გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე საბა ხვიჩიას, ირაკლი ჩიხლაძეს და იმედის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

განმცხადებელი : საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე;
მოპასუხე : საბა ხვიჩია, ირაკლი ჩიხლაძე, ტელეკომპანია იმედის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

17 აგვისტო,  2023 წელი

საქმე N – 676, 677

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, მაია წიკლაური, გულო კოხოძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ და გიგა კობალაძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 3 და 18 ივნისს ტელეკომპანია „იმედის” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. მეორე მედიაპროდუქტზე მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ საბა ხვიჩია და ირაკლი ჩიხლაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

პირველ ჟურნალისტურ პროდუქტებზე ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში, ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებული ავტორი“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხეს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

3 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაში წერია - „ქრონიკის ექსკლუზივი - აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ გიგა კობალაძემ და მისმა ორგანიზაციამ ავტორების კუთვნილი 14 მილიონი მიითვისა".

18 ივნისს გამოქვეყნებულ მასალაში (სათაურით „გამქრალი 14 მილიონი) წამყვანი ამბობს: 

„გიგა კობალაძე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს ავტორების და შემსრულებლების ვალი აქვს დაახლოებით 14 მილიონი. კობალაძე გაურბის იმედის კვირას და ემალება ასოციაციის ყოფილ წევრებსაც. ხელოვანებს აინტერესებთ, სად მიდიოდა წლების განმავლობაში DCR-ის ანგარიშზე დაგროვილი მათი ჰონორარები და რატომ ურიცხავდა კობალაძე მიზერულ თანხებს. როგორც ირკვევა, კობალაძე არც გადასახადებს იხდიდა დროულად, შემდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებისთვის ის ასოციაციისთვის დაგროვილ თანხებს იხდიდა და რეალურად გამოდიოდა, რომ ჰონორარებს სხვა მიმართულებით ხარჯავდა. აუდიტის ორ დასკვნაში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე, არ არის გამორიცხული, კობალაძის საქმიანობით საგამოძიებო სამსახურები დაინტერესდნენ. სკანდალის შემდეგ ასოცოციაცია ასობით ხელოსანმა დატოვა".

ჟურნალისტი ამბობს:

„გიგა კობალაძე მხოლოდ იმედის კამერას არ ემალება, ემალება ასოციაციის წევრ თუ GCA-დან უკვე წასულ ავტორ-შემსრულებლებს, რომელთაც მათი კუთვნილი ჰონორარების ხარჯზე კობალაძის გამდიდრების სქემაში გარკვევა უნდათ”.

„ეს 2017 წელს გამოშვენული მერსედესის მარკის განსაკუთრებული მოდელია, გიგა კობალაძემ ხელოვანების კუთვნილი ჰონორარით 46 316 ლარად შეიძინა. ავტომობილი, რომელიც GCA-ს ოფისთან გადავიღეთ, კობალაძის კომფორტულ გადაადგილებას ემსახურება. იმედის კვირის მაყურებელმა უკვე იცის, რომ საქპატენტის დაკვეთით ჩატარებული აუდიტის მიხედვით, კობალაძემ ლონდონში სამაგისტრო პროგრამის სწავლის საფასური, 28 ათას ლარზე მეტი სწორედ ხელოვანების რესურსის ხარჯზე გადაიხადა, ბათუმში ყველაზე ხალხმრავალ და კეთილმოწყობილ უბანში 45 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის ბინა შეიძინა, რომლის ღირებულებაც 146 500 ლარზე მეტია".

„ვინაიდან ასოციაციის ერთადერთი შემოსავალი ავტორთა ჰონორარებია და GCA ვალდებულია, მხოლოდ ის თანხები განკარგოს, რაც შეაგროვა, გამოდის, რომ გადაიხადა გადასახადები, გაისტუმრა ორგანიზაციის ადმინისტრაციული ხარჯი და ამის შემდეგ კიდევ 14 მილიონი დარჩა, რომელიც ავტორებზე უნდა გადაენაწილებინა, თუმცა არ გადაანაწილა”.

„შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2015-18 წლებში გიგა კობალაძემ ბიუჯეტს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, 200 000 ლარზე მეტი დაუმალა, პატიმრობისთვის თავის არიდება კი იმით შეძლო, რომ ისევ ავტორები აზარალა…”

„კუთხეში მიმწყვდეულმა GCA-ს თავმჯდომარემ გამოსავალი დაზარალებულ ხელოვანებთან ბრძოლაში იპოვა. გიგა კობალაძე მხოლოდ მის მიერ არჩეულ არხებზე მიდის და ცდილობს გააშავოს ყველა, ვინც თავისი ასოციაციიდან გაიქცა, საავტორო უფლებათა დაცვის ალტერნატიული ასოციაცია გერა კი რუსულად შერაცხოს და ამით მოპარული მილიონებით დანგრეული იმიჯი გაიმყაროს”.

განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მასალებში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და მასში ფაქტები დამახინჯებულად არის ნაჩვენები. განმცხადებლების თქმით, მასალებში ისეთი ბრალდებებია გაჟღერებული, რომლებიც არცერთ წყაროს არ ეყრდნობა და ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.

გიგა კობალაძემ განმარტა, რომ ასოციაციის დაკვეთით შიდა აუდიტის მიერ ჩატარებულ დასკვნაში ნახსენებია 14 მილიონი, როგორც ასოციაციის მიერ ძველი მენეჯმენტიდან მოყოლებული საგადასახადო ორგანოებში დეკლარირებული ასოციაციის ხარჯის აკუმულირებული ჯამი და არა გიგა კობალაძის ვალი.

განმცხადებლის თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიგა კობალაძემ მანქანა და ბინა შეიძინა. მათი ინფორმაციით, ორივე შეიძინა ასოციაციამ. განმცხადებლებმა განმარტეს, რომ ჟურნალისტმა ავტომობილის თანხაც არასწორად მიუთითა და 43 316 ლარის ნაცვლად, უნდა ეთქვა 18 250 ლარი.

ამასთან, გიგა კობალაძემ თქვა, რომ საგადასახადო შემოწმება შედგა, თუმცა მათ არანაირი ვალდებულებები არ დაუკისრებიათ და 200 000 ლარი არ დაუმალავთ, დევნაც არ არის დაწყებული არც პროკურატურის თუ ფინანსური პოლიციის მიერ.

გიგა კობალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სიუჟეტების მომზადების დროს ის არ იმყოფებოდა საქართველოში; დაადასტურა, რომ სატელეფონო ინტერვიუზე შეუთანხმდა ტელეკომპანიას, რაც არ მოხდა.

საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტებს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მანიპულაციურად არის გაშუქებული და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

წამყვანისა და ჟურნალისტების მხრიდან აქცენტირებულია ვერსია, რომ გიგა კობალაძემ მილიონები მოიპარა, ბიუჯეტს დიდი ოდენობით თანხები დაუმალა, კეთილმოწყობილი ბინა და კომფორტული მანქანა შეიძინა; ამის დამადასტურებლად კი წარმოდგენილი აქვს ორგანიზაციის შიდა აუდიტის დასკვნიდან ამოღებული ამონარიდი, რომელიც აღნიშნულს არ ადასტურებს. [დეტალურად იხილეთ მე-11 პრინციპის დასაბუთებაში].

ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ მასალაში ჟურნალისტი მხოლოდ ფორმალურად ცდილობს ბალანსის დაცვას და ბრალდების საპასუხო პოზიციის მოპოვებას; როგორც სიუჟეტში ჩანს, ის ადგილზე მიდის, სადაც ვერ ახერხებს გიგა კობალაძის ჩაწერას, თუმცა არ ჩანს სხვა მცდელობები, ჰქონდა თუ არა ჟურნალისტს კობალაძესთან და ასოციაციის სხვა წარმომადგენელთან ინფორმაციის გადამოწმებისა თუ კომენტარის ჩაწერის მცდელობა. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადამოწმებულიყო საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებთან თუ მენეჯმენტთან, რაც მასალაში არ ჩანს. მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი, რამაც შესაძლოა პირს/ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

დადასტურდა, რომ განმცხადებლებს ჟურნალისტისთვის/მედიასაშუალებისთვის შესწორების მოთხოვნით არ მიუმართავთ, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

განმცხადებლებმა მედიასაშუალებას მიმართეს 30 აგვისტოს და წარმოადგინეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ქარტიის საბჭოს სხდომამდე შესწორების მოთხოვნაზე ინფორმაცია მედიასაშუალებისთვის არ იყო ცნობილი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლების თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა გიგა კობალაძის და საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას. მათი თქმით, მედიასაშუალება მათზე მადისკრედიტირებელ ინფორმაციას კამპანიურად აშუქებს.

