც დახლებიდან გაქრა, როგორც საზოგადოებამ ხმა აიმაღლა”.

განმცხადებელი განმარტა, რომ აღნიშნული ლიტერატურა [„ვირისტყავა“ და „ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის 100 ამბავი არაჩვეულებრივ ქალებზე“], რომელზეც სიუჟეტშია საუბარი აღარ იბეჭდება და ტირაჟი ამოიწურა, შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნული ლიტერატურა აღარ არის გაყიდვაში და აღარ გამოიცემა.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები, სიუჟეტში გააჟღერა მისეული ვერსია და გაავრცელა მაყურებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. განმცხადებლის თქმით, „ინცესტის ნორმალიზებაზე” ზღაპარში საუბარი არ არის; ჟურნალისტმა საზოგადოებას არ მიაწოდა ინფორმაცია „ვირისტყავას“ დასასრულის შესახებ. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტი პირდაპირ, ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე აღნიშნულ ნაწარმოებებს აკვალიფიცირებს, როგორც გარყვნილების, ინცესტისა და ლგბტ პროპაგანდას, რაც ახდენს გამომცემლობის დისკრედიტაციას და ზიანს აყენებს მის რეპუტაციას საზოგადოებაში.

თავის მხრივ, მოპასუხემ წერილობით შეპასუხებაში მიუთითა, რომ მაუწყებელი თავისუფალია საკუთარ სარედაქციო პოლიტიკაში, შესაბამისად, უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მოამზადოს და განათავსოს ნებისმიერი სიუჟეტი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის: 100 ამბავი არაჩვეულებრივ ქალებზე“ გამოშვების წელი მითითებულია 30.04.2023 სიუჟეტშიც. 30.04.2023 ვიდეო-რეპორტაჟში საუბარია წიგნის გამოცემის თარიღთან დაკავშირებით, და 19.06.2023 სიუჟეტის დასაწყისში ცალსახად აღნიშნულია, რომ რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა კონკრეტულ წიგნზე სიუჟეტის მომზადება. შესაბამისად, ჩანს რომ გამომცემლობა ხელოვნურად ცდილობს გარკვეული პრობლემის წარმოჩენას, რაც არის სრულიად უსაფუძვლო. შესაბამისად, თუნდაც დღეის მდგომარეობით არ ჰქონდეთ გაყიდვაში კონკრეტული წიგნი, მაგრამ საზოგადოების მხრიდან არსებობს ინტერესი განხილულ იქნეს ეს საკითხი საჯაროდ, ჟურნალისტი უფლებამოსილია მოამზადოს და საზოგადოებას შესთავაზოს ასეთი რეპორტაჟი. გამომცემლობას ჰქონდა ყველანაირი შესაძლებლობა პასუხი გაეცა კითხვებზე" - ამბობს მოპასუხე.

საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტებს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

სიუჟეტში, ერთი შეხედვით ფორმალური ბალანსი დაცული იყო: ჟურნალისტი მივიდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში, თუმცა მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი, რამაც შესაძლოა ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

ზოგადად, საბჭო თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის, მიზნისა და აქცენტების  გათვალისწინებით. წამყვანის მიერ აქცენტირებულია ვერსია, რომ „ბავშვებში ელგებეტე პროპაგანდა უკვე ღიად დაიწყო სულაკაურის გამომცემლობამ" და „ბავშვებს ყველაზე მძიმე ცოდვაზე ინცესტზე უყვებიან".

საბჭო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მანიპულაციურად არის გაშუქებული და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის გამონათქვამები არის დისკრიმინაციული, სადაც ამბობს, რომ „ეს არის გამომცემლობა, სადაც ბავშვებს ასწავლით, რომ ტრანსგენდერობა არის ნორმალური და მამამ შვილი ცოლად რომ მოიყვანოს არის ნორმალური"; „სამწუხაროდ, იმედი რომ გამომცემლობას რაიმე წინასწარი მავნებლური განზრახვა არ ჰქონდა, მაშინვე გადამეწურა, და მივხვდი, რომ ეს არც პირველი, არც მეორე და შესაძლოა არც უკანასკნელი წიგნია ბაკურ სულაკაურის მიერ ტირაჟირებული, სადაც ღიად და დაუფარავად მოხდება აგიტაცია გარყვნილების, ინცესტისა და ლგბტ პროპაგანდის“; „საქართველოში ყველაფერზე წამსვლელ ჯგუფებს დაევალათ მსოფლიო კამპანიის ნაწილად აქციონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენს შვილებში ნორმად აქციონ ის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება, მათი მხრიდან ბავშვების აყვანა, ტრანსგენდერობა და ინცესტი ჩვეულებრივი მოვლენაა“.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული ფრაზები აძლიერებს სტიგმას ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და ავლენს მტრობას, საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ კი არ ახორციელებს სათანადო ქმედებებს.

