გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე სალომე უერთაშვილის და იზი ბურნაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია, გიგა კობალაძე;
მოპასუხე : სალომე უერთაშვილი, იზი ბურნაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;

17 აგვისტო,  2023 წელი

საქმე N – 679, 680

საბჭოს თავმჯდომარე: ხატია ღოღობერიძე

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, თათია ხალიანი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, მაია წიკლაური, გულო კოხოძე 

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ და გიგა კობალაძემ, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ 2023 წლის 3 ივნისს მედიასაშუალება „რუსთავი 2”-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი იზი ბურნაძე და ჟურნალისტი სალომე უერთაშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდნენ განმცხადებლები, ხოლო მოპასუხეებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

პირველი სადავო მასალის სათაურია - „გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის - საჯარო რეესტრმა დოკუმენტი შესაბამის ბაზაში უკვე აიტვირთა".

მასალაში წამყვანი ამბობს:

„"კურიერის" ექსკლუზივი - გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის. საჯარო რეესტრმა მას უარი საბოლოოდ უთხრა. დოკუმენტი შესაბამის ბაზაში უკვე აიტვირთა. ასევე, უკვე საჯაროა შიდა აუდიტის დასკვნაც.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კობალაძემ ავტორებს 14 მილიონ ლარზე მეტი მოპარა. საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ კომპანიაში შიდა აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაერთი უზუსტობა და ფინანსური დარღვევაა გამოვლენილი.

იქამდე კი, თანამდებობა დატოვა საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ. მისი გადადგომა სავარაუდოდ სწორედ ბოლოდროინდელ კორუფციულ სკანდალს და აუდიტის დასკვნას უკავშირდება, რომელშიც სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი".

ჟურნალისტი ამბობს:

„კურიერისთვის ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ საავტორო უფლებათა ასოციაციაში ჩატარდა კრება, სადაც ხდებოდა თავმჯდომარის ხელახლა არჩევა. მოხდა გიგა კობალაძის არჩევა, თუმცა ეს ყველაფერი იუსტიციის სამინისტრომ, საუბარია სხდომის ოქმზე, დაახარვეზა და არ მიიღო. შესაბამისად, მისცა საავტორო უფლებათა ასოციაციას ვადა, რომ დოკუმენტები სწორად აეტვირთათ საჯარო რეესტრის ოფიციალურ გვერდზე, თუმცა ვერ მოხდა დოკუმენტების სწორად ატვირთვა. შესაბამისად, გამოდის, რომ გიგა კობალაძე ამ დროისთვის არ იკავებს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. ეს არის ოფიციალური დოკუმენტები, რომელიც საჯარო რეესტრის ვებ-გვერზე უკვე ატვირთულია".

„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საავტორო უფლებათა ასოციაციის მიმართ არაერთი ბრალდება ისმის. ისიც ცნობილია, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციაში საქპატენტმა ჩაატარა აუდიტორული შემოწმება და ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თავად საავტორო უფლებათა ასოციაციის დაკვეთითაც ჩატარდა შიდა აუდიტორული დასკვნა, ეს ერთ-ერთმა კომპანიამ ჩაატარა. საქპატენტში გვეუბნებიან, რომ მათ არაერთხელ მიმართეს გიგა კობალაძეს, რომ მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რომელიც გამოკვეთა შიდა აუდიტმა, თუმცა დოკუმენტების გადაგზავნა გიგა კობალაძისთვის არ მომხდარა".

მეორე სადავო მასალის სათაურია - „კორუფციული სკანდალი, 14 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი საავტორო უფლებათა ასოციაცია - რა დეტალები გაარკვია "კურიერმა" აუდიტის სკანდალური დასკვნის შესახებ".

ამ მასალაშიც შინაარსობრივად იგივე ბრალდებები გაჟღერებული, რაც პირველში, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ესაუბრებიან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებსაც, რომლებიც გიგა კობალაძეს აკრიტიკებენ.

განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ მასალებში გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და მასში ფაქტები დამახინჯებულად არის ნაჩვენები. განმცხადებლების თქმით, მასალებში ისეთი ბრალდებებია გაჟღერებული, რომელიც არცერთ წყაროს არ ეყრდნობა და ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.

გიგა კობალაძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ იგი აღარ ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას. მან აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრი მისი ხელმძღვანელობის საკითხს ვერ გადაწყვეტდა. განმცხადებლის განმარტებით, რეესტრმა წარმოება შეწყვიტა ასოციაციის ერთ-ერთ განცხადებაზე, ამჯერად კი დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ ხარვეზის გამოსწორებაზე პასუხს ელოდნენ.

