გადაწყვეტილება საქმეზე - ნინო ჯაფარიძე ქეთი მამრიკიშვილის, მეგი ნარსავიძის, ნათია სონღულაშვილის, ნათია ლაზაშვილის, დავით კაკულიას და შოთა ფალავანდიშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 11 პრინციპი;
განმცხადებელი : ნინო ჯაფარიძე;
მოპასუხე : ქეთი მამრიკიშვილი, მეგი ნარსავიძე, ნათია სონღულაშვილი, ნათია ლაზაშვილი, დავით კაკულია, შოთა ფალავანდიშვილი;

9 თებერვალი,  2024 წელი

საქმე N – 714,715,716

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ხატია ღოღობერიძე, მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ამერიკული კომპანია „ედისონ რისერჩის" მთავარმა მრჩეველმა, ნინო ჯაფარიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2023 წლის 13 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის”, „POSTV”-ის და „რუსთავი 2-”-ის ეთერში დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ ქეთი მამრიკიშვილი, მეგი ნარსავიძე, ნათია სონღულაშვილი, ნათია ლაზაშვილი, დავით კაკულია და შოთა ფალავანდიშვილი.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, „POSTV”-ს წარმომადგენელმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა, ხოლო „იმედისა” და „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ და შეპასუხება არც წერილობით წარმოუდგენიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის 1-ელი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

ტელეკომპანია „POSTV”-ის ეთერში გასული მასალის სათაურია - „მანიპულაცია „ედისონ რისერჩის” კვლევაში”.

მასალაში ჟურნალისტი ქეთი მამრიკიშვილი ამბობს:

„მანიპულაცია ედისონ რისერჩის კვლევაში - პარტიების რეიტინგში დაშვებული შეცდომა თუ რეალობის მოდელირების მორიგი მცდელობა. ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მომზადებულ კვლევაში დაშვებული შეცდომა პოლიტიკური განხილვის თემაა. ორგანიზაციამ მოსახლეობის პოლიტიკური განწყობები შეისწავლა, თუმცა პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102, რედაქტირებულ ვერსიაში კი 101% გამოვიდა. როგორ აღმოჩნდა პარტიების ჯამური რეიტინგი 100%-ზე მაღალი - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს ოპოზიციას, თუმცა მიუხედავად ამისა, მათი ნაწილი ედისონ რისერჩის კვლევას ენდობა. ოპონენტებისგან განსხვავებით, ორგანიზაციის კვლევას არ ენდობა მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში ედისონ რისერჩის მიერ კალკულაციის დროს ორჯერ დაშვებულ შეცდომას მიზანმიმართულ ქმედებას უწოდებენ. მათი თქმით, ეს მანიპულაცია ადასტურებს დავით კეზერაშვილისა და რადიკალური ოპოზიციის მიზნებს საზოგადოებაში არასწორი განწყობა დანერგონ, თითქოს ოპოზიციას იმაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე რეალურად”.

ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გასული მასალის სათაურია - „უზუსტობა Edison Research-ის კვლევაში”.

საინფორმაციოს წამყვანი, ნათია სონღულაშვილი ამბობს:

„მანიპულაცია რიცხვებით - ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ ედისონ რისერჩის კვლევაში პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, გასწორების შემდეგ კი 101% გახდა. ტელეკომპანიის მათემატიკურ აბსურდზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები, რომელსაც მეგი ნარსავიძე გაგვაცნობს”;

ჟურნალისტი მეგი ნარსავიძე კი ამბობს:

„როგორც ირკვევა, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი იმედებს ამყარებენ კვლევაზე, რომელიც ელემენტარულ არითმეტიკულ წესებს ვერ პასუხობს. ტექნიკურ შეცდომად აფასებენ იმ ფაქტს, რომ კვლევის ავტორებმა ჯერ 100%-ის ნაცვლად პარტიებს 102% გაუნაწილეს, ხოლო შემდეგ შესწორება სცადეს და 101% გამოიყვანეს. ამბობენ, რომ აქ მნიშვნელოვანი ის გარემოებაა, რომ ოპოზიციას ჯამში უფრო მეტი პროცენტი აქვს კვლევის მიხედვით, ვიდრე ქართულ ოცნებას, თუმცა ირკვევა ისიც, რომ მათემატიკურ კანონზომიერებას გაცდენილი კვლევა არ არის სანდო ოპოზიციის ნაწილისთვის.