თავის მხრივ, მედიასაშუალებამ წერილობით მიუთითა, რომ ბავშვისთვის შესაბამისი მასალის სწორად შერჩევა ვერ განიხილება როგორც რაიმე სახის დისკრიმინაცია პირთა მიერ.

ქარტიის საბჭოს აზრით, მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია დისკრიმინაციის გაძლიერება და ხელი შეუწყო ქვიარ თემის ეგზოტიზაციასა, მარგინალიზაციას და ჰომოფობიის გაძლიერებას.

ჟურნალისტი იყებენს ისეთ ტერმინებსა თუ ფრაზებს („თქვენ არ გაქვთ პასუხი ბავშვებს რატომ უწამლავთ გონებას”; „ეს არის გამომცემლობა, სადაც ბავშვებს ასწავლით, რომ ტრანსგენდერობა არის ნორმალური”...), რომელიც თანხვედრაშია ჰომოფობიური ჩაგვრის პრაქტიკაში დამკვიდრებულ პოზიციებთან, ატარებს დამაკნინებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს ქვიარ ადამიანების მიმართ.

ჟურნალისტი არა თუ თავად არ უნდა იყოს დისკრიმინაციის, სტიგმის და სიძულვილის ენის წყარო, არამედ მას აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ხელი არ შეუწყოს მათ გავრცელებას, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. გადაწყვეტილებაში საქმეზე „ბექა გაბადაძე თეა ადეიშვილის წინააღმდეგ” საბჭომ აღნიშნა, რომ „მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საზოგადოებაში არსებულ ირაციონალური შიშების და ზიზღის წინააღმდეგ საინფორმაციო პროაქტიული ქმედებები განახორციელოს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე უნდა იხმაროს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მიზნით ხშირად იყენებენ ტერმინს „ელგებეტე”, რასაც ჟურნალისტიც ასევე იყენებს.

განსახილველ შემთხვევაში თავად ჟურნალისტი და მისი რეპლიკები იწვევს დისკრიმინაციას და სტიგმის გაძლიერებას, რითაც ირღვევა ქარტიის მე-7 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მედიასაშუალებამ არასწორი და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელა განზრახ, რადგან მისი დისკრედიტაცია მომხდარიყო. ამასთან, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მსგავს მასალებს მედიასაშუალება კამპანიურად ავრცელებდა.

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მასალაში ჩანს, ჟურნალისტი როგორ კითხულობს აღნიშნულ წიგნს, საბოლოოდ კი ამბობს, რომ „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას გარყვნილების პროპაგანდაც ჰქონია დაწყებული… ზღაპარი, სადაც ბავშვებს ყველაზე მძიმე ცოდვაზე - ინცესტზე უყვებიან”, განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტი ინფორმაციას განზრახ ამახინჯებს, რადგან თავად იცის, რაზეც აღნიშნულ წიგნშია საუბარი.

მე-11 პრინციპის დარღვევის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობაა ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა იცოდა, რომ ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ მაყურებელიც ხედავს, ჟურნალისტს აღნიშნულ წიგნზე აქვს წვდომა [ამონარიდს აჩვენებს ეკრანზე], თუმცა მაყურებელს უყვება, რომ თითქოს ზღაპარში ინცესტის ნორმალიზებაზეა საუბარი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ჟურნალისტი გაცნობიერებულად ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს მე-11 პრინციპის დარღვევას. 

ამასთან, განმცხადებელმა წარმოადგინა, 2023 წლის 30 აპრილს გასული მასალა, სადაც, მისი თქმით, ორგანიზაციის დისკრედიტაცია დაიწყო და მისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების კამპანიის ნაწილია.

საბჭო აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „POSTV” კამპანიურად ავრცელებს ინფორმაციას და ამზადებს მასალებს „ლგბტ პროპაგანდასთან” დაკავშირებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ნათია ბერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპი.

განცხადება

შეპასუხება

Related Articles

Articles Not Nound!