გადაწყვეტილება საქმეზე - ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 7 პრინციპი;
განმცხადებელი : ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო;
მოპასუხე : გიორგი აბაზაძე;

9 მარტი,  2024 წელი

საქმე N – 728

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია ღოღობერიძე, ნინო კაპანაძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო”, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2024 წლის 27 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა +” დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა გიორგი აბაზაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობითი შეპასუხება წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მასალა იყო დისკრიმინაციული და დამაზიანებელი.   მისი პოზიციით, სიუჟეტის სათაური, „ლგბტ პროპაგანდა” არაეთიკური და პრობლემურია, რადგან “ლგბტ პროპაგანდა” არ არსებობს და ვერ იარსებებს, გამომდინარე იქიდან, რომ სექსუალური ორიენტაცია არა არჩევანი, არამედ მოცემულობაა. განმცხადებლის თქმით, აღნიშნული სიტყვათშეთანხმება პუტინის რუსეთში 2013 წელს მიღებული ჰომოფობიური კანონის მემკვიდრეობაა და მისი გამოყენების მიზანი ქვიარ თემის, როგორც ერთ-ერთი მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფის, კიდევ უფრო მარგინალიზება და ჩაგვრის გაღრმავებაა, რაც წაახალისებს დისკრიმინაციასა და ძალადობას.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ არასწორი ტერმინოლოგიითა და მანიპულაციური ინფორმაციის გაშუქებით ხელი შეეწყო ლგბტქი+ თემის დისკრიმინაციას. ამასთან, განმცხადებლის თქმით, სიუჟეტი ასევე მოიცავს მადისკრედიტებელ კომენტარებსა და რეპლიკებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი. მსგავსი სახით საკითხის გაშუქებამ გამოიწვია დისკრიმინაციის გაძლიერება და ხელი შეუწყო სტიგმის გაძლიერებას ქვიარ თემის მიმართ.

ლგბტქი+ ადამიანები ხშირად არიან დისკრიმინაციის სამიზნეები, მათ შორის, ოჯახში, დასაქმების ადგილას, სასწავლო დაწესებულებებში და ა.შ. მათ უწევთ გამკლავება ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან წამოსულ აგრესიასთან, პოლიტიკურ ჰომოფობიასთან და უთანასწორობასთან.

საბჭო აღნიშნავს, რომ მასალაში ჩანს ანტიდასავლური და პრორუსული განწყობები. ე.წ. „ლგბტ პროპაგანდა" არ არსებობს. საქართველოში ამ ტერმინოლოგიას ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები იყენებენ, ამასთან, ამას ემატება მმართველი გუნდის წევრების ნაწილის ჰომოფობიური განცხადებები, რაც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია, ვინაიდან მათ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელშიც ჰომოფობიური განწყობები ისედაც ძლიერია.

ჰომოფობიური განწყობების ხელშეწყობის ნაცვლად, მედიამ უნდა იმუშაოს ცნობიერების და განათლების დონის ამაღლებაზე ლგბტქი+ საკითხების მიმართ, ასევე, შევიწროების და დისკრიმინაციის შესახებ, რომელსაც ქვიარ თემი განიცდის.

გარდა ამისა, ჟურნალისტი და რესპონდენტები იყენებენ არასწორ ტერმინებს [„ლუგუბუტუქუ”, „ელგებეტე”]. საბჭო აღნიშნავს, რომ ჟურნალისტურ მასალაში აუცილებელია გამოყენებული იყოს სწორი ტერმინები და ჟურნალისტმა სათანადო ძალისხმევა უნდა გასწიოს სწორი ტერმინების მოძიებაში.

მედიამ უნდა გამოიყენოს ისეთი ლექსიკა და ტერმინოლოგია, რომელიც ხელს არ შეუწყობს სტერეოტიპული ფორმულირებების გავრცელებას და წაახალისებს ტოლერანტული კულტურის დამკვიდრებას.

ქარტიის სახელმძღვანელო წესებში „სახელმძღვანელო მითითებები და თვითრეგულირების სტანდარტები გენდერის, გენდერული ნიშნით ძალადობისა და ლგბტქი საკითხებზე სენსიტიური და ეთიკური გაშუქების შესახებ", მოცემულია ინფორმაცია სწორი ტერმინოლოგიის შესახებ, რომელიც ჟურნალისტებს თავიდან ააცილებს სტერეოტიპული ფორმულირებების გავრცელებას და ხელს შეუწყობს ტოლერანტული კულტურის დამკვიდრებას.

ლგბტქი+ აკრონიმი - გამოიყენება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი და ინტერსექსი ადამიანების მიმართ. გამოიყენებენ შედარებით მოკლე აბრევიატურებსაც: ლგბტ, ლგბტ+

ჟურნალისტი ვალდებულია, ერკვეოდეს, რას ნიშნავს დისკრიმინაცია და დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა და არატოლერანტული გამონათქვამები. მედიას არადისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

როგორც საბჭომ თავის პრაქტიკაში აღნიშნა, მედია შესაძლოა მარტივად გახდეს სტერეოტიპების გაღრმავების ხელისშემწყობი, თუკი თითოეულ შემთხვევას სიფრთხილით არ მოეკიდება და არ იფიქრებს გაშუქების კუთხესა თუ ტერმინოლოგიაზე. მედიასაშუალებები უნდა ცდილობდნენ, არ წაახალისონ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბება. მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, არამედ საინფორმაციო ქმედებებით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული ირაციონალური შიშებისა და ზიზღის წინააღმდეგ ბრძოლას.  

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. გიორგი აბაზაძემ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.

 

Related Articles

Articles Not Nound!