მეთერთმეტე პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა, როცა ობიექტური გარემოებები იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და ინფორმაცია მაინც არაზუსტად გაავრცელა.

სადავო მასალებში ჩანს, რომ ჟურნალისტს აქვს წვდომა აუდიტის დასკვნაზე [წარმოადგენს მის ე.წ. სქრინებს], შესაბამისად, აღნიშნული საბჭოს არწმუნებს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა დოკუმენტი, იცოდა რა იყო სწორი ინფორმაცია, თუმცა მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

დასკვნა, რომელიც ჟურნალისტს აქვს გამოყენებული, გიგა კობალაძემ გააცნო საბჭოსაც. დოკუმენტში მითითებულია, რომ ბოლო წლებში ასოციაცია მუშაობს ზარალზე, თუმცა მომავალში მოსალოდნელია შემოსავლების საგრძნობი ზრდა. გრაფაში “სავაჭრო და სხვა სახის ვალდებულებები”, ნამდვილად არის ნახსენები დაახლოებით 14 მილიონი ლარი. ჩანს ისიც, რომ ეს თანხა წლებთან ერთად იზრდებოდა, მაგალითად, 2019 წელს დაახლოებით 9 მილიონი იყო. დოკუმენტის მიხედვით, “ვალდებულებების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს ასოციაციის წევრ ორგანიზაციებთან და ავტორებთან გადასარიცხი ჰონორარის ვალდებულება”. დოკუმენტში არ იკვეთება, რომ “საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარეს [გიგა კობალაძე] ავტორების და შემსრულებლების ვალი აქვს დაახლოებით 14 მილიონი” ან რომ “გიგა კობალაძემ და მისმა ორგანიზაციამ ავტორების კუთვნილი 14 მილიონი მიითვისა”.

ეს ინფორმაცია არ დასტურდება არც საქპატენტის დაკვეთით ჩატარებულ აუდიტში, რომლის დოკუმენტი საბჭოს გიგა კობალაძემ ასევე წარმოუდგინა.

რაც შეეხება ბრალდებას კეთილმოწყობილი ბინის შეძენის შესახებ, აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ბოლოს ორგანიზაციამ შეიძინა საოფისე ფართი ბათუმში, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2023 წლის 30 აპრილს და ამ ოფისმა უნდა დაფაროს მთლიანად დასავლეთ საქართველო, ასევე, იგეგმება რეგიონული წარმომადგენლების დამატებაც. ჟურნალისტს მასალაში ამ ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც საჯაროა და რომელსაც გაეცნო ეთიკის ქარტიის საბჭოც. დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ ფართის მესაკუთრე საავტორო უფლებათა ასოციაციაა და არა გიგა კობალაძე. შესაბამისად, ჟურნალისტს ხელი მიუწვდებოდა ამ დოკუმენტზე, თუმცა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბინა კობალაძემ შეიძინა.

გარდა ამისა, საქპატენტის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ ის ავტომობილი, რომელზეც ჟურნალისტი ამბობს, რომ გიგა კობალაძემ “ხელოვანების კუთვნილი ჰონორარით” შეიძინა და რომელიც კადრებშიც ჩანს, სანომრე ნიშნის ჩათვლით, ასოციაციის სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალშია. მედია პროდუქტში ცხადად იკვეთება, რომ საქპატენტის დაკვეთილ აუდიტზე ჟურნალისტს ხელი მიუწვდება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. საბა ხვიჩიამ, ირაკლი ჩიხლაძემ და ტელეკომპანია იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. საბა ხვიჩიას, ირაკლი ჩიხლაძეს და ტელეკომპანია იმედის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა1

სადავო მასალა2

Related Articles

Articles Not Nound!