[…] მათემატიკური უხერხულობა, რომელიც ედისონ რისერჩის გამოქვეყნების შემდეგ შეიქმნა, არ გაკვირვებიათ მმართველ პარტიაში. ამბობენ, რომ ეს კვლევა ერთი ადამიანის კაბინეტში დაიწერა და მათი მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. აქვე აცხადებენ, რომ კონკრეტული ოპოზიციონერები იმდენად უპასუხისმგებლოები არიან, რომ პროცენტებიც ვერ დასვეს სწორად”.

ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში გასული მასალის სათაურია - „ედისონ რისერჩის არითმეტიკა”.

საინფორმაციოს წამყვანი, ნათია ლაზაშვილი ამბობს:

„კეზერაშვილის არითმეტიკამ ედისონ რისერჩს, რომელსაც ზუსტი სოციოლოგიური კვლევის ამბიცია აქვს, სერიოზული ჩრდილი მიაყენა. ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ვერ დათვალა ან არ დათვალა. მის ბოლო კვლევაში საქართველოში არსებული ყველა პარტიის რეიტინგი ჯამში ჯერ 102% იყო, შეცდომის გამოსწორების შემდეგ კი 101% გახდა”.

საინფორმაციოს კიდევ ერთი წამყვანი, დავით კაკულია ამბობს:

„ნაციონალური მოძრაობა, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი ედისონ რისერჩის რეიტინგებს მაინც ენდობიან. მათთვის საერთაშორისო ორგანიზაციის ცდომილება მხოლოდ ბუღალტრული შეცდომაა. ალეკო ელისაშვილისთვის კი სწორედ ეს არის დავით კეზერაშვილის ბუღალტერია. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ედისონ რისერჩის კვლევის შედეგები ყოფილი თავდაცვის მინისტრის კაბინეტში დაიწერა”.

ჟურნალისტი შოთა ფალავანდიშვილი სიუჟეტში ამბობს:

„მმართველი პარტია ედისონ რისერჩის კვლევაზე საუბრობს, სადაც პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102, რედაქტირების შემდეგ კი 101% გამოვიდა. ქართული ოცნებისთვის არითმეტიკული ლაფსუსი უბრალო შეცდომაზე გაცილებით მეტია. პოლიტიკოსების თქმით, მსგავსი რეიტინგები დამკვეთის, ამ შემთხვევაში, დავით კეზერაშვილის კაბინეტში იწერება, მიზანი კი არჩევნებამდე მოსახლეობაში არასწორი მოლოდინების გაჩენაა”.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია. მისი თქმით, სიუჟეტების მიზანია კვლევის და ზოგადად, კვლევითი ორგანიზაციის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება, რომელიც შემდეგ პოლიტიკოსთა შეფასებებით არის შეჯამებული. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიები ეჭვქვეშ აყენებენ კვლევის სანდოობას მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კვლევის ჯამი 100%-ს აღემატება. მისი განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სოციოლოგიური კვლევის ჩატარების დროს აპრობირებულ პრაქტიკას და გულისხმობს ციფრების მთელ რიცხვებამდე დამრგვალებას, რაც 2023 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილშიც განმარტა და დაადასტურა.

განმცხადებელმა დაადასტურა, რომ კვლევაში ტექნიკური შეცდომა ნამდვილად იყო, თუმცა ის იმ დღესვე გასწორდა, მედიასაშუალებებმა კი ეს თემა მანიპულაციურად გააშუქეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

განმცხადებლის თქმით, „ედისონ რისერჩს” და ტელეკომპანია „ფორმულასაც” დამატებით არავინ დაჰკავშირებია, რათა მოეკვლია მათი პოზიცია. სიუჟეტში მრავლადაა კომენტარები/შეფასებები საკითხის ირგვლივ, თუმცა, როგორც განმცხადებელი აღნიშნავს, მედიის მხრიდან არ ყოფილა არანაირი მცდელობა, რომ მოეპოვებინა ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარი.

საბჭო ჟურნალისტურ პროდუქტს აანალიზებს აუდიტორიის პოზიციიდან და ცდილობს დაადგინოს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭო სწორედ იმ ძალისხმევას აფასებს, რაც ჟურნალისტმა გასწია ინფორმაციის გადასამოწმებლად.

გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. მასალაში არ ჩანს „ედისონ რისერჩის" ან ტელეკომპანია „ფორმულას" პოზიცია.

მასალა მანიპულაციურია, რადგან თავად ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ კვლევაში ტექნიკური შეცდომა უკვე გასწორებულია, თუმცა ჯამი 101%-ის ახსნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობა მათ არ ჰქონიათ.

როდესაც ჟურნალისტი მასალაში გამოთქვამს ბრალდებებს [„მანიპულაცია ედისონ რისერჩის კვლევაში - პარტიების რეიტინგში დაშვებული შეცდომა თუ რეალობის მოდელირების მორიგი მცდელობა"; „მათემატიკური უხერხულობა, რომელიც ედისონ რისერჩის გამოქვეყნების შემდეგ შეიქმნა არ გაკვირვებიათ მმართველ პარტიაში, ამბობენ, ეს კვლევა ერთი ადამიანის კაბინეტში დაიწერა და მათი მიზანი არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა"; „ქართული ოცნებისთვის არითმეტიკული ლაფსუსი უბრალო შეცდომაზე გაცილებით მეტია"], აუცილებელია, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ყველა ღონე იხმაროს ინფორმაციის გადასამოწმებლად და აუდიტორიისთვის სრული სურათის მისაწოდებლად.

შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვიეს.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მედიასაშუალებებმა ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად განზრახ გაავრცელეს, ისინი ცდილობდნენ მიზანმიმართულად შეეყვანათ აუდიტორია შეცდომაში, რის მთავარ მიზანს „ედისონ რისერჩის" და ტელეკომპანია „ფორმულას" დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

განმცხადებლის თქმით, გასათვალისწინებელია, რომ მასალები თითქმის იდენტურია და ამაში ჩანს ჟურნალისტების განზრახულობა.

ქარტიის მეთერთმეტე პრინციპი დარღვეულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ:

1. ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რა იყო სწორი ინფორმაცია და, მიუხედავად ამისა, მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა;

2. ობიექტური გარემოებები იძლეოდნენ დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ნამდვილი ფაქტი და მაინც არაზუსტად გაავრცელა;

3. მედიასაშუალებების მიერ ამ თემაზე არასწორი ინფორმაციების გავრცელება ატარებს კამპანიურ და განგრძობად ხასიათს.

საბჭომ სადავო მასალებში ჟურნალისტების განზრახულობა დაინახა, რომ ისინი ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ. საბჭოს პოზიციით, მასალებში, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიებში მომზადდა, ერთი და იგივე ნარატივი და შინაარსია და ჩანს, რომ ჟურნალისტებისგან გამიზნულად არცერთს არ მოუკვლევია „ედისონ რისერჩის" პოზიცია. მასალებშიც ჩანს, რომ ჟურნალისტებს ჰქონდათ ინფორმაცია ტექნიკური შეცდომის შესახებ, რადგან თავადვე აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად პროცენტი იყო 102, ხოლო შემდეგ 101, თუმცა მიზანმიმართულად მიიჩნიეს, რომ კვლევითმა ორგანიზაციამ „ვერ დათვალა და არ დათვალა” შედეგები,  „რეალობის მოდელირების მორიგი მცდელობა” და „მათემატიკური აბსურდი” მოხდა და ა.შ.

მასალებში ჩანს, რომ ჟურნალისტებს აქვთ წინასწარი განწყობები თემის მიმართ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევაზე ჟურნალისტებმა მასალები მოამზადეს კვლევის გამოქვეყნებიდან 3 დღის შემდეგ, ორშაბათს.

აქედან გამომდინარე, საბჭომ სადავო მასალებში მე-11 პრინციპი დარღვეულად მიიჩნია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. ქეთი მამრიკიშვილმა, მეგი ნარსავიძემ, ნათია სონღულაშვილმა, ნათია ლაზაშვილმა, დავით კაკულიამ და შოთა ფალავანდიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.

სადავო მასალა1

სადავო მასალა2

სადავო მასალა3

განცხადება1

განცხადება2

განცხადება3

შეპასუხება - POSTV

 

Related Articles

Articles Not Nound!