განმცხადებელმა თქვა, რომ ასოციაციის დაკვეთით შიდა აუდიტის მიერ ჩატარებულ დასკვნაში ნახსენებია 14 მილიონი, როგორც ასოციაციის მიერ ძველი მენეჯმენტიდან მოყოლებული საგადასახადო ორგანოებში დეკლარირებული ასოციაციის ხარჯის აკუმულირებული ჯამი და არსად წერია, რომ კობალაძემ 14 მილიონი მოიპარა.

საბჭო აღნიშნულ მედიაპროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად - უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

საბჭო აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მანიპულაციურად არის გაშუქებული და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

წამყვანისა და ჟურნალისტების მხრიდან აქცენტირებულია ვერსია, რომ გიგა კობალაძემ მილიონები მოიპარა და ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის; ამის დამადასტურებლად კი წარმოდგენილი აქვს აუდიტის დასკვნიდან ამოღებული ამონარიდი, რომელიც აღნიშნულს არ ადასტურებს, ასევე, საჯარო რეესტრის დოკუმენტი, რომელიც ასევე არ ადასტურებს იმას, რომ კობალაძე ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის.

ამასთან, საბჭო მიიჩნევს, რომ მასალაში ჟურნალისტი მხოლოდ ფორმალურად ცდილობს ბალანსის დაცვას და ბრალდების საპასუხო პოზიციის მოპოვებას; როგორც სიუჟეტში ჩანს, ის ადგილზე მიდის, სადაც ვერ ახერხებს გიგა კობალაძის ჩაწერას და ამბობს, რომ სატელეფონო ზარითაც ცდილობდა დაჰკავშირებოდა. თუმცა არ ჩანს, ჰქონდა თუ არა მას მცდელობა, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა სხვა წყაროებთან, მაგალითად, საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრებთან თუ მენეჯმენტთან. მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვა არ არის საკმარისი იმ ვითარებაში, როდესაც პირისთვის წაყენებულ ბრალდებას აუდიტორიისთვის საჯაროს ხდი, რამაც შესაძლოა პირს/ორგანიზაციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით, „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

დადასტურდა, რომ განმცხადებლებს ჟურნალისტისთვის/მედიასაშუალებისთვის შესწორების მოთხოვნით არ მიუმართავთ, შესაბამისად, არ არის წინაპირობა, რომ საბჭომ იმსჯელოს მე-5 პრინციპის დარღვევაზე.

განმცხადებლებმა მედიასაშუალებას მიმართეს 30 აგვისტოს და წარმოადგინეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა ქარტიის საბჭოს სხდომამდე შესწორების მოთხოვნაზე ინფორმაცია მედიასაშუალებისთვის არ იყო ცნობილი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებლების თქმით, ჟურნალისტმა ფაქტი განზრახ დაამახინჯა, რაც მიზნად ისახავდა გიგა კობალაძის და საავტორო უფლებათა ასოციაციის დისკრედიტაციას.

მეთერთმეტე პრინციპის დარღვევის ერთ-ერთი წინაპირობაა, როცა ობიექტური გარემოებები იძლევიან დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

სადავო მასალებში ჩანს, რომ ჟურნალისტს აქვს წვდომა აუდიტის დასკვნაზე [წარმოადგენს მის ე.წ. სქრინებს], შესაბამისად, აღნიშნული საბჭოს არწმუნებს, რომ ჟურნალისტს ჰქონდა დოკუმენტი, იცოდა რა იყო სწორი ინფორმაცია, თუმცა მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

რაც შეეხება საჯარო რეესტრს, რომლის დოკუმენტებზე წვდომა ჟურნალისტს ასევე აქვს და ეს სადავო პროდუქტითაც დასტურდება, საბჭო გაეცნო საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ატვირთულ მასალებს, მათ შორის, იმას, რომელსაც იყენებს ჟურნალისტი. დოკუმენტებში ჩანს, რომ გაიმართა საერთო კრება, სადაც წევრებმა რამდენიმე ცვლილების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. მათ შორის, შეიცვალა ორგანიზაციის წესდება, საბჭოს დებულება, აირჩიეს გამგეობისა და საბჭოს წევრები. კრების მდივანს დაევალა, რომ რეგისტრაციისთვის მიმართოს საჯარო რეესტრს. გამგეობის არჩეულ წევრებს შორის ნამდვილად წერია გიგა კობალაძე, რომელიც აირჩიეს გამგეობის თავმჯდომარედაც, თუმცა აღსანიშნავია, რომ კობალაძე იმავე პოზიციებზე იყო, მაგალითად, 2020 წლის დოკუმენტებითაც. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მიერ არ არის დაფიქსირებული, რომ ხარვეზის საფუძველი გიგა კობალაძის რეგისტრაციაა და დოკუმენტებში არც ის იკვეთება, რომ “გიგა კობალაძე საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღარ არის “.

 

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სალომე უერთაშვილმა და იზი ბურნაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
  2. სალომე უერთაშვილს და იზი ბურნაძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-5 პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა1

სადავო მასალა2

Related Articles

Articles Not Nound!