გადაწყვეტილება საქმეზე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ვახო სანაიას წინააღმდეგ

განმცხადებელი : ცენტრალური საარჩევნო კომისია;
მოპასუხე : ვახო სანაია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

30 ნოემბერი,  2023 წელი

საქმე N – 704

სხდომის თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: სოფო ჟღენტი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ირმა ზოიძე, მაია წიკლაური

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 27 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ვახო სანაია.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სხდომას ესწრებოდა განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია, შეპასუხება კი წერილობით წარმოადგინა.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო მასალის სათაურია - „სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ცესკოს წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის”.

ჟურნალისტი ამბობს: „სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ცესკოს წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის. როგორც ირკვევა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დახურულ ფორმატში, ოპოზიციის გარეშე ჩაატარა ღონისძიება, რომელზეც ელექტრონული არჩევნების ხარვეზებზე უნდა ემსჯელათ. უთანხმოება სწორედ ამას მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” მივიდნენ და განმარტება ითხოვეს. აინტერესებდათ, რატომ არ მიიწვიეს ღონისძიებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე იმ კომპანიას ირჩევდნენ, რომელსაც ელექტრონულ არჩევნებზე აუდიტი დაევალება”.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სიუჟეტში ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გაშუქდა. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღონისძიება დახურულ ფორმატში ჩაატარა. ამის დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინა ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მოსაწვევები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნა. 

განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დადასტურებულიც ჰქონდათ შეხვედრაში მონაწილეობა, ერთ-ერთი მათგანი კი ღონისძიებასაც დაესწრო.

ამასთან, განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ღონისძიებაზე შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, შესაბამისად, კომპანია, რომელმაც აუდიტი ჩაატარა, უკვე არჩეული იყო.

თავის მხრივ, მოპასუხე მედიასაშუალების წარმომადგენელმა წერილობით შეპასუხებაში აღნიშნა, რომ კადრ-სინქრონის [როგორც წესი, მოკლე სატელევიზიო მასალა, სადაც წარმოდგენილია გასაშუქებელი ამბის კადრები საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ტექსტით და მოჰყვება რესპონდენტის ან რესპონდენტების ინტერვიუ - ეთიკის ქარტია] მთავარი თემა იყო დაპირისპირება ღონისძიებაზე და არა ის, თუ ვინ იყო მიწვეული შეხვედრაზე.

„წამყვანი არ ამტკიცებს და არც უარყოფს იმ ფაქტს, რეალურად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ღონისძიება ოპოზიციის გარეშე ჩაატარა თუ არა, რადგან ეს არ არის ნიუსის „მთავარი თემა"...

...მომდევნო დღეს ტელეკომპანიამ ცესკოს წარმომადგენელს, კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძეს მისცა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების შესაძლებლობა წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რა თემაც, როგორც ცნობილი იყო, გახდა წინა დღით გამართულ ღონისძიებაზე მომხდარი დაპირისპირების მიზეზი" - წერს მედიასაშუალების წარმომადგენელი.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს მოპასუხე მხარის - ცენტრალური საარჩევნო კომისიის პოზიცია. მიუხედავად იმისა, ჟურნალისტი კადრ-სინქრონზე მუშაობს თუ სიუჟეტზე, მან უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და მაყურებელს მიაწოდოს დაბალანსებული ინფორმაცია, რომელშიც ყველა რელევანტური მხარე იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ჟურნალისტს არ გაუკეთებია განმარტება, რომ, მაგალითად, ცდილობს საკითხზე ცესკოს პოზიციის მოპოვებას და მაყურებელს შემდეგ შესთავაზებს მას.

ჟურნალისტი ამბობს - „როგორც ირკვევა, საარჩევნო ადმინისტრაციამ დახურულ ფორმატში ოპოზიციის გარეშე ჩაატარა ღონისძიება, რომელზეც ელექტრონული არჩევნების ხარვეზებზე უნდა ემსჯელათ"; საბჭო, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ასკვნის, რომ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სხვადასხვა პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ნაწილი მონაწილეობდა კიდეც მასში.

საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტურ მასალას აკლია გადამოწმება და წყაროები. ინფორმაცია არ არის გაშუქებული სრულყოფილად. შესაბამისად, საბჭო პირველ პრინციპს მიიჩნევს დარღვეულად.

მე-5 პრინციპის თანახმად, მედია ვალდებულია, „შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”.

დადასტურებული ფაქტია, რომ მოპასუხემ იცოდა განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ [მიუთითა წერილობით შეპასუხებაში, რომ შიდა თვითრეგულირების ორგანოში მიიღო საჩივარი]. მიუხედავად ამისა, მან ინფორმაცია არ გაასწორა. განმცხადებლის თქმით, მისი საჩივარი ტელევიზიის თვითრეგულირებამ არ დააკმაყოფილა. სადავო მედიაპროდუქტი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული საქმის განხილვის დღემდე. შესაბამისად, მე-5 პრინციპი დარღვეულად იქნა მიჩნეული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ვახო სანაიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

განცხადება

შეპასუხება

სადავო მასალა

Related Articles

Articles Not Nound!